[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

განცხადება რამინ მამედოვისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, 10 აპრილს, სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა დააკავეს პოლიციელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე, რომლის ძებნის ოპერაციაც რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.[1]

შ. აბულაძის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 9 აპრილს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა დააკავეს რამინ მამედოვი, რომელიც მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შალვა აბულაძის მეგობარია. რ. მამედოვს ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს წარმოადგენს და სასჯელის ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ცნობილი გახდა, რომ რამინ მამედოვის დაკავების გარდა, სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრებითა და ახლობლებით დაინტერესდნენ და მათ ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში,  ადვოკატის მონაწილეობის გარეშე კითხავდნენ.[2]

დაკითხვის დასრულების შემდეგ, მამედოვის ოჯახის წევრებმა მედიასთან გააკეთეს განცხადება, რომ დაკითხვის დროს, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლასა და მუქარას. სამართალდამცავები მათგან შ. აბულაძის ადგილსამყოფელის გამხელას მოითხოვდნენ. მათივე განცხადებით, შ. აბულაძის ძებნის ოპერაციას უკავშირდებოდა რამინ მამედოვის დაკავებაც, რომელსაც სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება განზრახ ჩაუდეს.[3]

მამედოვის ახლობლების განცხადებები არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა. თუმცა, უცნობია, დაინტერესდა თუ არა პროკურატურა აღნიშნული საქმით და დაიწყო თუ არა გამოძიება. რ. მამედოვის დაკავების ფაქტის ირგვლივ გავრცელებული ცნობები მიუთითებს არაერთი მძიმე დანაშაულის სავარაუდო ჩადენაზე, მათ შორის, ისეთი ქმედებების როგორიცაა იძულება, მუქარა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პასუხისგებაში უკანონო მიცემა და სხვა. დაკითხვაზე მყოფი პირების მხრიდან კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებზე მითითება გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველია, რაც ავალდებულებს პროკურატურას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და გამოარკვიოს, ჰქონდა თუ არა ადგილი იმ ფაქტებს, რომლებზეც რ. მამედოვის ოჯახის წევრები საუბრობენ. კერძოდ, მოხდა თუ არა რ. მამედოვისთვის ნარკოტიკული საშუალებების განზრახ ჩადება და ადგილი ჰქონდა თუ არა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლას სამართალდამცავების მხრიდან.    

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ როგორც რ. მამედოვის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.[4] თუმცა, მან აღნიშნული პოზიცია, მოულოდნელად, სასამართლო სხდომაზე შეცვალა, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილებოდა. რ. მამედოვის მიერ ბრალის აღიარებას კი, ასევე მოულოდნელად, მოჰყვა პროკურორის პოზიციის ცვლილება და მისი მხრიდან, პატიმრობის ნაცვლად, გირაოს გამოყენების მხარდაჭერა. ბრალდებულისა და პროკურორის ამგვარი მოქმედება აძლიერებს რ. მამედოვის ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ეჭვებს მამედოვისთვის სამართალდამცავების მიერ ნარკოტიკის ჩადებისა და იძულების სხვა ფორმების გამოყენების თაობაზე.

გასათვალისწინებელია, რომ წარსულში, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კრიტიკისა და  უკმაყოფილების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს სამართალდამცავი პირების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადების, ან სხვა მსგავსი მავნე პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებული დასაბუთებული ეჭვი წარმოადგენდა. სისხლის სამართლის არაერთ საქმეში არსებობდა ეჭვი, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკით საგამოძიებო ორგანოები ახერხებდნენ პირების დაყოლიებას თანამშრომლობაზე ან/და დანაშაულის აღიარებაზე. [5] ამგვარმა ეჭვებმა მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, შალვა აბულაძის ძებნის პროცესში, მისი მეგობრის პასუხისგებაში მიცემა და ამ საქმის ირგვლივ გაჩენილი ეჭვები, ასევე სამართალდამცავების მიერ მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაკითხვა და ამ პროცესთან დაკავშირებით  მამედოვის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები აჩენს ეჭვებს, ბრალდებულ შალვა აბულაძის ძებნის პროცესში, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული მეთოდების კანონიერების მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ეჭვებსა და შეკითხვებს დროული და მიუკერძოებელი გამოძიების შედეგებით უპასუხოს.

აღსანიშნავია, რომ ისეთ მძიმე დანაშაულებზე რეაგირების პროცესშიც კი, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს, პოლიციელის სიცოცხლის დანაშაულებრივი გზით მოსპობა, სამართალდამცავი სისტემა ვალდებულია იმოქმედოს კანონით დადგენილ ჩარჩოში და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გამოიყენოს  იმგვარი მეთოდები, რაც ხელყოფს კანონის მოთხოვნებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გამოეხმაუროს რამინ მამედოვის ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, უზრუნველყოს განცხადებებში აღნიშნული გარემოებების სწრაფი, მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოძიება და დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს.

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“