საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
21 თებერვალს, 12:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო განმწესრიგებელი სხდომა ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის კონსტიტუციურ სარჩელზე. ირაკლი ჩხეიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” წარმოადგენს.
EMC არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის იმ შინაარსს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, 0,000305 გრამი ,,მდმას“ და 0.000106 გრამი ,,მეტამფეტამინის“ ფლობა სისხლის სამართლის დანაშაულია და სასჯელის სახით, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. EMC-ს პოზიციით, ქმედების კრიმინალიზება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებსა და მე-11 მუხლის 1 პუნქტს. კონსტიტუციის ეს მუხლები ეხება ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის დაუშვებლობას და თანასწორობის უფლებას.
მოქმედი კანონმდებლობით, რიგი ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული ის მინიმალური ოდენობა, რომლის ფლობისთვისაც, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაიწყება. შესაბამისად, ზოგიერთი ნაროკიტიკული საშუალების უმცირესი დოზით ფლობაც კი ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, მაშინ როდესაც სხვა ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. EMC-ს შეფასებით, ამგვარი არაერთგვაროვანი მიდგომით, კანონმდებლობა განსხვავებულ, უთანასწორო სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს.
უსამართლო და არაპროპორციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაწესებული სასჯელების არაპროპორციულობაზე არაერთ საქმეს განიხილავს, მათ შორის, მსჯავრდებული პირების სახელით შეტანილ სარჩელებს. ირაკლი ჩხეიძის საქმე ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად განიხილოს სარჩელები, რომლებიც არსებულ მძიმე ნარკოპოლიტიკას შეეხება.
ინსტრუქცია