[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ნარკოპოლიტიკა / განცხადება

ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

470_a51dd377170c2ee1d427e7b1cf676c5f

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით და პირადად მას, ამ დრომდე არ მოუსმენია სიღრმისეული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გამოიწვევს თუ არა ნარკოტიკის მოხმარების გაზრდას. პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს დაინტერესებულ ჯგუფებს, მათ შორის კანონპროექტის ინიციატორ ორგანიზაციებს, რომ “წარმოადგინონ სიღრმისეული ანალიზი და ამის საფუძველზე გაუადვილონ საპარლამენტო სპექტრს გადაწყვეტილების მიღება ნარკოტიკებთან დაკავშირებით”.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ხუთმა დეპუტატმა ამ წლის ზაფხულში (თითქმის ნახევარი წლის წინ) მოახდინეს. კანონპროექტს მისი განმარტებითი ბარათის გარდა, თანდართული აქვს მხარდამჭერი დოკუმენტი, სადაც გაწერილი და ახსნილია ყველა რისკები და მათი მინიმიზების გზები - კერძოდ, პრევენციის, მკურნალობა/რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, რითიც მოხდება ნარკოტიკის გავრცელების პრევენცია, ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ნარკოდამოკიდებულ ადამიანთან ჯანდაცვითი თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ინიცირების შემდეგ სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობდა კანონპროექტზე მუშაობა. კერძოდ, მისი საჯარო პრეზენტაციები გაიმართა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში, აგრეთვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მოეწყო სამუშაო შეხვედრები კანონპროექტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, რამდენჯერმე გაიმართა კანონპროექტის საჯარო განხილვა თბილისში, აგრეთვე მოხდა მისი შინაარსის გაცნობა რეგიონებში. კანონპროექტი დაგზავნილი იყო რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამმა ავორიტეტულმა ორგანიზაციამ (UNAIDS, Global Commission on Drug Policy, International Drug Policy Consortium) უკვე წარმოადგინა საკუთარი შეფასებები, რომლითაც ცალსახად მიესალმებიან მომზადებული ცვლილებების მიმართულებებსა და შინაარსს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ინიცირებიდან დღემდე პლატფორმა კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს ინარჩუნებდა როგორც პარლამენტთან, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებთან და რამდენიმე ეტაპად მოხდა უწყებების პოზიციების გათვალისწინება, რათა კანონპროექტი ყოფილიყო მაქსიმალურად კონსესუს-უნარიანი და გაადვილებულიყო მისი დროული განხილვა პარლამენტში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ამგვარი განცხადება მთლიანად უგულებელყოფს რამდენიმეთვიან უმნიშვნელოვანეს სამუშაო პროცესს და აჩენს მმართველი პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულებას ნარკოტიკების მოხმარებლების, მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე საპატიმროებში მყოფი იმ ათასობით ადამიანის მიმართ, რომლებიც დღეს გაუგონარი უსამართლობის და სახელმწიფოს ირაციონალური მიდგომების გამო იხდიან მრავალწლიან სასჯელებს.

ცხადია, ჩვენ მზად ვართ, პირადადაც გავუზიაროთ პარლამენტის თავმჯდომარეს ინიცირებული კანონპროექტის არგუმენტები, მასზე მომზადებული საერთაშორისო დასკვნები და ჩვენი ხედვები, რომლის თანახმადაც არსებული სადამსჯელო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს ზრუნვის და მხარდაჭერის მიდგომებით. ამავდროულად, მივმართავთა ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ უახლოეს დღეებში უზრუნველყოს კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები და ახალ წლამდე საქართველოს პარლამენტმა დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური ნება, უჭერს თუ არა მხარს მომზადებულ ინიციატივას პრინციპების დონეზე.

ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” და მასში შემავალი 40-ზე მეტი ორგანიზაციის თუ აქტივისტური ჯგუფის სახელით. ჩვენი მოთხოვნები პირველ რიგში ეფუძვნება იმ ათიათასობით ადამიანს და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს, რომლებიც ყოველდღიური მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ არსებული პოლიტიკა ფუნდამენტურად შეიცვლება და უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმების გამოყენება შეწყდება, ხოლო აბსურდული ბრალდებებით ციხეში მყოფი პატიმრები დაუბრუნდებიან საზოგადოებას და საკუთარ ოჯახებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“