[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების ანალიზი

2013-2014 წლებში, იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის ფაქტების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, რასაც საქართველოს იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ EMC-თვის მოწოდებული ფაქტების ანალიზი და სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში ადასტურებს (ასევე იხილეთ, EMC-ის განცხადება იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე). 2013-2014 წლების მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს[1], რომ გაიზარდა არა მხოლოდ ძალადობრივი შემთხვევების რიცხვი, არამედ სახეიცვალა გამოვლენილი ძალადობის ბუნებამ.მათ შორის:

  • განსახილველ პერიოდში რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები ხშირად ღიად, საჯარო სივრცეში ხდება და გამოვლენილი აგრესია კოლექტიურ ხასიათს ატარებს.
  • როგორც სახალხო დამცველის 2011-2012 წლების[2] ანგარიშებთან მიმდინარე პრაქტიკის შედარებითი ანალიზი აჩვენებს, თუ წინა წლებში რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევები, ძირითადად არაძალადობრივი იყო და გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სამეფო დარბაზებზე თავდასხმაში, 2013-2014 წლებში იმატა ფიზიკურ პირებზე ძალადობამ, რომელთა უმეტესობა გამოიხატება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დარღვევაში.
  • წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე არ არის ეფექტური, რადგან გამოძიების პროცესი როგორც წესი, ჭიანურდება ან სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება უფლების დარღვევაზე არ არის ადეკვატური და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.
  • 2014 წლის მხოლოდ სამი თვის განმავლობაში, იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი ძალადობის შემთხვევების მაჩვენებელი უკვე ძალიან მაღალია და ის ადასტურებს სახელმწიფოს დროული და ადეკვტური რეაგირების აუცილებლობას.

იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ EMC-თვის მოწოდებული ანგარიში აჩვენებს, რომ 2013 წლის განმავლობაში გამოვლინდა 45 ძალადობრივი შემთხვევა იეჰოვას მოწმეთა მიმართ. ამათგან, 14 შემთხვევა გამოიხატა რელიგიური მსახურების დროს იეჰოვას მოწმეთა ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევასა და რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფაში. მათგან ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობა საკმაოდ მძიმე ფორმას იღებდა. დანარჩენი 31 შემთხვევიდან - 15 სამეფო დარბაზის დაზიანების (ქვებით, ცეცხლსასროლი იარაღით), 8 რელიგიური მსახურების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის და ლიტერატურის დაზიანების შემთხვევებია, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა სახის იძულების ფორმით (რელიგიური ლიტერატურის ხელიდან გამოგლეჯა, კონკრეტულ ტერიტორიაზე გავლის აკრძალვა და სხვა), რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევებია. შესწავლილი საქმეებიდან, 3 შემთხვევაში სამართალდარღვევის სუბიექტი სასულიერო პირი იყო. აღნიშნული შემთხვევებიდან 13 თბილისში, ხოლო 32 რეგიონებში მოხდა.

2014 წლის ანგარიშის მიხედვით, იანვარი-მარტის პერიოდში იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლინდა ძალადობის 25 შემთხვევა. 20 შემთხვევა გამოიხატა რელიგიური მსახურებისათვის ხელის შეშლაში, აქედან 9 ფიზიკური ძალადობით, ხოლო 11 რელიგიური გრძნობის სიტყვიერი შეურაცხყოფით. შესწავლილი 25 შემთხვევიდან 6 თბილისში, ხოლო დანარჩენი 19 ფაქტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰქონდა ადგილი.

თბილისში მომხდარი ექვსივე შემთხვევა მოხდა საჯარო ადგილას, როდესაც იეჰოვას მოწმეები მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოდგმული სტენდებით ეწეოდნენ რელიგიური მსახურებას. თავდასხმების უმეტესობა გამოიხატა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფასა და რელიგიური ლიტერატურის დატაცებაში და მის დემონსტრაციულად ადგილზე განადგურებაში. აგრესია, როგორც წესი, კოლექტიურად რამდენიმე ადამიანის მიერ ხორციელდება, რომლებიც ადგილზე სპონტანურად მოქმედებენ. თბილისში მომხდარი 6 სამართალდარღვევიდან 3 შემთხვევაში სუბიექტი სასულიერო პირი იყო, რომელსაც, დაზარალებულთა თქმით, მანამდეც გამოუვლენია იეჰოვას მოწმეთა მიმართ აგრესია.

წინა წლების მსგავსად, რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ სამართალდარღვევებზე პოლიციის რეაგირება ძირითად შემთხვევებში ადეკვატური არ არის. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის საკითხი, რომ განსახილველ პერიოდში გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები მას სწორ იურიდიულ კვალიფიკაციას აძლევენ (სადაც ჩანს რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის ან თანასწორუფლებიანობის დარღვევის ასპექტი), თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიების პროცესი, როგორც წესი ჭიანურდება, მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები არ მოსდევს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ დასახელებული შემთხვევების დიდი ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს, რომელიც დაზარალებულთა განცხადებებს ერთვოდა და რომლებიც სხვა ფაქტებთან ერთობლიობაში იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს იმ პირთა შესახებ, რომელთაც სავარაუდოდ ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით (შემდგომში სსკ) აკრძალული ქმედებები, პროკურატურა არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას და ამ დრომდე არ გამოაქვს ბრალდების შესახებ დადგენილება. ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ პოლიციამ დაიწყოს გამოძიება სსკ-ით გათვალისწინებული ქმედებაზე, ის იყენებს ადმინისტრაციული გადაცდომისთვის გათვალისწინებულ ყველაზე მსუბუქ სახდელს - გაფრთხილებას, რაც ვერ ჩაითვლება სისხლისსამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის კანონიერ და რელევანტურ ღონისძიებად.

იეჰოვას მოწმეთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდა მთლიანობაში, მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მზარდი რელიგიური სიძულვილით განპირობებული მიდრეკილებებით და რელიგიური უმცირესობების უფლებათა დარღვევის გახმაურებელ შემთხვევებზე (რელიგიური კონფლიქტები ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, ჭელას მინარეთის დემონტაჟი, ხანუქას დღესასწაულის დროს განვითარებული მოვლენები) სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირებითა და პასიურობით უნდა აიხნას.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არსებითია, სახელმწიფომ უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი სამართალდარღვევების დროული და ეფექტური გამოძიება და სამართალდამრღვევის პირების დასჯა, რასაც პრევენციული ეფექტი ექნება და საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას შეამცირებს. ამასთან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს სათანადო ინფორმაციული პოლიტიკა საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების დამკვიდრების მიზნით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]შენიშვნა: წარმოდგენილი ანალიზი მთლიანად ეფუძნება იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ EMC-თვის მოწოდებულ ფაქტებსა და ზოგიერთ შემთხვევაში მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას.

[2]საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტული გარემო (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 2011), 107; საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტული გარემო. (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, 2012), 523

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“