საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 9 მარტს, რამდენიმეკვირიანი შუალედის შემდეგ გამართულ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პარლამენტისთვის წარდგენასთან დაკავშირებით იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი არ იყო მითითებული და საზოგადოებას წინასწარ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ 9 მარტის სხომაზე მოხდებოდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. ეს იმ ფონზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული მართლმსაჯულებისათვის და ამ საკითხზე ბუნებრივად არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.
საყურადღებოა, რომ 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, დასახელებული თანამდებობა დღემდე ვაკანტური.[1] იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ საკითხზე თვეების მანძილზე არ უმსჯელია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა საბჭოს დღის წესრიგში, რაც საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში განამწესა 14 მოსამართლე გასული წლის ბოლოს.[2]
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინიციატივით, 10 მარტს 15:00 საათზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გაიმართება კონსულტაციები. კონსულტაციები დახურულ რეჟიმში წარიმართება და მისი სავარაუდო ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება, თუმცა ბუნდოვანია, რა პროცედურით და წესით გაითვალისწინებს მოსამართლეების პოზიციებს საბჭო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. კონსულტაციების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამართავს გასვლით სხომას უზენაეს სასამართლოში, სადაც იმსჯელებს პარლამენტისთვის წარსადგენად კონკრეტულ კანდიდატურებზე. საქართველოს ორგანული კანონის თანახმად,[3] უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წარუდგენს, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით დეტალურად არ არის გაწერილი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა, მოსამართლეებთან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვა შესაძლოა წარმოადგენდეს დადებით ნაბიჯს. თუმცა, შემოთავაზებული პროცედურა არ ტოვებს სანდოობის განცდას, ვინაიდან კონსულტაციისთვის განსაზღვრული ერთსაათიანი ვადა ობიექტურად ვერ იქნება საკმარისი უზენაესი სასამართლოს 22 მოსამართლისა და საბჭოს წევრებს შორის სათანადო მსჯელობის წარმართვისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციას ფორმალური ხასიათი აქვს და საბჭოს მიზანი რეალური დისკუსიის წარმართვა არ არის. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, კონსულტაციების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფითად აისახება პროცესის მიმართ სანდოობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ:
[1] https://emc.org.ge/ka/products/arasamtavrobo-organizatsiebi-sakartvelos-uzenaesi-sasamartlos-tavmjdomaris-mier-tanamdebobis-datovebis-fakts-ekhmaurebian
[2] https://emc.org.ge/ka/products/uzenaesi-sasamartlos-dakomplektebis-erttsliani-protsesi-mimokhilva
[3] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ინსტრუქცია