[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

განცხადება ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ფოტო: netgazeti.ge (აჭარის ტელევიზიის კადრი/10.09.14) ფოტო: netgazeti.ge
(აჭარის ტელევიზიის კადრი/10.09.14)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 სექტემბერს, ქობულეთში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მუსლიმი თემის მიერ პანსიონატის მშენებლობა გააპროტესტეს და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, ხოლო შენობის კარზე დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ესაუბრნენ ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობების“ თავმჯდომარეს ბ-ნ შამილ კაკალაძესა და ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს.

შამილ კაკალაძის შეფასებით, რომელიც ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა #18-ში, მუსლიმი ახალგაზრდებისთვის პანსიონატს აშენებს, აღნიშნული ქმედება მთელი მუსლიმი თემის რელიგიური გრძნობების უხეშ შეურაცხყოფაა და არსებითია, რომ ხელისუფლებამ დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს. კაკალაძის განმარტებით, პანსიონატის შენობა მათ კერძო მესაკუთრისგან დაიქირავეს და მიმდინარე სემესტრში პანსიონატის გახსნას აპირებდნენ. მისი თქმით, პანსიონატი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას, პანსიონატის მაცხოვრებლები საჯარო სკოლაში დადიან და ისინი, ამ ფორმით, მუსლიმი ახალგაზრდების მხარდაჭერას ცდილობენ.

პანსიონატში უკვე რეგისტრირებულია 40-მდე (8-9 კლასის) მოსწავლე. ზაფხულის პერიოდში, პანსიონატის მოწყობისთვის, შენობის რემონტის დროს, ადგილობრივი მაცხოვრებლების კონკრეტული ჯგუფი მათ მუდმივად დევნიდა, რაც უხეშ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მშენებლობისა და შენობაში შესვლისთვის ხელის შეშლაში გამოიხატებოდა. აღნიშნულ ინციდენტებთან დაკავშირებით, მუსლიმები პოლიციას დახმარებას სთხოვდნენ, თუმცა იმ არგუმენტის გამოყენებით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო ქმედებაში, პოლიცია არ რეაგირებდა. შ. კაკალაძის განმარტებით, დღეს მიმდინარე აქციის დროს, პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა და სიტუაციის ესკალაციის პრევენციის მიზნით, მუსლიმები გაიყვანა პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიიდან. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიციამ არ მიიღო ეფექტური ზომები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის და პანსიონატის კარების წინ შესრულებული შეურაცხმყოფელი აქტის შესაჩერებლად.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლების გააქტიურება პანსიონატში მოსწავლეების მიღების პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეებმა პანსიონატის შენობას ქვები დაუშინეს, რეზინის ბარიკადები აღმართეს და მუსლიმებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ნაკაიძის განმარტებით, მუსლიმი თემი არ არის წინააღმდეგი, თუ სახელმწიფო პანსიონატში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს მოახდენს და კანონის მოთხოვნებთან მის შესაბამისობას შეამოწმებს.

მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ პანსიონატის ხელმძღვანელები კონკრეტული/იდენტიფიცირებადი ჯგუფის მხრიდან განგრძობითად განიცდიდნენ შეურაცხყოფასა და საქმიანობისთვის ხელშეშლას შესაბამისად EMC-ის მიაჩნია, რომ მოცემულ ქმედებაში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს. ამასთან, ადგილზე რელიგიური დაპირისპირებისა და კონფლიქტის აღკვეთის მიზნით, საჭიროა, რომ პოლიციამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები. ადგილობრივმა პოლიციამ საკუთარ ქმედებებში უნდა აჩვენოს რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის მიმართ პატივისცემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევაში, რასაც კომუნალური ეფექტი აქვს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

ამავდროულად, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაატაროს სათანადო ინფორმაციული პოლიტიკა გამოვლენილი ძალადობისა და შეუწყნარებლობის თავიდან აცილებისა და ადგილზე სოციალური მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ძალისხმევის გაწევა 2012-2013 წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა) გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

EMC გააგრძელებს აღნიშნული შემთხვევის მონიტორინგს და საქმესთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს წარმოადგენს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“