[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

კამპანია „ეს შენ გეხება“ კანონპროექტების ინიცირების გაჭიანურებას ეხმაურება

ეს შენ გეხება

კამპანია “ეს შენ გეხება” საჭიროდ თვლის გამოეხმაუროს ფარული მოსმენა-მიყურადების რეფორმის საკითხზე მომზადებული კანონპროექტების ინიცირების საკითხს. პირველ რიგში, გვსურს დაინტერესებულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ რა პრინციპით შეარჩია კამპანიამ მის მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირების ფორმა და სტრატეგია.

როგორც ცნობილია, კანონპროექტის მომზადებას საფუძვლად ედო კამპანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი ორგანიზაციების სარჩელის დაკმაყოფილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ფარული თვალთვალის/მიყურადების არსებული სისტემა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 31 მარტამდე უნდა შეიცვალოს მოქმედი სისტემა, რაც შესაბამისად გულისხმობს, როგორც კანონმდებლობის ცვლილებას ასევე ახალი მატერიალურ/პროგრამული სისტემის ამოქმედებას. კამპანია „ეს შენ გეხებაში“ მონაწილე ორგანიზაციებმა, იმ მიზნით, რომ დროულად მოესწროს ახალი სისტემის ამოქმედება, საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიმუშავეს კანონპროექტი. კანონპროექტის მომზადების პარალელურად კამპანია აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა არაერთ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლის ფარლებშიც მათ შორის განხილული იყო კანონპროექტების ინიცირების შესაძლებლობები. აღნიშნული კონსულტაციების შედეგად, კამპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროქტების ინიცირება გაეკეთებინა ორ ინდივიდუალურ დეპუტატს ვახტანგ ხმალაძეს და შალვა შავგულიძეს, რომლებიც მათი წინა საქმიანობიდან გამომდინარე თავისთავად ასოცირდებოდნენ ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხის რეფორმასთან. ამ გადაწყვეტილებით, კამპანიამ ჩათვალა, რომ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან კანონპროექტების ასოცირების თავიდან აცილებით, ამ უაღრესად საპასუხისმგებლო და საჭირო რეფორმას განხორციელების გაცილებით რეალური პერსპექტივა ექნებოდა.

პარლამენტის წევრებმა ვახტანგ ხმალაძემ და შალვა შავგულიძემ მზადყოფნა გამოთქვეს მოეხდინათ კანონპროექტების ინიცირება. 2016 წლის 13 მაისს საბოლოოდ იქნა მიღწეული შეთანხმება პარლამენტის წევრებსა და კამპანია „ეს შენ გეხებას შორის“. თუმცა, კამპანიისთვის განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა კანონპროექტებზე მუშაობის საპარლამენტო ფორმატში გადატანა, მათ შორის, საკმაოდ გართულდა და გაჭიანურდა კანონპროექტების პოტენციურ ინიციატორებთან ინტენსიური სამუშაო რეჟიმის ორგანიზება, მიუხედავად კამპანიის მხრიდან გაწეული არაერთი ძალისხმევისა.

კამპანიისთვის მნიშვნელოვანია დროულად და სრულყოფილად აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს 14 აპრილის გადაწყვეტილება, შესაბამისად, კამპანიის წევრები გასული კვირეების განმავლობაში მუდმივად გამოთქვამდნენ მზადყოფნას დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება გაეწიათ დეპუტატებისთვის, რათა კანონპროექტების დარეგისტრირება გონივრულ ვადებში მომხდარიყო. ამ პირობებში, ჩვენთვის მოულოდნელია ის განცხადება, რაც გუშინ საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების” სახელით გაკეთდა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კანონპროექტების დარეგისრირება ივლისის თვეში განხორციელდება, რაც ვფიქრობთ, რომ არაგონივრული და დაგვიანებულია. პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ გაურკვევლია განცხადების გაკეთება ფრაქციის მიერ, ვინაიდან კანონპროექტის ინიციატორი არა ფრაქცია, არამედ კონკრეტული დეპუტატები უნდა ყოფილიყვნენ. ივლისში კანონპროექტის ინიცირება ნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვას ამ მოწვევის პარლამენტი ვერ დაიწყებს, ხოლო მომდევნო მოწვევის პარლამენტს არ აქვს ვალდებულება კანონპროექტის განხილვა გააგრძელოს.

რაც შეეხება თავად ფარული მოსმენა-მიყურადების სისტემის რეფორმირებას, მოქმედი პარლამენტის პირობებში სამწუხაროდ ნაკლებია ალბათობა, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის უფრო და უფრო მცირე დრო რჩება (2017 წლის 31 მარტამდეა ვადა), ჩვენთვის გაუგებარია ის ინერტულობა რასაც საკითხის მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლება და პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალები იჩენენ. ასევე, სამწუხაროა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად ამ დრომდე ვერ მოხერხდა კამპანიის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

ბოლო პერიოდში, პირადი ცხოვრებით შანტაჟის მძიმე ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს საკითხის სიმწვავესა და სისტემური რეფორმების განხორციელების საჭიროებაზე. ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური სპეკულაციებისა და პოლიტიკური ქულების დაწერის საფუძველი. ასევე მიუღებელია საკანონმდებლო რეფორმების არაგონივრული გაჭიანურება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, კამპანიის მიერ მომზადებული კანონპროექტები პრაქტიკულად არის მოქმედი არაკონსტიტუციური სისტემის ერთადერთი რეალური ალტერნატივა. ამდენად, კამპანია იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი პარლამენტის პირობებში საკითხის განხილვის მიმართ უფრო მეტი ყურადღება და მხარდაჭერა იქნება მობილიზებული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“