საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მშრომელთა საერთაშორისო დღე, 1 მაისი, მუშათა მოძრაობების წარმოშობის მიზეზების და იმ შედეგების სიმბოლური აღმნიშვნელია, რამაც სახელმწიფოები აიძულა, ეღიარებინათ შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობა და ხელი შეეწყოთ სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვირდებისთვის.
შრომის უფლება, უფლება სათანადო შრომის პირობებსა და კეთილდღეობაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. თავდაპირველად, მისი დაცვის საჭიროება პრაგმატული მიზეზების არსებობამ განაპირობა, ვინაიდან სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა საყოველთაო მშვიდობის მიღწევის აუცილებელ საშუალებად იქნა მიჩნეული. თუმცა, ადამიანის უფლებათა კონცეფციის თანამედროვე გაგება შრომის უფლების გააზრების ახალ პერსპექტივას გვთავაზობს. მას ადამიანის პიროვნული თავისუფლების, თვითრეალიზაციის, განვითარების კონტექსტში განიხილავს, ადამიანის ღირსებას უკავშირებს და საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მიიჩნევს.
თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე ორიენტირებულმა სახელმწიფოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც შრომით ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩაურევლობას გულისხმობდა, დასაქმებულები დამსაქმებელთა ხელში არსებულ „საშუალებებად“, „ფლობის ობიექტებად“ აქცია. ამგვარმა მიდგომამ სრულად გამორიცხა დასაქმებულთა, როგორც ღირსებისა და უფლებების მქონე სუბიექტების გააზრება, რამაც თავისმხრივ, მათი სრული დეჰუმანიზება განაპირობა. ღრმა უთანასწორობის პირობებში, ჩაგრული სოციალური ჯგუფები უცხოვდებიან პოლიტიკური სისტემისგან და ასევე საკუთარი თავისგან, როგორც თავისუფალი და შემოქმედი სუბიექტისგან. ამ პირობებში კი პოლიტიკური თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების რეალიზებსაც კი აზრი ეკარგება. ეკონომიკური დაუცველობა და სოციალური უსამართლობაადამიანში წარმოშობს შიშებს, მათ შორის შიშებს უცხოსა და მომავლის მიმართ, რაც საზოგადოებაში ნდობასა და სოლიდარობის განცდას ანადგურებს.
სოციალური უსამართლობისა და უთანასწორობის აღმოფხვრა დღესაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნისთვის. სახელმწიფოს მიდგომებს დასაქმებულთა შრომით უფლებებთან მიმართებით ნათლად აჩვენებს მისი შიდა საკანონმდებლო ჩარჩო, რატიფიკაციის მიღმა დარჩენილი არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ამ უფლებების რეალიზების არსებული პრაქტიკა, განსაკუთრებით კი ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა მძიმე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამუშაო პირობები და მუშათა დაშავებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი.
მიუხედავად ახალი სამთავრობო გუნდის დეკლარირებული პოლიტიკისა, რომ იგი გააძლიერებდა მუშაობას დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, ნათელია, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია ეფექტური პოლიტიკა, შრომის დაცვის სფეროში. შრომის კოდექსში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს არ მოჰყოლია დასაქმებულთა მდგომარეობის რეალური გაუმჯობესება, ცვლილებებში არსებული ხარვეზებისა და ნორმათა აღსრულების მონიტორინგის მექანიზმის გაუთვალისწინობლობის პირობებში. საკანონმდებლო ცვლილებებს არც შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხები გაუთვალისწინებია, რაც მუშათა უფლებების შელახვის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმეს და სახელმწიფოს ნებას ან უნარს, შეცვალოს ეს ვითარება, ავლენს უკანასკნელ პერიოდში წარმართული ყველაზე მნიშვნელოვანი შრომით დავაზე მისი რეაგირების ხარისხი. კერძოდ, გაფიცულთა მდგომარეობის სიმწვავისა და შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო დროულად არ ჩაერია შრომითი დავის მოგვარების პროცესში, მედიაციის სისტემის არარსებობის მიზეზით და ეს მექანიზმი მხოლოდ მას შემდეგ აამუშავა, რაც მუშათა გაფიცვა მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა და შედეგად, სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
კაზრეთის მუშათა გაფიცვის გამოცდილება, მიუხედავად მისი პოზიტიური მნიშვნელობისა, როგორც დასაქმებულთა მხრიდან უფლებათა დაცვისათვის ბრძოლის ხანგრძლივობის, მასშტაბებისა და მუშათა კონსოლიდირებული მოქმედების პირველი მნიშვნელოვანი პრეცედენტი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს უნარს და მზაობას პროაქტიულად იმუშავოს დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ამ ეტაპზე, სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა და მის მიერ გაწეული არასაკმარისი ძალისხმევა მიუთითებს საშიშროებაზე, რომ მუშათა მძიმე პირობები შესაძლოა კვლავაც დარჩეს დასაშვებ და ლეგიტიმურ მდგომარეობად. აღნიშნული კი თანადგომას, მის ქმედებებში გამოხატვის საჭიროებას მოქალაქეთა ვალდებულად აქცევს და უთანასწორობის დაძლევის მიზნით, უფლებებისათვის ბრძოლის ახალი სივრცეების გაჩენის საჭიროებას წარმოშობს, რაც გარღვევას შესაძლებელს მხოლოდ სოლიდარობის პირობებში გახდის.
ინსტრუქცია