საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2014 წლის 7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში სასამართლო) გამოიტანა გადაწყვეტილება განაცხადზე ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი#28490/02), რომელიც სასამართლოში 2002 წელს გაიგზავნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა მიერ წარდგენილ, კოლექტიურ სარჩელზე ერთხმად დაადგინა სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-9 (რელიგიის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა, მთლიანობაში 88 განმცხადებლის მიმართ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონვენციის დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობას, მთლიანობაში, 45 000 ევროს გადახდა დაეკისრა, რომელიც მოიცავს თითოეული განმცხადებლისთვის 350 ევროს, საქმის წარმოებისთვის გაწეული ხარჯებისთვის კი 15 000 ევროს გადახდას.
საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების ზოგადი აღწერა
აღნიშნული საქმე აერთიანებს, 2000-2001 წლებში, იეჰოვას მოწმეების ფართომასშტაბიანი დევნასთან დაკავშირებულ, ცალკეულ ინციდენტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ბასილ მკალავლიშვილის ექსტრემისტულმა ჯგუფმა განახორციელა. ევროპული სასამართლო განსაკუთრებით გამოყოფს რამდენიმე შემთხვევას. მათ შორის, 2000 წლის 8 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც კერძო საკუთრებაში მიმდინარე, 700-მდე იეჰოვას მოწმის შეკრება დაარბიეს. აღნიშნული შეკრება პოლიციის თანამშრომლებმა ჩაშალეს. მათ ცეცხლი წაუკიდეს სახლს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფს იეჰოვას მოწმეებს; საქმეში ასევე შეფასებულია რელიგიური დღესასწაულების მიმდინარეობისა და ქუჩაში რელიგიური ლიტერატურის გავრცელების დროს, იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული თავდასხმები. მაგალითად, 2000 წლის 8 სექტემბერს, პოლიციამ ერთ-ერთ რელიგიურ შეკრებაზე მიმავალი ჯგუფი საკონტროლო პუნქტზე შეაყოვნა და მათ შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცა. ამავე დროს, პოლიციამ ხელი არ შეუშალა მართლმადიდებელი მორწმუნეების იმ ავტობუსის გადაადგილებას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა შეკრების ადგილას შევიდა, გაანადგურა რელიგიური დანიშნულების ნივთები და ფიზიკურად გაუსწორდა დამსწრეებს. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა 2000 წლის 16 და 17 აგვისტოს მომხდარ ინციდენტებზე, როდესაც მართლმადიდებელი მორწმუნეების ჯგუფი შეიჭრა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, სადაც იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მოსმენა მიმდინარეობდა. მართლმადიდებელი მორწმუნეები, ხის დიდი ზომის ჯვრების გამოყენებით, თავს დაესხნენ იეჰოვას მოწმეებს, ჟურნალისტსა და დამკვირვებელს. გამოვლენილი ძალადობის პრევენციისა და შეკავებისთვის, მოსამართლემ და უსაფრთხოების პერსონალმა არ მიმართა უსაფრთხოების ეფექტურ ზომებს თავდამსხმელების შესაჩერებლად.
სასამართლოს შეფასებით, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, იეჰოვას მოწმეებმა დაახლოებით 160-მდე საჩივარი შეიტანეს საგამოძიებო უწყებებში, მათ შორის გენერალურ პროკურატურაში მათ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების საფუძველზე, თუმცა საჩივრებს რაიმე რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
საქმეში არსებული არაადამიანური მოპყრობა და არაეფექტური გამოძიების პრობლემა
კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) განმარტებისას, სასამართლო აღნიშნავს მის აბსოლუტურ ხასიათს და უთითებს, რომ მე-3 მუხლით დაცული სფერო არ ექვემდებარება გადახვევას კონვენციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი.კონვენციის პირველი (სახელმწიფოს პასუხისმგებლობა) და მე-3 მუხლების ერთობლივი ინტერპრეტაციით, სასამართლო ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, საკუთარი იურისდიქციის ქვეშ, უზრუნველყოს ინდივიდების დაცვა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან, რომელიც ხორციელდება, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირებისაგან. კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფოს ვალდებულება გამოიხატება სასტიკი მოპყრობის რისკის ეფექტური პრევენციის უზრუნველყოფაში, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ ამგვარი მოპყრობის თაობაზე. სასამართლო ასევე ადგენს, რომ მე-3 მუხლის საზღვრები ფიზიკური ხასიათის არაადამიანურ მოპყრობასთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც გულისხმობს. აქედან გამომდინარე, სასტიკი მოპყრობა შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც დამამცირებელი, მაშინაც კი თუ ის მსხვერპლს შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების შეგრძნებას აღუძრავს.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 32 განმცხადებლის შემთხვევაში დაადგინა. ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევებში, პოლიციამ არამხოლოდ ვერ შეასრულა პრევენციის ფუნქცია და აშკარა უმოქმედობა გამოავლინა სასტიკი მოპყრობის აღკვეთის მიზნით, არამედ ის პირდაპირ იყო ჩართული ძალადობრივი ფაქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სასამართლოს მაგალითად მოჰყავს განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულება შინაგან საქმეთა მინისტრის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის სახით, რომელიც მიზნად ისახავდა 2000 წლის სექტემბერში, იეჰოვას მოწმეების მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი შეხვედრისთვის ხელის შეშლას.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2000 წლის 8 სექტემბრის მასობრივი შეკრების დარბევის შემდეგ, ასევე 2000-2001 წლებში არსებული ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეები განიცდიდნენ ტკივილის, არასრულფასოვნებისა და დაუცველობის შეგრძნებას, რაც მათ დამცირებასა და შეურაცხყოფას იწვევდა. ხოლო შეირაღებული პირების მიერ მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრის ჩაშლა, იეჰოვას მოწმეების მუქარისა და შეურაცხყოფის გზით, იყო შიშის დათესვის წინასწარ გამიზნული მცდელობა.
სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლებზე თავდასხმები რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ხდებოდა და ის იეჰოვას მოწმეებს მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებდა.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრის ჩაშლის მიზნით, მათივე კერძო საკუთრებაში შეიარაღებული პოლიციის ოფიცრების შეჭრის ფაქტს უკავშირდება. ნიღბიანმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს სახლი, მას ცეცხლი წაუკიდეს და დამსწრე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. განმცხადებლებმა ნათლად ამოიცნეს აღნიშნულ ძალადობრივ აქტში მონაწილე ადგილობრივი პოლიციის ოფიცრები.
ამ და სხვა ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, გაითვალისწინა ხელისუფლების მტკიცებების ნაწილი, რომ ძალადობრივი თავდასხმები მართლმადიდებელი ექსტრემისტების ჯგუფმა განახორციელა, რომელიც კერძო პირებისაგან შედგებოდა, თუმცა ამავე დროს სასამართლომ დაადგინა, რომ თავდასხმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა კომპეტენტური უწყებების მონაწილეობის, თანამონაწილეობის, ან თმენის გარეშე. ფაქტი, რომ პოლიცია იმყოფებოდა, როგორც ინცინდენტების ადგილზე, ასევე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, უმოქმედობა გამოავლინა, სასამართლოს აზრით, მხოლოდ ხაზს უსვამს მათ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინციდენტებზე.
2000-2001 წლებისათვის, ქვეყნის მასშტაბით, იეჰოვას მოწმეების განსაკუთრებულად მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა სახელმწიფოს ფუნქციის ჩავარდნა იეჰოვას მოწმეების დაცვის კონტექსტში. მეტიც, თავდასხმების შემდეგ, იეჰოვას მოწმეები სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დახმარების სანაცვლოდ, აწყდებოდნენ შემდგომ აგრესიას. მსგავს შემთხვევებში სასამართლო აღნიშნავს კუმულატიურ ეფექტს, როდესაც კერძო პირების მიერ თავდასხმის შემდეგ, იეჰოვას მოწმეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან დამატებით შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, პოლიცია მათ ემუქრებოდა და რელიგიური პრაქტიკის შეწყვეტას ითხოვდა. ეს გარემოება და განმცხადებლების საჩივრების გამოძიებისას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გულგრილობა კი უფრო მეტად აღრმავებდა მათ შიშსა და დაუცველობას.
რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს, 2000-2001 წლებში, იეჰოვას მოწმეების მიმართ არსებული შეუწყნარებლობის ფონზე უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რელიგიური ღონისძიებები ექვემდებარებოდა დარბევის რისკს. სასამართლოს შეფასებით, ამ მხრივ მრავალი ობიექტური მტკიცებულება არსებობდა. მათ შორის, სასამართლო განსაკუთრებით გამოყოფს სოფელ როხში, 2000 წელს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებს, რაც პოლიციისთვის უნდა გამხდარიყო შემდგომი თავდასხმების რისკის განჭვრეტის საფუძველი და რომლის თავიდან ასაცილებლად მან უმოქმედობა გამოავლინა. უფრო მეტიც, პოლიციამ გადაადგილების საშუალება მისცა მართლმადიდებელი ექსტრემისტების ავტობუსს მარნეულის მიმართულებით, სადაც იეჰოვას მოწმეების შეკრება იმართებოდა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თანდასწრებით მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებზე თვალის დახუჭვა და გულგრილობა თანხვედრაში მოდიოდა რელიგიური ნიშნით განხორციელებულ ძალადობასთან.
ეფექტური გამოძიების კონტექსტში ევროპული სასამართლო ადგეს სახელმწიფოს ვალდებულებას ოფიციალური საჩივრის წარდგენისთანავე იმოქმედოს დაუყოვნებლივ, მაშინაც კი, როდესაც საჩივარში არ არის მკაფიოდ გამოხატული მინიშნება, რომ ადგილი ჰქონდა წამებას ან არასათანადო მოპყრობას. აღნიშნული ვალდებულება სასამართლოს მიერ შეფასებულია კანონის უზენაესობის პრინციპისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, საზოგადოების ნდობის შენარჩუნების ჭრილში. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაკანონიერი ქმედებების მიმართ ტოლერანტობის/დაშვების, შეთქმულების ან მათი თმენის ნებისმიერი გამოვლინება კლავს საზოგადოების ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის ღირებულებების მიმართ.
მეტიც, რასობრივი მოტივით ჩადენილი თავდასხმების შეფასებისას, სასამართლო სახელმწიფოს მხრიდან დამატებით პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. კერძოდ, ევროპული სასამართლოს თქმით, გამოძიებამ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა გამოააშკარავოს რელიგიური მოტივი და დაადგინოს თამაშობდა თუ არა რელიგიური სიძულვილი მომხდარში რაიმე როლს.
სახელმწიფო უწყებების მიერ რელიგიური ლიტერატურის კონფისკაციისა და იეჰოვას მოწმეების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განმცხადებელები ტოტალური განუკითხაობისა და სახელმწიფოს უმოქმედობის წინაშე აღმოჩნდნენ. სახელმწიფოს აგენტების მსგავსი ქმედებები სასამართლოს შეფასებით, განპირობებული იყო სამართალდამცავების მიერ განმცხადებლების რელიგიური კუთვნილების მართლმადიდებლობისთვის საფრთხედ აღქმით. იმავე მოტივით არ ხდებოდა განმცხადებლების საჩივრების გათვალისწინება რელიგიური მოტივით ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებზე. სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალების არაეფექტურობის პირობებში, იეჰოვას მოწმეები ვეღარ ახორციელებდნენ უფლებას რელიგიის თავისუფლების დაცვაზე ადგილობრივ სასამართლოებში. ხელისუფლების გულგრილობამ გზა გაუხსნა იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიურ ძალადობას ქვეყნის მასშტაბით, რაც საკუთარი რელიგიის მანიფესტაციის ყოველი მცდელობისას ძალადობის შიშს იწვევდა.
საქმეში დეტალურად არის შეფასებული გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული ხარვეზები, როგორიცაა საჩივრის რეაგირების გარეშე დატოვება, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა და გამოძიების ვადების გაჭიანურება. აღნიშნული გარემოებები აღმოჩნდა მნიშვნელოვანი არგუმენტი სასამართლოსთვის, რომ დაედგინა ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არაადეკვატური და არაეფექტური გამოძიების პრაქტიკა და კონვენციით განსაზღვრული ვალდებულების სისტემური შეუსრულებლობა. კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით მიღებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ შექმნა დაუსჯელობის კლიმატი, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის მასშტაბით ახალისებდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ შემდგომ თავდასხმებს.
საქმეში არსებული რელიგიის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნის დარღვევა
ყველ ზემოაღნიშნული ინცინდენტი სასამართლომ განიხილა, როგორც იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა. ძალადობრივ თავდასხმებში სახელმწიფოს წარმომადგენლების პირდაპირი მონაწილეობის ფაქტების კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა არა მხოლოდ სახელმწიფო აგენტებისა და კერძო პირების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირების საჭიროებას იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებაში განმეორებით და ფართო მასშტაბიან ძალადობრივ ჩარევაზე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხისმგებელმა უწყებებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქციები, მიეღოთ საჭირო ზომები იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლებზე მიმართული ძალადობრივი ქმედებები მოტივირებული იყო იეჰოვას მოწმეების მიმართ შეუწყნარებელი და ფანატიკური დამოკიდებულებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პოლიციელის მიერ გაკეთებულ ტენდენციურ შენიშვნაზე განმცხადებლების რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებით. სასამართლოს თავის ადრეულ გადაწყვეტილებებში დადგენილი ჰქონდა სტანდარტი, რომ მსგავსი შენიშვნები აშიშვლებს სახელმწიფო უწყებების ზოგად დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. სახელმწიფომ არ შეისწავლა ძალადობრივი დანაშაულებების შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები, რაც როგორც გამოძიების ადეკვატურობას, ასევე მის ეფექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამასთან კავშირში სასამართლო აღნიშნავს, რომ რასობრივად მოტივირებული დანაშაულებების შემთხვევაში, ძალადობრივი ინცინდენტების გამოძიებისას, სახელმწიფო უწყებებს აქვთ დამატებითი ფუნქცია, მიიღონ ყველა გონივრული ზომა და გამოააშკარაონ ნებისმიერი რელიგიური მოტივი და დაადგინონ, თუ რა როლი ითამაშა რელიგიურმა შეუწყნარებლობამ, ან სტერეოტიპებმა აღნიშნულ ინციდენტში.
ინსტრუქცია