[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

“ირაყლის” გამო უფლებადამცველების და აქტივისტების დაჯარიმება უკანონოა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 27 სექტემბერს, მიღებული გადაწყვეტილებით:

  • 4 აქტივისტთან მიმართებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში,[1] ხოლო წვრილმანი ხულიგნობისთვის[2] 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
  • ერთი აქტივისტი[3] სამართალდამრღვევად ცნო როგორც წვრილმან ხულიგნობაში, ისე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

2023 წლის 2 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის  მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე მოქალაქეების პროტესტს კანონსაწინააღმდეგო ან/და ძალადობრივი ფორმა  არ მიუღია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპოლიციო ძალების გამოყენებით, უხეში ფორმით ჩაერია აქციის მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში. ეს მოვლენები სახელმწიფოს მიერ სოციალური და პოლიტიკური პროცესების საპოლიციო ძალებით მართვის ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მშვიდობიანი შეკრების წინააღმდეგ დისპროპორციული, დაუსაბუთებელი საპოლიციო ძალის გამოყენება უხეშად არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და უარყოფითად აისახება დემოკრატიული განვითარების პერსპექტივაზე. გუშინდელმა გადაწყვეტილებამ კი ამ პროცესში სასამართლო კონტროლის არაეფექტიანობაც გამოკვეთა.

გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის და უკანონობის საილუსტრაციოდ, მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლენილი ფაქტების/ტენდენციების შეჯამება.

ფაქტების ქრონოლოგია

2 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების შეკრებას რამდენიმე ფაქტი უსწრებდა წინ:

  • 30 მაისს, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური განცხადებაგააკეთა.[4] პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის წამოწყების ერთ-ერთ მიზეზად NATO-ში გაწევრიანების სურვილი დაასახელა.[5]
  • პირველ ივნისს, პრემიერის განცხადების გასაპროტესტებლად, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ წაართვა და დაუხია პლაკატები ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებით.[6]
  • პირველი ივნისის ღამით, პარლამენტის შენობის უკან, პოლიციამ ბექა გრიგორიადისი კარვის გაშლის მცდელობის[7] გამო დააკავა.[8] ის შვილის - ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის, წინასწარ პატიმრობას აპროტესტებდა. გრიგორიადისისთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვა სახალხო დამცველმა არაპროპორციულ და გაუმართლებელ ჩარევად შეაფასა.[9]

2 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები  წინა დღეს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ბანერები, მათ შორის, წარწერით: "ირაყლი". თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში[10] ჩანს, რომ პოლიცია პარლამენტის კიბეზე მყოფ მოქალაქეებს ხელს უშლიდა მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებაში - ყოველგვარი ახსნა განმარტებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე ართმევდა და უხევდა არა მხოლოდ კონკრეტული შინაარსის პლაკატებს, არამედ ცარიელ ფურცლებსაც. აგრეთვე, პოლიციელები გაფრთხილების გარეშე აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ბანერის (წარწერით „ირაყლი“)  გაშლის გამო თავდაპირველად ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს, მოგვიანებით კი - სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები.[11] პოლიციელებმა რვა დაკავებული პირიდან სამი[12] ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენი ხუთი კი თელავისა და გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. ხუთივე პირის მიმართ შსს-მ დაკავების მაქსიმალური - 48 საათიანი ვადა გამოიყენა.  

გამოხმაურებები
უფლებადამცველების დაკავების ფაქტს 3 ივნისს სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.[13] განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. ორგანიზაციებმა კონკრეტული რეკომენდაციები გასცეს  საჯარო უწყებების მიმართ. გაჟღერებული რეკომენდაციების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებს დაკავების ვადა გაუხანგრძლივა.

საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები სახალხო დამცველმაც შეაფასა.[14] მან დაუშვებლად მიიჩნია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრების ფაქტი შემდეგნაირად განმარტა - "ჩვენს უსუსურ, მარგინალიზებულ ოპოზიციას მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით, თავისი ენჯეოებით, დეგრადირებული, ამორალური ხალხით, არაფერი არ დარჩენია, გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე“.[15] პრემიერის განცხადება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და  ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმის შერჩევითად გამოყენების პრაქტიკის წახალისების კიდევ ერთი მაგალითია.

აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს“. აშშ-ის საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ „განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“.[16] საელჩოს განცხადება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალების არაპროპორციული და არამიზნობრივი გამოყენების პრაქტიკა არა მხოლოდ ინდივიდების უფლებებს არღვევს, არამედ აგრეთვე დამაზიანებელია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის.

2 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილეების[17] საქმეებზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და წარუდგინა ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. წერილობით მოსაზრებებში დაფიქსირებულია, რომ აქციის მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებში  აგრეთვე  ყურადღება არის გამახვილებული გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც შეკრების მონაწილეებისთვის დაწესებული შეზღუდვები მიზნად არ უნდა ისახავდეს ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური წინააღმდეგობის გამოხატვის ჩახშობას. ამავდროულად, ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფო ორგანოების ან მოხელეების პატივისა და ღირსების შეურაცხყოფის აკრძალვის მიზნით. [18]

სასამართლო პროცესების მიმდინარეობა

დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებდა აქციაზე „შეურაცხმყოფელი და უცენზურო“ ბანერებით/მაისურით დგომას, რითიც ილახებოდა საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე.

ხუთივე აქტივისტის საქმე გაერთიანებულად მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა განიხილა. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას რამდენიმე პრობლემური გარემოება გამოიკვეთა:[19]

  • მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მტკიცებულების მოპოვების შესახებ შუამდგომლობა, რომელიც შესაძლოა არსებითი მნიშვნელობის ყოფილიყო საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის. დაკავებულები მიუთითებდნენ, რომ დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გამოსცა და პროცესზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციელი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა. ამის დასამტკიცებლად, ადვოკატებმა დაკითხული პოლიციელის ტელეფონის ზარების ამონაწერის გამოთხოვის შუამდგომლობა დაყენეს, თუმცა მათი მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.[20]
  • მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები კონკრეტული პირების ქმედებების და მათი დაკავების გარემოებების გახსენების ნაცვლად, საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენების ზოგად სურათს აღწერდნენ. მოსამართლემ რამდენიმე პოლიციელს მიუთითა კიდეც, რომ ზოგად კონტექსტში საუბრის ნაცვლად უშუალოდ შესაძლო სამართალდარღვევაზე ესაუბრა, თუმცა დაკონკრეტებულ შეკითხვებს, ხშირ შემთხვევაში, პოლიციელები პასუხს ვერ სცემდნენ, რადგან მათი თქმით, „აქციიდან თვეზე მეტი იყო გასული და ყველა დეტალი აღარ ახსოვდათ“.
  • მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტების საქმე სასამართლოში გაერთიანებულად განიხილებოდა, მოსამართლე დაცვის მხარეს შსს-ს მოწმეების დაკითხვის პროცესში ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა. დაცვის მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნული მოსამართლის მიკერძოებულობად მიიჩნიეს და საქმიდან მისი აცილება მოითხოვეს. მხოლოდ ამის შემდგომ მიეცა დაცვის მხარეს შსს-ს ყველა მოწმისთვის კითხვებს დასმის შესაძლებლობა.

სამართლებრივი შეფასება

მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისთვის საპროტესტო ბანერების დახევა და მათი დაკავება შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევას წარმოადგენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ ამ უფლებრივი სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს.

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ურთიერთდაკავშირებული უფლებებია, ვინაიდან შეკრება აზრის გამოხატვისა და გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია[21] და კანონმდებლობა[22] მშვიდობიანი ხასიათის შეკრების უფლებას აღიარებს. შესაბამისად, 2 ივნისის მოვლენების შეფასებისთვის არსებითია მშვიდობიანი შეკრების ცნების განსაზღვრა. შეკრება მშვიდობიანად უნდა ჩაითვალოს თუ მისმა ორგანიზატორებმა მშვიდობიანი განზრახვები გააჟღერეს და აქციის მონაწილეთა ქცევა არაძალადობრივია. წინასწარ დაშვების სახით უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ აქციის მონაწილეებს/ორგანიზატორებს მშვიდობიანი განზრახვა ექნებათ და შესაბამისად მოიქცევიან, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სახეზეა აშკარა და ხილული მტკიცებულება, რომ ორგანიზატორები ან მონაწილეები ძალადობის გარდაუვალად გამოყენებას, ძალადობისკენ მოწოდებას ან მის გამოწვევას აპირებენ.[23]

დემოკრატიულ სახელმწიფოში  შეკრების უფლების შინაარსობრივი შეზღუდვების მიმართ უნდა არსებობდეს მაღალი ზღვარი და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც არსებობს ძალადობის აშკარა და მყისიერი საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტს. შესაბამისად, მხოლოდ რეალურად დამაჯერებელ და ანგარიშგასაწევ მიზეზებს შეუძლია გაამართლოს ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა.[24] იმის გათვალისწინებით, რომ 2 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეები არ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს, აშკარაა, რომ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის დამაჯერებელი და ანგარიშგასაწევი საფუძვლებიც არ გამოვლენილა.

გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, რომლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია.გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მის გარეშე შეუძლებელია თითოეული ადამიანის თვითრეალიზება და საზოგადოების განვითარება. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას.“[25] პროტესტისა და დემონსტრაციის უფლება გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ამ უფლებებში ჩარევა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფარგლები იმდენად ფართოა, რომ მაღალთან ერთად დაბალი ღირებულების გამოხატვასაც მოიცავს. მაღალი ღირებულების გამოხატვა საზოგადოების განვითარებისთვის სარგებლის მომტანია, მაშინ როდესაც დაბალი ღირებულების გამოხატვა ანტისაზოგადოებრივი ხასიათისაა და ღირებულებებისგან არის დაცლილი.[26] ბანერები, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების გასაპროტესტებლად გამოიყენებოდა, შეუძლებელია მივიჩნიოთ ღირებულებისგან დაცლილ ან/და ანტისაზოგადოებრივ გამოხატვად.

საპროტესტო ბანერებზე გამოსახული წარწერა - „ირაყლი“ ვერ იქნება მიჩნეული გამოხატვის არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ ფორმად, თუმცა ასეთად მიჩნევის შემთხვევაში ის მაინც ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იმგვარი იდეებისა და ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეესაბამება სოციუმში გაბატონებულ შეხედულებებს ან საზოგადოებისათვის სასარგებლოდ, მისაღებად ან/და უვნებლად მიიჩნევა და მიმართულია საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დებატების წახალისებისკენ, არამედ, მათ შორის, განიხილება როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მიუღებელ, შეურაცხმყოფელ, შემაწუხებელ ან/და შოკისმომგვრელ ინფორმაციად.“ [27]ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში („ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) განმარტავს, რომ „საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დოზით დარღვევა. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლებამ გამოიჩინოს გარკვეული ტოლერანტობა.“[28]

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „ირაყლი“ პირდაპირ ვერ ახდენს ერთი კონკრეტული პირის იდენტიფიცირებას, დაკავებულმა პირებმა/მათმა ადვოკატებმა სხდომაზე დაადასტურეს, რომ ბანერებზე მითითებული ფრაზები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიემართებოდა. პრემიერ-მინისტრი არის საჯარო პირი, რომლის საქმიანობის მიმართ  არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, კერძო პირებთან შედარებით, მას გააჩნია თმენის მეტი ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ. თბილისის სააპელაციო სასამართლო, ერთ-ერთ საქმეში[29] პირდაპირ დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც როდესაც საკითხი ეხება პოლიტიკოსის საჯარო საქმიანობას,  დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან მიმართებით. პოლიტიკოსი (მით უფრო მაშინ, როდესაც ის საჯარო პოლიტიკურ თანამდებობას იკავებს) გარდაუვლად და გაცნობიერებულად ასაჯაროებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას, ვინაიდან დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობის წარმომადგენლის თითოეული მოქმედება თუ უმოქმედობა შესაძლებელია გახდეს სიღრმისეული კვლევის თუ განხილვის საგანი.[30]

შეჯამება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, საპროტესტო აქციების დაშლის ხისტი და რეპრესიული მეთოდები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სტაბილურობას. მშვიდობიანი შეკრების მიმართ ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენებას და შემდგომ მძიმე სანქციებს მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე და აჩვენებს რეპრესიული სახელმწიფოს ნიშნებს.

2 ივნისის აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა (და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებამ) უკვე  ტენდენციად ქცეული პრობლემები გამოკვეთა:

  • საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული დაკავება ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შაბლონად ქცეული 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე  ხდება. აღნიშნული მუხლები გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოქალაქეების პროტესტი სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში;
  • პოლიცია დაუსაბუთებლად იყენებს დაკავების მაქსიმალურ 48 საათიან ვადას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მიხედვით,[31] დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა (მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ეს ვადა 24 საათით შეიძლება გაგრძელდეს), სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, პოლიცია ხშირად  მაქსიმალური ვადას სათანადო მიზნისა და დასაბუთების  გარეშე, სადამსჯელო მექანიზმის სახით იყენებს;
  • დაკავებულებს არ განუმარტავენ დაკავების საფუძველს და მათ უფლება-მოვალეობებს - 2 ივნისს დაკავებული ყველა აქტივისტი და უფლებადამცველი აღნიშნავდა, რომ არცერთი მათგანისთვის არ განუმარტავთ მიზეზი, თუ რატომ აკავებდა მათ პოლიცია;[32]
  • დაკავებულები არა უახლოეს, არამედ სხვა ქალაქში არსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. განსახილველ შემთხვევაში აქციის მონაწილეები, შესაბამისი ახსნა-განმარტების გარეშე, თელავისა და გურჯაანის იზოლატორებში გადაიყვანეს. არსებული პრაქტიკა ბადებს ეჭვს, რომ  იზოლატორის შერჩევა არა ობიექტური საჭიროებებით, არამედ  დაკავებული პირისა და მისი ადვოკატისთვის დისკომფორტის შექმნით იყო განპირობებული;
  • სასამართლოს გადაწყვეტილება, ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებების ნაცვლად, პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.[33] განსახილველ საქმეშიც, ძირითადად, არ არსებობდა სამხრე კამერების ჩანაწერები. შსს-მ მხოლოდ ედუარდ მარიკაშვილის საქმეზე წარადგინა ჩანაწერი, რომელიც მის დაკავებამდე წყდება. შესაბამისად, გადაწყვეტილება ძირითად, მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაეფუძნა; [34]

ბოლო წლებია, ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმი სახელმწიფოსთვის უფლებადამცველებისა და აქტივისტების გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარ ბერკეტად იქცა. სამწუხაროდ, ამ ტიპის საქმეებზე, ძირითად შემთხვევებში, არც სასამართლო კონტროლი ხორციელდება ჯეროვნად. 27 ივნისის გადაწყვეტილებაც კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების  სტანდარტებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს აქტივისტების დაკავების უსაფუძვლო და გაუმართლებელი პრაქტიკა;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას-დაუყოვნებლივ დაიწყოს და უზრუნველყოს მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება პოლიციელის[35] სავარუდო ცრუ ჩვენებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტებზე;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს-გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, უფლებადამცველების საქმე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით შეაფასოს და გამორიცხოს მათ ქმედებებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა;
  • საქართველოს პარლამენტს - დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმირება;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს - ოპტიმალურ ვადაში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 173.

[2] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 166.

[3] ნოდარ სიხარულიძე

[4] ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე. ვიდეო ხელმისაწვდომია: https://rb.gy/xc3ei.

[5]ღარიბაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხს 24 მაისს - კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისასაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა  აღნიშნა, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა უკვე არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და “არავინ იცის როდის” დამთავრდება ეს ომი. მისივე თქმით, ყველას უკვირს, რომ უკრაინამ “ამდენი ხანი” გაძლო.

[6]„პოლიციამ აქციის მონაწილეებს ღარიბაშვილის ფოტოიანი პლაკატები წაართვა და დაუხია.” ხელმისაწვდომია: https://rb.gy/jbj0j.

[7] ბექა გრიგორიადისს კარვის გაშლის საშუალება პოლიციამ არც 29 მაისს მისცა. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/vyCGT.

[8]სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება - „პოლიცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ ზღუდავს“. ხელმისაწვდომია: https://rb.gy/o37s6.  

[9] სახალხო დამცველის 2023 წლის 02 ივნისის განცხადება. ხელმისაწვდომია: https://rb.gy/7wv99.  

[10]Georgian activists arrested over protest signs released without charge. ხელმისაწვდომია: https://rb.gy/xeize.

[11]  ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე,  ლაშა ჯანჯღავა, ლევან ნიშნიანიძე, გრიგოლ ფრანგიშვილი, ნოდარ სიხარულიძე.

[12] თავდაპირველად ხელწერილის საფუძველზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე, ხოლო მოგვიანებით აქტივისტები: ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.

[13] სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება უფლებადამცველების დაკავების ფაქტებზე. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/gCEX8.

[14] სახალხო დამცველის 2023 წლის 03 ივნისის განცხადება. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hkpF1.

[15] პრემიერ-მინისტრის კომენტარი ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/eprw8.

[16] საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება ხელმისაწვდომია: https://rb.gy/e71lt.

[17] სასამართლო მეგობრის მოსაზრებები სახალხო დამცველმა წარადგინა 5 აქტივისტის საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე), რომლებმაც იზოლატორში 48 საათი გაატრეს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები ხელმისაწვდომია: https://rb.gy/fo3sy.

[18] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის №37 ზოგადი კომენტარი (2020) მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე (მუხლი 21), CCPR/C/GC/37, 17 სექტემბერი 2020, პარ. 49.

[19]„ირაყლის“ გამო დაკავებულების საქმე - სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/nJOT8.

[20]აღნიშნულის გათვალისწინებით, საბა ბრაჭველის უფლებადამცველებმა პოლიციელის ჩვენებაზე ცრუ ჩვენებისა და განზრახ უკანონო დაკავების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

[21] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 21.

[22] „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.

[23] ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ. (ODIHR-The Human Rights Handbook on Policing Assemblies) გვ.18.

[24]  KAKABADZE AND OTHERS V. GEORGIA № 1484/07; 02.10.2012.

[25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N1/1/468 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 26.

[26] თ. ავალიანი - გამოხატვის თავისუფლება vs. სასამართლოს ავტორიტეტი აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით და მისი გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე.

[27] საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7.

[28] PERADZE AND OTHERS v. GEORGIA, Paragraph 36.

[29] თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

[30] Castells v. Spain - 11798/85, Paragraph 46.

[31] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 247.

[32]„ადმინისტრაციული დაკავებები საპროტესტო აქციებზე - როგორც ბერკეტი გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად.“ ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/djR58.

[33] ეს განსაკუთრებით პრობლემურია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში.

[34] „ირაყლის“ საქმეზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს და დააჯარიმეს. (ხელმისაწვდომია:

[35] საუბარია მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელზე, რომელიც დაკავებულისა და მისი ადვოკატის მტკიცებით, დაკავების ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“