საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ კონტექსტში, იმპერიებისგან თავის დაღწევის, საკუთარი ბედისა თუ მომავლის ჩვენივე ძალებით შენების სურვილს, რწმენას და ძალას აჩვენებდა.
დამოუკიდებლობა ხალხის უფლებაა, ჰქონდეს სუვერენული სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიული შეთანხმებებით ახერხებს საკუთარი უსაფრთხოების, განვითარების და კეთილდღეობის პირობების შექმნას.
დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველმა ხალხმა უმძიმესი გამოცდილებები მიიღო:
ეკონომიკური კოლაფსი და მისგან მომდინარე სოციალური კრიზისი;
რუსეთის მიერ მხარდაჭერილიშეირაღებული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რასაც ქართველების მასობრივი დევნილობა და საზოგადოებების დაყოფა მოჰყვა;
2008 წლის ომი, ოკუპაცია და უმძიმესი ადამიანური დანაკარგები;
რესურსების მასობრივი პრივატიზაცია და განკერძოება და მისგან მომდინარე გაჭიანურებული სიღარიბე თუ ეკონომიკური უთანასწორობა;
პოლიტიკური განვითარების დრამატული ეტაპები, რომელიც ხშირად ავტორიტარიზმისა და მასობრივი რეპრესიის ფორმას იღებდა.
ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი ჯიუტად და გამბედავად იცავდა მის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. რუსეთის მხრიდან მომდინარე მრავალმხრივი და მზარდი საფრთხეებისა ფონზე, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციას და ამ გზით მისი დამანგრეველი გავლენების შეკავებას ცდილობდა. პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზა მის გეოპოლიტიკურ ამოცანად დაისახა და ამ გზით ის რუსული გავლენების ნაცრისფერი ზონიდან გასვლას ცდილობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყანას არ მიუღწევია და წინა ხელისუფლების რეფორმებს მასობრივი უფლების დარღვევის პრაქტიკა, ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო სივრცეების ტოტალური კონტროლი მოჰყვა, ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის სტრატეგიულ ამოცანად რჩებოდა.
ეს ამოცანა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგადაც რჩებოდა ეროვნულ მიზნად. სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ვიზა ლიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესშიც. თუმცა ბოლო წლებში, როცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაკარგა კოალიციური ბუნება და ჰომოგენურ პოლიტიკურ ძალად იქცა, და განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც გაიზარდა საფრთხეების აღქმა რეგიონში და გაიზარდა რუსეთის ინტერესიც გაზარდოს კონტროლი დანარჩენ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო თვალშისაცემი უკანდახევა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ხელისუფლების მკვეთრად ანტიდასავლური განცხადებები და ინიციატივები, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სუსტი მაჩვენებლები, რუსეთან ურთიერთობაში გაჩენილი დათბობის ნიშნები, სუსტი დიპლომატიური მუშაობა ევროპულ სახელმწიფოებთან - ევროკავშირთან დაახლოების ისტორიული ამოცანისა და შესაძლებლობის დემონსტრაციულ დაზიანებას უფრო გავს.
ქართული ოცნების ხელისუფლება ერთის მხრივ, ევროინტეგრაციის კონტექსტში უსაფუძვლოდ სუვერენიტეტის დაცვაზე აპელირებს ხოლმე და მეორე მხრივ, რუსეთთან მკაფიო მორალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საზვღების გავლებისგან თავს იკავებს არგაღიზიანების არგუმენტით. ეს მაშინ, როდესაც რუსეთზე ჩვენზე დამოკიდებული სახელმწიფოები ახერხებენ უკრაინის ომის ფონზე შექმნილი ახალი გლობალური წესრიგისა და შესაძლებლობების გამოყენებას და რუსეთის გავლენებისგან თავის დაღწევას. სუვერენიტეტის და ღირსების საკითხები ქართული ოცნების ლიდერებს რატომღაც არ ახსენდებათ რუსეთზე მსჯელობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გაცხადებული გეოპოლიტიკა საფუძველშივე გამორიცხავს მცირე სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, ევროკავშირის გეოპოლიტიკა კი დემონსტრაციულ უარს ამბობს მოგებისა და წაგების ლოგიკაზე და ნორმატიულ პრინციპებზე დგას.
შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროპული ინტეგრაციის საპირწონედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის საკითხზეც. რუსეთთან დაახლოებით კონფლიქტების მოგვარება არსდროს ყოფილა რეალური. იმ პერიოდებშიც კი, როცა ადგილობრივ ელიტებთან შეთანხმებების მიღწების უფრო მაღალი ალბათობა არსებობდა და გაუცხოებისა და იზოლაციის კონტექსტი ასეთი მძიმე არ იყო.
ცხადია, რომ ამ უკანდახევას და შემობრუნებას არ აქვს მხოლოდ გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. უკანდახევა ჩანს დემოკრატიული განვითარების მიმართულებითაც. ქართული ოცნების ხელისუფლება აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და მის ოპონენტებს მტრებად მონიშნავს, ინსტიტუტიური ძალაუფლების კონსოლიდაციამ ხელისუფლების ყველა შტოში და ჭარბმა კონტროლმა უკვე უკიდურესად მძიმე ფორმები მიიღო, გაჩერებულია რეფორმის ყველა სივრცე, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაიხურა თანამშრომლობისა და დიალოგის სივრცეები. ამის პარალელურად ჩანს პოპულისტური რიტორიკისკენ შემობრუნება, რომელიც უმრავლესობის ლოგიკაზე დგას და ცალკეული სოცილაური ჯფუფების მარგინალიზებას და დემოკრატიული ღირებულებების ეროზიას იწვევს.
დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, როცა ერთი მხრივ, საზოგადოება თვითორგანიზდება მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლის გადასარჩენად, და მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც დემონსტრაციულ ანტიევროპულ სულისკვეთებას ავლენს. ამგვარი კონფლიქტი ხალხსა და ხელისუფლებას შორის სუვერენიტეტისა და საგარეო პოლიტიკური საკითხებზე ჩვენს უახლოეს ისტორიაში არასდროს დამდგარა.
ამ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ჩვენშია. ჩვენ, ხალხმა თავად უნდა დავიცვათ საკუთარი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული მომავალი და ნდობის შენებით, შეთანხმებების მიღწევით და მშვიდობიანი თვითორგანიზებით ყველგან - სკოლებში, უნივერსიტეტებში, დასაქმების ადგილებში, თვითმმართველობებში, სოფლად და ქალაქად ხელისუფლება ჩავაყენოთ ანგარიშვალდებულების მდგომარეობაში არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაზიანება, ევროპული მომავლისგან გადახვევა და დემოკრატიული უკუსვლა.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
ინსტრუქცია