[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

გენდერული კვოტების გაუქმება თანასწორობის და დემოკრატიის მშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანი უკანდახევა იქნება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ქართული ოცნებისა და პარტია გირჩის მცდელობას გააუქმოს სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმი და მიიჩნევს, რომ ინიციირებული კანონპროექტის მიღება იქნება მნიშვნელოვანი უკანდახევა დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობის მშენებლობის გზაზე. 

მიმდინარე წლის 1 აპრილს, პარტია გირჩის მიერ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის სრულად გაუქმებას და გენდერული კვოტების მექანიზმის სრულად გაუქმებას ითვალისწინებს.  

სავალდებულო გენდერული კვოტა 2020 წელს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა. უკანასკნელი ცვლილებები კი კანონში, დაჩქარებული წესით, ერთი წლის წინ, 2023 წლის 9 თებერვალს შევიდა, რის შედეგადაც სავალდებულო კვოტირების ვადა 2032 წლის ჩათვლით გაიზარდა. გენდერული კვოტირების მოქმედი წესის შესაბამისად, 2024 და 2028 წლების პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიების  მონაწილეობისთვის, სავალდებულოა, რომ პარტიულ სიებში სულ ცოტა ყოველი მეოთხე იყოს ქალი. ხოლო, 2032 წლის ჩასატარებელ არჩევნებში კი, სულ ცოტა ყოველი მესამე.[1] ამავდროულად, მოქმედი წესით პარტიული სიით გამოკლებულ მამაკაც დეპუტატს, ადრე თუ იმავე სქესის დეპუტატი ანაცვლებდა, ახლა მას სიის მომდევნო ნომერი ჩაანაცვლებს, რომელიც შესაძლოა ქალიც იყოს. 2024 წლის 1 აპრილს წარდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი პოლიტიკური პარტიების მიერ ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაციის ბალანსისთვის შექმნილი ყველა ეს  მექანიზმი უქმდება.

გენდერული კვოტირების სასარგებლოდ მმართველი პარტიის მანამდე გაზიარებული რიტორიკა ერთი წლის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, რადიკალურად შეიცვალა და დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება სათანადო დასაბუთების გარეშე აცხადებს, რომ ის აბსოლუტური უმრავლესობით მხარს დაუჭერს გენდერული კვოტების გაუქმებას.[3]  სამწუხაროა, რომ ამ პოზიციას სრულად იზიარებს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი და მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო წილოსანიც[4], რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს მმართველი პოლიტიკური გუნდის შემდეგ ქალი პოლიტიკოსების დაბალ პოლიტიკურ გავლენას და ამ მიმართულებით პარტიის შიგნით გატარებული სამუშაოების მოჩვენებითობას. 

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით დაუსაბუთებელი ჩანს იმ ფონზე, როდესაც ის სოციალური და პოლიტიკური გარემოებები, რომელიც კვოტების შემოღების აუცილებლობას განაპირობებდნენ კვლავ არსებობს და ქალები არ არიან საკმარისად წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში. 

მაგალითად, დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში ქალთა პროცენტული რაოდენობა 19.3 % -ია.[5] აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, თუ გავითვალისწინებთ ქალების რაოდენობას საერთო მოსახლეობაში. ქვეყანაში არსებობს რეალობა, რომ საუკეთესო მაჩვენებელი, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პროპორციული სისტემის ფარგლებში არჩეულ დეპუტატებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით დაფიქსირებულა, შეადგენდა მხოლოდ 23,38 პროცენტს (2016 წლის საპარლამენტო არჩევნები).[6] თუმცა, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქალების არათანაბარი რეპრეზენტაცია პოლიტიკაში არ წარმოადგენს მხოლოდ რაოდენობრივი ასიმეტრიის საკითხს. პროპორციული პოლიტიკური რეპრეზენტაცია უპირველესად  დემოკრატიის საწყის პრინციპებთანაა დაკავშირებული, რომელიც პოლიტიკაში ყველა ჯგუფის სათანადო რეპრეზენტაციას ითხოვს.   

ქვეყანაში ქალთა არათანაბარი პოლიტიკური წარმომადგენლობა მათ წინაშე მდგარი სტრუქტურული ბარიერების არსებობაზე უთითებს. ქალები კვლავ არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, რაც საჯარო ცხოვრებაში მათ სრულფასოვნად მონაწილეობს ხელს უშლის. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის რეალურ ბარიერებს შორისაა ქალების მოწყვლადი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინანსური სირთულეები, პარტიის მხარდაჭერის ნაკლებობა, საოჯახო საქმიანობის არათანაბარი ტვირთი, საზოგადოებაში არსებული გენდერულად სტერეოტიპული დამოკიდებულებები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. აღნიშნული  დისკრიმინაციისა და ისტორიული უსამართლობის აღმოსაფხვრელად გენდერული კვოტირების მექანიზმი - როგორც დროებითი ზომა, მსოფლიოს არაერთ კონტექსტში შემუშავდა. გენდერული კვოტირების ინსტრუმენტის მიზანი სწორედ ამ ასიმეტრიის აღმოფხვრაა დროის შედარებით მოკლე ვადებში, ვიდრე აღნიშნული პოლიტიკური დისკრიმინაცია ამგვარი ჩარევის გარეშე თავისით/ ‘ბუნებრივად’ მოგვარდება.  სწორედ კვოტირების მექანიზმის გამოყენებამ სხვადასხვა კონტექსტში შესაძლებელი გახადა ქალთა მეტ-ნაკლებად თანაბარი პოლიტიკური რეპრეზენტაციის უზრუნველყოფა.

საინტერესოა ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომელიც მან გენდერული კვოტირებასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში გააკეთა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდა თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი მიზანია, რაც კონსტიტუციის მე-11 მუხლით არის გარანტირებული.[7]  სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული მიზნის მისაღწევად კოდექსის ეს ჩანაწერი ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმს წარმოადგენს და სხვაგვარი ღონისძიება ვერ ჩაითვლება იმავე ეფექტის მქონე ნაკლებად შემზღუდველ საშუალებად.[8]  სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში ქალთა დაბალი წარმომადგენლობა პირდაპირ არის კავშირში მათი უნარების რეალიზებასთან დაკავშირებული ხელოვნური ბარიერების არსებობასთან. ქალთა დაბალ წარმომადგენლობას არა ერთჯერადი, არამედ განგრძობადი ხასიათი აქვს, შესაბამისად ეს რეალობა არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო შემთხვევითობად, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში სახელმწიფოს ჩარევის გარეშე თავისთავად შეიცვალოს.[9] სამწუხაროდ, ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ლოგიკას და გენდერული კვოტირების მექანიზმთან, როგორც თანასწორობის გარანტირების მექანიზმთან დაკავშირებულ უფლებრივ და პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს ასევე უპირისპირდება და სათანადო დასაბუთების გარეშე, ქალებს პოლიტიკური მონაწილეობის ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას ართმევს.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე მიჩნეულია, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა ქვეყნის   პოლიტიკის შინაარსსაც ცვლის და ფორმასაც. ბოლო წლების ჩვენმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ქალი პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაშიც/გარემოშიც ახერხებენ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი და მეინსტრიმული პოლიტიკური დღის წესრიგიდან განდევნილი საკითხების გაჟღერებას. გარდა ამისა, ქალების პოლიტიკიდან გარიყვის დისკრიმინაციული პრაქტიკა ხელს უწყობს პოლიტიკის  მასკულინური მოდელის კვლავწარმოებას, რომელშიც პოლიტიკა ეფუძნება კონკურენციას, დაპირისპირებას და ნაკლებად, კონსენსუსს, ჰორიზონტალურობასა და თანამშრომლობას. ამის საპირისპიროდ კი პოლიტიკაში ქალების გაზრდილი რეპრეზენტაცია და გაძლიერება,  თანამშრომლობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას  უწყობს ხელს. როგორც ჩანს, პოლიტიკის წარმოების აგრესიული და პოლარიზებული ლოგიკის გამოყენება ხელისუფლებისთვის  პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების გზაა. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პარლამენტმა გააცნობიეროს ის საკითხი, თუ რამდენად შეუშლის ხელს გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. აღსანიშნავია, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, რომელიც ევროკომისიის აზრით შესრულებულად ჩაითვალა გენდერული თანასწორობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობისთვის ბრძოლა იყო.[10] ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ ინიციირებულ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების ბაზისურ გაგებასთან და სტანდარტებთან, ეს ინიციატივა დააზიანებს წლის ბოლოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთ პოლიტიკური გარემოება. როგორც მედიაში ითქვა, აღნიშნული კანონპროექტის მიღების სანაცვლოდ, ,,გირჩი’’ მხარს დაუჭერს მმართველი პარტიის მიერ არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს.[11 როგორც ჩანს ხელისუფლება დემონსტრაციულად უპირისპირდება ნდობასა და უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკის პრინციპებს და კიდევ ერთხელ უგულებელყოფს კანონის ძალით, ხალხის და საერთაშორისო აქტორების წინაშე დადებულ შეთანხმებებს.  

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ პარტიას არ დაუშვას გენდერული კვოტების გაუქმება და არ წაართვას ქალებს ის შესაძლებლობები, რომელიც მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ სწორედ ქალებმა მოიპოვეს. ეს გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების, ქალთა ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასდება, როგორც მნიშვნელოვანი უკანდახევა თანასწორობიდან და დემოკრატიიდან.  

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] 203-ე მუხლი., 1-ლი - მე-4 პუნქტები., Საქართველოს საარჩევნო კოდექსი

[2]https://parliament.ge/media/news/parlamentma-saarchevno-kodeksshi-genderuli-kvotirebis-tsestan-dakavshirebuli-tsvlileba-pirveli-mosmenit-miigho

[3] https://www.radiotavisupleba.ge/a/32886809.html ; https://www.radiotavisupleba.ge/a/32886517.html

[4] https://netgazeti.ge/news/716029/

[5] Გენდერული თანასწორობა საქართველოში., ბარიერები და რეკომენდაციები., საქართველოს პარლამენტი.,67.https://www.undp.org/ka/georgia/publications/genderuli-tanascoroba-sakartveloshi-barierebi-da-rekomendatsiebi-2021

[6] ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება., საქართველოს საკონსტიტუტციო სასამართლო., 2020. 31. [ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10127 ]

[7] ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი", ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება., საქართველოს საკონსტიტუტციო სასამართლო., 38. [ხელმისაწვდომია: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=10127 ]

[8] იქვე. 58

[9] იქვე. 31

[10]https://idfi.ge/ge/review_of_the_european_commission_s_assessment_implementation_of_the_12_priorities_and_new_conditions

[11] https://www.radiotavisupleba.ge/a/32886517.html

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“