[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის შემცირების ინიციატივას

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტის წევრების მანანა კობახიძის, დავით საგანელიძის, გედევან ფოფხაძის, ზვიად კვაჭანტირაძის და პაატა კიკნაველიძის საკანონმდებლო ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების თანახმად, უქმდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის 31 ნაწილი. შესაბამისად კანონის მიღების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლოები აღარ განიხილავენ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირის სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და აგრეთვე იმ პირთა საქმეებს, რომელთაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაზე აღნიშნულ პირთან ერთად.

აღნიშნული ინიციატივის შეფასებისას რამდენიმე პრობლემა იკვეთება:

ხდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიზანმიმართული ეტაპობრივი დაკნინება

საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება დადებითად შეფასდა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ. თუმცა მისი სრული ამოქმედება ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. მეტიც, ჯერ ამ ინსტიტუტის სრულად ამოქმედება გადაავადა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით (საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 18 სექტემბერს მიიღო კანონი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრული ამოქმედება 2014 წლიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადადო), რითაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენა ის ადამიანები, რომელთა საქმეები თბილისსა და ქუთაისში არ იხილება. აღნიშნული ცვლილებითაც კვლავ ხდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების არეალის შემცირება.

გადაუმოწმებელი სტატისტიკის მოყვანა კანონპროექტის დასაბუთებაში

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზად დასახელებულია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის პრაქტიკული პრობლემები, საქმის გაჭიანურება და ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეების დიდი რაოდენობა. თუმცა, კანონპროექტის ავტორებს კონკრეტული მონაცემები არ დაუსახელებიათ. ასევე არ ყოფილა განმარტებული ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პრაქტიკული სირთულე როგორ არის დაძლეული იმ საქმეებისთვის, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არ მონაწილეობენ. თუ ეს პრობლემა ამ საქმეებისთვისაც რელევანტურია, მაშინ კიდევ უფრო გაუგებარია, პარლამენტის წევრთა ინიციატივა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს რატომ მიემართება.

ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის ინიციატორთა დასაბუთება და საქმეების რაოდენობის ზრდის არგუმენტად საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების დასახელება გაუმართლებელია, ვინაიდან არ არსებობს სტატისტიკური მონაცემი, რომლითაც დასტურდება ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველი საქმეების რაოდენობის ზრდა თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეების ხარჯზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჯერ არც ერთი თანამდებობის პირის საქმე არ განუხილავს. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით ვერ მოგვარდება განსახილველი საქმეების დიდი რაოდენობის პრობლემა და ვერც ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემა. გაუმართლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ იმ გადაწყვეტილებაზე აპელირება, რომელშიც ხაზგასმული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობა.

გაუმართლებელი არგუმენტები ნაფიცი მსაჯულების ამოქმედებისთვის საჭირო ფინანსური რესურსებთან დაკავშირებით

საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიონობით ლარია გამოყოფილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ 2014 წლის კანონის თანახმად 8 800 000 ლარი იყო გამოყოფილი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელებისათვის, მათ შორის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის რეფორმისათვის. ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის კანონის თანახმად 9 000 000 ლარია გამოყოფილი (პროგრამული კოდი 26 01). მიუხედავად ამისა ორზე მეტი წლის განმავლობაში ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის სრულად ამოქმედება ვერ მოხერხდა და პარლამენტიც როგორც ჩანს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეფექტურად არ აკონტროლებს სასამართლო სისტემის, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივად და ეფექტურად ხარჯვას.

პარლამენტის არათანმიმდევრული მიდგომა ერთი და იმავე ნორმების მიმართ

აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე ნორმის ცვლილების დასაბუთება პარლამენტის მიერ განსხვავებული იყო 2013 და 2015 წელს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელდა 2013 წლის 18 იანვარს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. განმარტებითი ბარათის თანახმად კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენდა „საზოგადოების მაღალი ინტერესი გახმაურებული საქმეების და მათ საფუძველზე გამოსატანი სასამართლო განაჩენების მიმართ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება და საზოგადოების მეტი ჩართულობა გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის გამოტანაში“.

იმ ფონზე, როდესაც არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაძლიერებულა და არც საზოგადების მაღალი ინტერესი განელებულა გახმაურებული საქმეების და მათ საფუძველზე გამოსატანი სასამართლო განაჩენების მიმართ, გაურკვეველია პარლამენტის ის წევრები, რომელთაც 2013 წელს ხმა მისცეს აღნიშნულ ცვლილებას, დღეს რატომ ახდენენ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც კრძალავს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობას და შესაბამისად საზოგადოების მეტ ჩართულობას თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ჰქონდეთ პრობლემებისა და ცვლილებების სისტემური ხედვა და მათ მიერ მომზადებული ინიციატივები არ იყოს მორგებული კონკრეტულ სიტუაციასა და გარემოებებს, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ქონოდა ადგილი.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს წარმოადგინონ დამატებითი დასაბუთება და ინფორმაცია შემოთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ნაფიც მსაჯულთა მანდატთან დაკავშირებული დისკუსია კი სისტემური მსჯელობის ფარგლებში მოაქციონ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის შემცირების საკითხი არ უნდა წყდებოდეს პოლიტიკური მოტივების თუ იურიდიული გემოვნების მიხედვით, რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“