[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილება აუცილებელია უწყების დამოუკიდებლობისა და ნეიტრალიტეტისთვის

კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება. აღნიშნული გადაწყვეტილება ამცირებს პროკურატურის უწყების დემოკრატიზაციის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პერსპექტივას.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს, სხვა საკითხებთან ერთად, ავალდებულებდა გენერალური პროკურორის შერჩევის წესის ცვლილებას. შეთანხმებაში აღნიშული იყო, რომ ზოგადი წესით, გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე პარლამენტს გადაწყვეტილება საერთო ხმების 3/5-ით უნდა მიეღო და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში (თუკი დეპუტატების 3/5 ვერ მიაღწევდა შეთანხმებას კონკრეტულ კანდიდატზე) უნდა მიღებულიყო ამ საკითხზე გადაწყვეტილება უბრალო უმრავლესობის მიერ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 6 სექტემბრის განცხადებით, მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმებამ ამოწურა თავი, გენერალური პროკურორის დანიშვნაზე მომზადებული ცვლილებების განხილვა პარლამენტში აღარ გაგრძელდება და პარლამენტი მხარს აღარ დაუჭერს დანიშვნის ახალ წესს.

გენერალური პროკურატურა მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რგოლია. ეს არის ერთადერთი უწყება ქვეყანაში, რომელიც სისხხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს ადამიანებზე. ამავდროულად, პროკურატურა არსებით გავლენას ახდენს საქმეების გამოძიების ხარისხსა და ყოველმხრივობაზე. უშუალოდ უწყების შიგნით, გენერალური პროკურორი ფლობს ფაქტობრივად შეუზღუდავ კომპეტენციებს და შესაძლებლობა აქვს, გავლენა იქონიოს როგორც ზოგადად უწყების მართვის სტრატეგიულ საკითხებზე, ისე ინდივიდუალურ საქმეებზე. ამ ფონზე, კრიტიკულად აუცილებელია, რომ გენერალური პროკურორი ინიშნებოდეს გამჭვირვალე, სამართლიანი პროცედურით, რა დროსაც მაქსიმალურად იქნება დაზღვეული საკითხის პოლიტიზება და გადაწყვეტილების ვიწრო-პარტიული ინტერესებით მიღება.

სამწუხაროდ, გენერალური პროკურორის შერჩევა-დანიშვნის მოქმედი წესები ვერ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნებს და არსებული საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ აზღვევს, რომ ამ თანამდებობაზე პირები ინიშნებიან არა პროფესიული უნარების და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით. ამ კუთხით არსებული პრობლემები ვერ მოაგვარა 2017-2018 წლების კონსტიტუციურმა რეფორმამ და მის საფუძველზე კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმაც, რომლებიც არაჯეროვანი და არათანმიმდევრული აღმოჩნდა არსებული გამოწვევების საპირწონედ. შედეგად, ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, დღემდე სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი პროკურატურის სისტემის პოლიტიკური დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება. პროკურატურის სისტემა კვლავაც პოლიტიკურად მოტივირებულ, დახურულ უწყებად რჩება. არაეფექტიანია საპროკურორო საბჭოც, რომელიც ფიქციური უფლებამოსილებების და დაკომპლექტების არადემოკრატიული წესის გამო, ვერ ასრულებს დაკისრებულ კონსტიტუციურ ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას.

არსებული პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ უცდია პროკურატურის სისტემის ძირეული რეფორმის დღის წესრიგში დაბრუნება. 19 აპრილის შეთანხმებამ სახელმწიფოს მისცა საშუალება, დაეწყო მსჯელობა ამ საკითხზე და ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი დიალოგის პირობებში წარემართა რეფორმის იდეებზე მუშაობა. სამწუხაროდ, მმართველი პოლიტიკური გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილება არის მორიგი გაშვებული შესაძლებლობა პროკურატურის რეალური რეფორმისთვის და მისი დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად მომზადებულ კანონპროექტში, რეფორმის საკითხი შედარებით ვიწროდ იყო მოყვანილი და სათანადოდ არ მოიცავდა რეფორმისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ერთი მხრივ, იღებდა პასუხისმგებლობას სისტემის დემოკრატიულ გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხაზს უსვამდა დასავლური ღირებულების გაზიარებას მთლიანად მართლმსაჯულების სისტემების დემოკრატიზაციის პროცესში.

მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება მით უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენ არ მოგვისმენია არსებითი განმარტება, ან დასაბუთება, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ცვლილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარს აცხადებს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების განვითარებაზე და აგრძელებს პროკურატურაზე გავლენების შენარჩუნებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განაახლოს მსჯელობა პროკურატურის და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზე და ამ პროცესში გაითვალისწინოს სამოქალაქო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები და რეკომენდაციები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“