საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
8 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქშოუს „პირველი სტუდიის“ ავტორმა და წამყვანმა მასზე და მის მეუღლეზე, ოპოზიციური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის „პირველი სტუდიის“ დახურვასთანდაკავშირებით. 4 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა მიშველაძეს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ საკითხზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ეკა მიშველაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაში კონტექსტს ამძიმებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტთან ერთად, თვალთვალი, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზეც.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებზე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ეჭვი გაჩნდა. 2014 წლის მაისში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აღმოაჩინეს ფარული ვიდეო აპარატურა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ცნობილი ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რაც ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ საქმიანობაზე მიუთითებს.
კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ჟურნალისტის საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება და თუ ადგილი ჰქონდა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებას, დამნაშავეები გამოავლინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისა და ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გამო მოქალაქეების თვალთვალსა და მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე.
სამოქალაქო საზოგადოება გამუდმებით საუბრობს მოქალაქეთა, მათ შორის საჯარო პირების, პირადი ცხოვრების ხელყოფის პრობლემებზე. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სამოქალაქო თავისუფლების დასაცავად 2013 წელს დაიწყო კამპანია „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ.“
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციაში ყოფნის დროს თავადაც გახდნენ მასობრივი მოსმენების დამკვიდრებული სისტემის მსხვერპლნი, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობას მაინც არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა საბჭოური სისტემის ამ მანკიერ დანატოვარზე. საზოგადოების აქტიური პროტესტის მიუხედავად, დღეს სამართალდამცავი ორგანოები კვლავ ინარჩუნებენ ტოტალური მოსმენების განხორციელების შესაძლებლობას.
კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ ადვოკატირებით, 2014 წლის 1 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნადაუმჯობესებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. თუმცა, იმავე წლის ნოემბერში მიღებული კანონით, პარლამენტმა, ფაქტობრივად, დააკანონა სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა მოქალაქეთა პერსონალურ კომუნიკაციაზე. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ამ ცვლილებებს ვეტო დაადო, რამაც პარლამენტს საკითხზე ხელახლა მსჯელობის შესაძლებლობა მისცა. დეპუტატებმა მხარი მეორედაც კანონის იმ ვერსიას დაუჭირეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო მოწონებული. კამპანიაში „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ნორმები მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და მათი გაუქმების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ინსტრუქცია