საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვინდა, გამოვეხმაუროთ 14 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ში გასულ სიუჟეტს, რომელიც 10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ვანდალურ ფაქტს შეეხებოდა, როდესაც ადგილობრივი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა მუსლიმთა სასულიერო სასწავლებელთან ღორი დაკლა და მისი თავი კარებზე მიამაგრა.
ჩვენი აზრით, სიუჟეტის ქარგა არათანაბარი იყო, რადგან რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ამ ფაქტზე სამართლებრივი და უფლებრივი თვალსაზრისით მსჯელობის ნაცვლად, პირველ ნაწილში შემოთავაზებული იყო სპეკულაციური ინტერპრეტაცია, რომელიც სოციალურ პრობლემას უმცირესობის თემატიკასთან დაუსაბუთებლად აკავშირებდა. მით უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს ინტერპრეტაცია არასრულწლოვანის ხარჯზე ხდება, რითაც ირღვევა ბავშვის უფლება.
სიუჟეტში იდენტიფიცირებულია მე-8 კლასის მოსწავლე, რომლის მუსლიმთა პანსიონში სწავლას ჟურნალისტი აღმზრდელი ბებიის და ბაბუის სოციალური შეჭირვებით (ჟურნალისტი: “მუსლიმთა პანსიონში სწავლა უფასოა… სამჯერადი კვება… ოჯახს ფინანსურად უჭირს, მისი პანსიონში მიმაგრებაც ამიტომ გადაწყვიტეს”) და არა მათი გაცნობიერებული არჩევანით ხსნის, რასაც საუბარში ბავშვის ბებია აღნიშნავს (“ჩვენი მუსლიმური სარწმუნოება რომ არის, იმას ასწავლიან სკოლაში”).
სიუჟეტში დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 47(11)-ე მუხლი, რომლის თანახმად, “აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს.”
მაუწყებელმა ასევე დაარღვია ქცევის კოდექსის 33 (2) მუხლი, რომლის მიხედვითაც, “მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას”…
ამასთანავე სიუჟეტში გამოყენებული ინციდენტის მონაწილეთა კომენტარები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მომხდარი არა ისლამოფობიის გამოვლინებაა, არამედ უწყინარი ფაქტია, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის დისკრიმინაციული შეფასება და საქართველოს მოქალაქე მუსლების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ფაქტის უცხო ქვეყანის ინტერესებთან დაკავშირება. სიუჟეტიდან მაკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნული რესპონდენტი საკითხის წინაღმდეგობრივ და დამაბნეველ კონტექსტუალიზაციას ახდენს და ზოგადი ტოლერანტული ფრაზების შემდგომ, აშკარად ქსენოფობიურ რიტორიკას ავითარებს. ჟურნალისტი ამ წინააღმდეგობას მაყურებელს ყოველგვარი კრიტიკული გააზრების გარეში სთვაზობს.
ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გადაცემა P.S. საქართველოს მოქალაქე მუსლიმების აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებულ თემატიკას დისკრიმინაციულ კონტექსტში აშუქებს, რაც 29 მაისის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანომაც ნაწილობრივ გაიზიარა, მივმართავთ P.S.-ის რედაქციას:
ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას, აწონ-დაწონოს ის ზიანი, რომელიც მოზარდს სიუჟეტის ეთერში გასვლით შეიძლება მიადგეს;
მედიის განვითარების ფონდი, MDF
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
იდენტობა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI
საფარი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC
ინსტრუქცია