[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს და მათ თავისუფალ, თანასწორ და სოლიდარულ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.

დღეს, საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს უძველესი სახალხო დღესასწაული, რომელიც საქართველოში 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობისას აღინიშნება, ბუნების, საზოგადოების და ადამიანის განახლების სიმბოლოა. თუმცა, მიუხედავად საქართველოს აზერბაიჯანელი თემის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, ის კვლავ ექვემდებარება კულტურულ გაუცხოებასა და მარგინალიზაციას.

საქართველოს აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამს უნიკალური ტრადიციებით აღნიშნავს. ამ დღეს თემის ყველა ოჯახის მაგიდაზე შევხვდებით ჯეჯილში ჩაწყობილ შეღებილ კვერცხებსა და ტკბილეულს, როგორც სიცოცხლის, იმედისა და ახალი წლის დადგომის სიმბოლოებს. ნოვრუზის დღესასწაულზე თემის წევრები ერთმანეთს ოჯახებში სტუმრობენ, ქუჩებში კი გამართული დღესასწაული არა მხოლოდ ტრადიციის გაგრძელებაა, არამედ წინააღმდეგობაცუჩინარობის, გარიყულობისა და კულტურული მარგინალიზაციის წინააღმდეგ.

2009 წელს, ნოვრუზი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი ნოვრუზის საერთაშორისო დღედ აღიარა. მიუხედავად ამისა, საქართველოში, სადაც ასობით ათასი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე ცხოვრობს, ნოვრუზს დღემდე არ აქვს ოფიციალური აღიარება.

წლებია, თემის აქტივისტები ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად აღიარებასა და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. თუმცა, სახელმწიფო კვლავ უგულებელყოფს ამ მოთხოვნას, რაც აშკარად აჩვენებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ კულტურული და პოლიტიკური ინტერესის დეფიციტს.

ნოვრუზის აღიარება არა მხოლოდ კულტურული საკითხია, არამედ საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეების სოციალურ-პოლიტიკური თანასწორობის და ხილვადობის საკითხიც. ეროვნული დღესასწაულების სია უნდა ასახავდეს ქვეყნის მრავალეთნიკურ რეალობას და უნდა ემსახურებოდეს სოციალური ინტეგრაციის გაძლიერებას. საქართველოს სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ამ თემის არსებობა ქვეყნის ისტორიის განუყოფელი ნაწილია და არა ობიექტი, რომელიც არ უნდა შეუმჩნეველია და უხმო.

დღეს, საქართველოში დომინანტური ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი მხოლოდ პოლიტიკური ჰეგემონიის შენარჩუნებას კი არ ემსახურება, არამედ ეთნიკური უმცირესობების სრული დეპოლიტიზაციისა და უხილავობის პოლიტიკასაც. სუსტი კულტურული აღიარების უკან დგას დაბალი პოლიტიკური რეპრეზენტაცია, სუსტი სოციალური დაცვის მექანიზმები, სტრუქტურული სიღარიბე და განათლების ბარიერები. საქართველოს აზერბაიჯანელი თემი არასათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად დღესაც აწყდება სისტემურ ბარიერებს დასაქმებაში, ჯანდაცვაზე წვდომაში, მიწის საკუთრების რეგისტრაციაში, ინფრასტრუქტურულ პრობლემებში, რაც აშკარა დისკრიმინაციის და სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობის გამოვლინებაა.

დღეს, საქართველოში დემოკრატიული სივრცის შეზღუდვისა და ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების ფონზე, უმცირესობების ინტერესების დაცვა კიდევ უფრო რთული ხდება. ავტორიტარიზმი, თავისი არსით, ეფუძნება პოლიტიკური ჰომოგენიზაციის, კონტროლისა და რეპრესიული მექანიზმების გაძლიერებას, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება ეთნიკურ, რელიგიურ და სოციალურ უმცირესობებზე. ავტორიტარული რეჟიმები, ისტორიულად, ცდილობენ "შინაგანი მტრების" შექმნას, რათა გაამყარონ ძალაუფლება, ხოლო უმცირესობები ხშირად ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხდებიან. ასეთ პირობებში მათი კულტურული და პოლიტიკური ხილვადობა კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ნაციონალისტური ნარატივები ქვეყანას ეთნიკურ მონოლითად წარმოაჩენს და განსხვავებულ ჯგუფებს საზოგადოებისთვის უცხო ელემენტებად წარმოაჩენს. პარალელურად, მათი უფლებებისთვის ბრძოლა მეტ წინააღმდეგობას შეხვდება, რადგან სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედების სივრცე ვიწროვდება, რაც ნიშნავს, რომ მათი პრობლემების გაჟღერება და ადვოკატირება უფრო რთული გახდება.

დემოკრატიის შესუსტების პირობებში, სწორედ უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა გახდეს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს არის მთლიანი საზოგადოების თავისუფლების საზომი. ამ პირობებში ნოვრუზის ეროვნული დღესასწაულად გამოცხადება არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯიეს არის პოლიტიკური და სოციალური თანასწორობის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ამ სამართლიან ბრძოლას და მივიჩნევთ, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ჩართულობა არა მხოლოდ მათი, არამედ მთელი საზოგადოების პროგრესისთვის გადამწყვეტია. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ კულტურული ტოლერანტობის დეკორაციებითჩვენ ვითხოვთ არსებით თანასწორობას.

საქართველოს სახელწიფო უნდა გააცნობიეროს, რომ მრავალეთნიკურობა ქვეყნის სიმდიდრეა და ის უნდა აისახოს როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ გადაწყვეტილებებში. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ისეთი სახელმწიფოს მშენებლობას, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორად და ღირსეულად იგრძნობს თავს.

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“