საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საარჩევნო სუბიექტებმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო სიები ოფიციალურად წარადგინეს. სამწუხაროდ, ქართული ოცნებისა და 4 მსხვილი ოპოზიციური პარტიის სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კატასტროფულად მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი. ქალების წარმომადგენლობა კი უკეთესია ოპოზიციური პარტიების სიებში, თუმცა მკვეთრად დაბალი და უსამართლო “ქართული ოცნების” სიაში. ეს რეალობა დემოკრატიული სახელმწიფოს ლოგიკასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომელიც პოლიტიკურ სისტემას ავალდებულებს ხელი შეუწყობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის სამართლიან რეპრეზენტაციას, ძალაუფლების გადანაწილებასა და ნამდვილ მონაწილეობას.
საქართველოს დღეს არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ სისტემაში არ არსებობს სპეციალური პოზიტიური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფდა ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ადეკვატურ პოლიტიკურ რეპრეზენტაციას და მონაწილეობას.
2024 წლის 4 აპრილს, საპარლამენტო არჩევნების წელს, ხელისუფლებამ გააუქმა 4 წლის წინ მის მიერვე მიღებული სავალდებულო გენდერული კვოტირების წესი, რითაც მოშალა ის ინსტიტუციური გარანტიები, რომლებიც ქვეყანაში გენდერული დემოკრატიისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებობდა. ამ ცვლილების შედეგად, ქალთა პოლიტიკური რეპრეზეტაციისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა პოლიტიკური პარტიების კეთილ ნებაზე გახდა დამოკიდებული. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში პარტიების შიდა დემოკრატია ძალიან მყიფეა და პარტიების შიგნით კვლავ ჩანს ოლიგარქიული და მსხვილი კაპიტალის ინტერესის დომინირება, ქალებისთვის ძალიან რთული იქნება პოლიტიკური გაერთიანებების შიგნით სამართლიანი აღიარების მოპოვება და ძალის შენება.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაციას, ქვეყანაში არასდროს არსებობდა სპეციალური პოზიტიური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მათ სათანადო წარმომადგენლობას საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოებში. უფრო მეტიც, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, კონსტიტუციური ორგანოების დონეზე, არ არსებობს საკონსულტაციო ორგანოებიც კი, რომლებიც ხელს შეუწყობდა ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებისა და პერსპექტივების გათვალისწინებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ინსტიტუციური გარანტიების არარსებობის გარდა, არსებული პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც საარჩევნო პროცესები მიმდინარეობს, ხასიათდება უსაფრთხო, სამართლიანი და პლურალისტური გარემოს დეფიციტით. ამგვარ პირობებში, არადომინანტური და არაპრივილეგირებული სოციალური ჯგუფებისთვის სულ უფრო მეტად რთულდება პარტიულ და ინსტიტუციურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა და სათანადო რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა.
აშკარაა, რომ უსამართლო, უთანასწორო და არაინკლუზიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დისკურსზე, სადაც, როგორც წესი, იგნორირებულია ქალთა და სხვადასხვა უმცირესობათა რეალური საჭიროებები და პერსპექტივები. პოლიტიკის წარმოების ამგვარი პარადიგმა, კანონზომიერად, იწვევს მრავალი სოციალური ჯგუფის პოლიტიკური პროცესებისგან გაუცხოებას და მნიშვნელოვნად აფერხებს სოციალური ინტეგრაციის პროცესს.
ქართული ოცნების წლევანდელი სიის პირველ ოცეულში მხოლოდ 5 ქალია წარმოდგენილი (6. თეა წულუკიანი 9. მაკა ბოჭორიშვილი 12. მარიამ ქვრივიშვილი 15. ეკა ჭიჭინაძე 20. ლიკა შარტავა), რაც უფრო მცირეა, ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიების სიების პირველ ოცეულებში წარდგენილ ქალთა რაოდენობა.
უფრო ზოგადადაც, 2020 წლის არჩევნების სიასთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია ქალთა წარმომადგენლობის კუთხით. თუ 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველ 60-ეულში 15 ქალი იყო (25%), მმართველი პარტიის მიერ მიმდინარე წლის არჩევნებისთვის (რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება) წარდგენილი სიის პირველ 60-ეულში მხოლოდ 8 ქალი კანდიდატია (13.3%).
ამ მხრივ შედარებით უკეთესი, თუმცა არა იდეალური, მდგომარეობაა ოპოზიციურ პარტიებსა და გაერთიანებებში. გაერთიანებებმა - “ძლიერი საქართველოსთვის - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” და “კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა” საკუთარი სიის პირველ 20-ეულებში შესაბამისად 9 და 8 ქალი წარადგინეს (45% და 40%), ხოლო “გახარია საქართველოსთვის” პირველ 20-ეულში 6 ქალია (30%). რაც შეეხება, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობა“ - ს, გაერთიანების სიის პირველ 20-ეულში 6 ქალია (30%), თუმცა მომდევნო 20-ეულში მხოლოდ ერთი. შესაბამისად, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ 40 - ეულში ჯამში მხოლოდ 7 ქალია (17.5%) რაც 2020 წლის საარჩევნო სიასთან შედარებით 3 - ით ნაკლებია. ცხადია, მისასალმებელია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების პირობებში, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ქალების წარმომადგენლობა არ შეამცირა.
ცხადია, რომ მომავალ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობის გაზომვა საბოლოოდ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ქვეყნის მოსახლეობის 52.26%-ს შეადგენენ, პარტიების სიებში ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ეწინააღმდეგება დემოკრატიული სისტემის წარმომადგენლობით ხასიათს და მიანიშნებს სტრუქტურულ ბარიერებზე, რომლებიც ქალებს პოლიტიკაში სრულყოფილი მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს.
რაც შეეხება საარჩევნო სიებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობას, აღსანიშნავია, რომ 5 მსხვილი საარჩევნო სუბიექტიდან სიის პირველ 20-ეულში ეთნიკური უმცირესობის წევრი მხოლოდ კოალიციამ ცვლილებებისთვის წარადგინა (10. ოქტაი ქაზუმოვი). ქართული ოცნების სიის პირველ 60-ეულში მხოლოდ 2 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია (25. ზაურ დარგალი, 36. სამველ მანუკიან), ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სიის პირველ 40-ეულში კი მხოლოდ 1 (34. ჯეიხუნ ნარზალოვი). დანარჩენი მსხვილი ოპოზიციურ გაერთიანებებისა და პარტიების სიებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები “გამსვლელი” ადგილებით არ არიან წარმოდგენილი.
საქართველოს მოსახლეობის 13.2%-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ათასობით ეთნიკური უმცირესობის წევრმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება ქართულ უნივერსიტეტებში და ბევრი მათგანი აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. ამის და მიუხედავად, პოლიტიკური პარტიების მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების უგულებელყოფისა და პარტიების შიდა მექანიზმებში დამკვიდრებული არაინკლუზიური გარემოს გამო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ ეძლევათ აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო სიებშიც ნათლად ჩანს.
რაოდენობრივი მახასიათებლების მიღმა, მნიშვნელოვანია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების თვისებრივი მახასიათებლებიც. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი უპირატესობას ეთნიკური უმცირესობების წევრ ადგილობრივ ოლიგარქებსა და კლანთა ლიდერებს ანიჭებენ. ეს ეგრეთწოდებული „მდუმარე“ დეპუტატები, პარტიების მიერ გამოიყენებიან ადგილობრივი მოსახლეობის ხმების მობილიზაციისთვის და მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენენ ამა თუ იმ ეთნიკურ უმცირესობას, რადგან არც სიტყვის და არც საკანონმდებლო ინიციატივების უფლებას არ იყენებენ მათი საპარლამენტო მოღვაწეობის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ 5 მსხვილი საარჩევნო სუბიექტის სიებში წარდგენილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიდან, ყველა კაცია, რაც ეთნიკური უმცირესობების წევრი ქალების პოლიტიკური ხმის სრულ უგულებელყოფაზე მიუთითებს.
ცხადია, რომ ეს რეალობა ზრდის რისკს, რომ ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაცია მომავალ პარლამენტში კიდევ უფრო მცირე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო მოწვევების პარლამენტებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა თანდათან უარესდება და რეგრესის ტენდენციით ხასიათდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ქალთა და ეთნიკური უმცირესობების პროპორციულ მონაწილეობას პოლიტიკაში, როგორც ინკლუზიური პოლიტიკური კულტურისა და გარემოს დანერგვით საკუთრივ პარტიების შიგნით, ისე ქალი და ეთნიკური უმცირესობების თემების ლიდერებისთვის შესაბამისი სივრცისა და შესაძლებლობების მიცემით.
ინსტრუქცია