საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გამოგონილი სივრცე:
იაელ ნავარო-იაშინის წიგნი ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ (TRNC)[1] ბუკლეტის აღწერით იწყება. თვითაღიარებული სახელმწიფოს, დასახლებების სამინისტროს, კარტოგრაფიული დეპარტამენტის მიერ დამზადებული ბუკლეტი[2], ავტორის აზრით, ადმინისტრაციული პრაქტიკის განსაკუთრებული პროდუქტია. მასში სოფლების, რაიონების, მდინარეების, ფერდობების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები კატალოგის სახით არის წარმოდგენილი. მარცხენა მხარეს, თურქულენოვანი, ,,ახალი სახელების“ ჩამონათვალია: ანიტ დერე, არმუტლუკი, ათაბეილი და ა.შ. მათ გასწვრივ, ,,ძველი სახელების“ სიაა. აქ, დასახელებები ბერძნულ ენაზეა: კალამულლინის მდინარე, აპიდიესი, სტერაკუდია და სხვ. ამ ჩამონათვალის მეშვეობით ვიგებთ, რომ მაგალითად, - ,,აიჰათუნი“, იგივე - ,,მილონასია“.
საინტერესოა ბუკლეტის მესამე სვეტი, სადაც დასაბუთებულია ახალი სახელების შერჩევის საჭიროება. ჩრდილოეთ კვიპროსში, სახელების მინიჭების პროცედურას ,,სტანდარტიზაციის ფორმა“ უწოდეს. თურქულად ზოგიერთი გეოგრაფიული სახელი მნიშვნელობის მიხედვით, ,,ტერიტორიასთან მსგავსების“ საფუძველზე შეირჩა. ასე, სოფ. ,,ტემპლოსი“ სოფელ ,,ზეითილნიკად“[3] იქცა. ხშირად ექსპერტები, ბერძნულ დასახელებებს თურქულ ენაზე თარგმნიდნენ[4]. ზოგჯერ კი, სრულიად ახალ სახელებს იგონებდნენ[5]. ზოგიერთ შემთხვევაში, გეოგრაფიული სივრცისთვის სახელის მინიჭებისას, მოსახლეობის აზრსაც ითვალისწინებდნენ. ასეთ სახელებს სტანდარტიზაციის ფორმაში ,,პირობითად გამოყენებულ სახელებად“ მოიხსენიებდნენ. ხოლო როდესაც გეოგრაფიული სივრცის ძველი სახელწოდება თურქული იყო, ან ,,თურქულად ჟღერდა“, მაშინ მას არ ცვლიდნენ. როცა ადმინისტრაციას ჩრდილოეთ კვიპროსზე სახელების შერჩევა გაუჭირდა, მან თურქული ტოპონიმები შემოიტანა[6]. ბერძნული სოფლებისთვის თურქული ან თურქულის მსგავსი სახელების მინიჭებით, დე-ფაქტო მთავრობამ ფონეტიკური მსგავსება, სტანდარტიზაციის მეთოდად გამოიყენა. ასე, ბერძნული ,,კალამულლინი“ თურქულ − ,,აქმულლად“ იქცა.
საყურადღებოა კატალოგის დასასრული, სადაც ძველი სახელების შესახებ ინფორმაცია, ,,თურქების“ და ,,ბერძნების მიხედვით“, არის მითითებული. ჩამონათვალში, ძველი ბერძნული და თურქული სახელები, უმეტესად, ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, ადმინისტრაციის მიერ მინიჭებული ახალი სახელები მათგან სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელს ,,ეიდინკოი“ დაარქვეს მაშინ, როცა მისი ძველი სახელი, თურქების მიხედვით იყო ,,პრასტიიო“, ხოლო ბერძნების მიხედვით კი − ,,პრასტიო“. ანალოგიურად, ახალ ,,აშაიტაშქენს“, თურქები ,,სიჰარის“ უწოდებდნენ, ბერძნები კი − ,,სიიხარის“. თვალსაჩინოა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსში ახალი სახელების შემოტანამდე, ბევრი გეოგრაფიული სახელწოდება, თურქი-კვიპროსელებისა და ბერძენი-კვიპროსელებისათვის[7] საერთო იყო.
ბუკლეტი იხსნება განსახლების სამინისტროს კარტოგრაფიული დეპარტამენტის ექსპერტის, ჰალილ გირეის მნიშვნელოვანი წინასიტყვაობით:
,,როგორც ცნობილია, ადამიანთა ყოველი ჯგუფი, განვითარების რა დონეზეც არ უნდა იმყოფებოდეს, საცხოვრებლად შერჩეული მიწის მოსაპოვებლად ადგენს სუვერენიტეტის საზღვრებს. გეოგრაფიული სივრცეებისთვის სახელების მინიჭება კი მისი სუვერენიტეტის ქვეშ არსებული ტერიტორიის დაცვის ერთ-ერთი ხერხია. ბუნებრივია, რომ სახელები უნდა იყოს იმ ენაზე, რომელიც ამ მიწაზე მცხოვრებ ადამიანებს ესმით და რომელზეც საუბრობენ.
ამ მიმართულებით, კვიპროსის განსხვავებულმა ჯგუფებმა და ადმინისტრაციებმა, შესაბამისი ზომები მიიღეს. 1571 წელს, კუნძულის თურქეთის მმართველობაში გადასვლის შემდეგ, ვენეციელებისგან მიტოვებული და თურქული ოჯახებით დასახლებული სოფლებისა და რაიონებისთვის თურქული სახელების მინიჭება სრულიად ნორმალური და მოსალოდნელი პროცესი იყო. შესაბამისად, სოფლის მაცხოვრებლები არ უნდა განვსაჯოთ იმის გამო, რომ მათ გარშემო არსებულ, გეოგრაფიულ სივრცეს თურქული სახელები მიანიჭეს...
1878 წელს, მმართველობა ბრიტანელებს გადაეცათ. ბრიტანელებმა კუნძულზე თურქეთის გავლენა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნიეს. თურქული გავლენის შესასუსტებლად, მათ დაიკავეს სულთნის ქონება და ბერძნებს გადაუნაწილეს. თურქული კვალის გასანადგურებლად კი, თურქული სახელწოდებები შეცვალეს... ასე მიენიჭა ადგილებს ბერძნულ ენაზე თურქულის მსგავსი მნიშვნელობა. შემდეგ [ბრიტანელებმა] კვიპროსის რუკისა (1/63,360 მასშტაბით) და საკუთრების უფლების ამსახველი რუკების შედგენა დაიწყეს. განახლდა საკუთრებაზე რეგისტრაციაც. ბრიტანელებმა, ბერძნების დახმარებით, საკუთრებაზე უფლების მინიჭების რეგისტრაციისას, ათასობით ადგილს შეუცვალეს სახელი. მათ მიერ შექმნილ საკუთრების აღმნიშვნელ, დაახლოებით რვა ათასს რუკაზე − 61,139 გეოგრაფიული ადგილის დასახელება იყო მითითებული. აქედან, მხოლოდ 1,731 − თურქულ ენაზე, 795 − ნაწილობრივ თურქულ და ნაწილობრივ ბერძნულ ენაზე იყო. დარჩენილი 58,613 ადგილის სახელი ბერძნულ ენაზე ჩაიწერა.
კუნძულზე, რომელიც 307 წლის განმავლობაში თურქების საკუთრებაში იყო, სადაც თურქი მოსახლეობა ბერძნულს აღემატებოდა, მინდვრების, ფერდობებისა და მდინარეების სახელების ოფიციალურ რეესტრსა და რუკებზე ბერძნულ ენაზე ჩაწერა, ბრიტანელებისა და ბერძნების სამომავლო გეგმების კონკრეტული ილუსტრაციაა.
თუმცა, კვიპროსის თურქები, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებდნენ თურქული სახელების გამოყენებას, ბრიტანელთა კოლონიალური მმართველობიდან − დღემდე, რასაც დამატებით ახალი [თურქული] სახელების წარმოქმნა მოჰყვა.
კვიპროსის გეოგრაფიულ სახელებზე ადმინისტრაციული მუშაობა ანკარაში 1957 წელს ,,კარტოგრაფიის მთავარი განყოფილების“ თაოსნობით დაიწყო. დაიბეჭდა კვიპროსის ტოპოგრაფიული რუკების სერია (1/50 000 და 1/25 000 მასშტაბით) და ფიზიკური რუკა (1/250 000 მასშტაბით). თურქების მიერ დასახლებულ ყველა სოფელს, რომელსაც ბერძნული სახელი ერქვა, შესაბამისი თურქული სახელწოდება მიენიჭა. ამ სახელთა უმეტესობა, ,,კვიპროსის თურქული სათემო პარლამენტისა“ და სოფლის მაცხოვრებლებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, რუკებზე დაიტანეს და დღემდე გამოიყენება.
გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის პროცესი, ჩრდილოეთ კვიპროსის სუვერენიტეტის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო წესების რელევანტური კანონებისა და პროცედურების შესაბამისად 1978 წლის 30 ნოემბერს, ,,კვიპროსულ-თურქული ფედერაციული სახელმწიფოს პარლამენტის“, №28/1978 საკანონმდებლო დადგენილებით დაიწყო. მინისტრთა საბჭოს მიერ 1979 წლის 25აპრილს, მიღებული, № C-289/79, გადაწყვეტილების შესაბამისად, ,,გეოგრაფიულ სახელწოდებათა სტანდარტიზაციის მუდმივი კომიტეტმა“ დაიწყო მუშაობა. ის, ჩვენი სუვერენულობისა და ყოფნის წარმოსაჩენად, 18 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ კვიპროსის მიწის ყოველ ინჩს თურქულ სახელს ანიჭებდა.
,,გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის“ პროექტი ჩრდილოეთ კვიპროსის სუვერენიტეტის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე[8] ყველა გეოგრაფიული სახელის თურქიზაციას ისახავს მიზნად[9].“
ეს იდეოლოგიური წინასიტყვაობა კატალოგის პოლიტიკურ მოტივს თვალსაჩინოს ხდის. გირაი ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის დამყარებისას, გეოგრაფიული სივრცისთვის საკუთარ ენაზე სახელების მინიჭების სურვილი ბუნებრივია. თუმცა, ადმინისტრაციის იდეოლოგიისა და პოლიტიკის გარდა, საყურადღებოა მოსახლეობის პოზიცია. თურქი-კვიპროსელები იხსენებენ, რომ გეოგრაფიული სახელების ცვლილებას, სივრცის ადმინისტრაციული პრაქტიკიდან[10], ყველა ბერძნული ლინგვისტური თუ სიმბოლური, ნიშნის გაქრობა მოჰყვა[11]. ახალმა საგზაო მაჩვენებლებმა კი, ჩრდილოეთ კვიპროსის ძველი და ახალი მაცხოვრებლები მათ ირგვლივ ტრანსფორმირებული სივრცეზე დააფიქრა და სივრცეში ორიენტირება გაუადვილა. დღეს[12] შეცვლილ სახელთა კატალოგი, ჩრდილოეთ კვიპროსის, წიგნის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, ახალ რუკებთან ერთად არის ხელმისაწვდომი. კატალოგი, სახელების ცვლილებით დეზორიენტირებულ სივრცეში მცხოვრებ მოსახლეობას ახალ, ფანტაზმურ სივრცესთან ადაპტაციაში ეხმარება. კერძოდ, აცნობს, რომ ,,ბეილარ ბეიი“, მათთვის ნაცნობი,- ,,ბელლაპაისია“, ახლანდელი ,,ყარშიიაკა“ კი − ძველი ,,ვასილია“.
გამოგონილი
იაელ ნავარო-იაშინი გამოგონილ[13] სივრცეს იკვლევს. ანთროპოლოგის მიხედვით, გამოგონილი სოციალური ფორმაა, რომელიც არა მხოლოდ სივრცეს და ტერიტორიას, არამედ მმართველობისა და ადმინისტრირების ხერხებს და მატერიალურ პრაქტიკებს მოიცავს. გამოგონილი ანალიტიკური კატეგორიაა, რომელიც დე-ფაქტო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეთნოგრაფიული კვლევისას გაჩნდა. გამოგონილის გააზრებისას, ის მხოლოდ წარმოსახვის უნარის შედეგად, ან მხოლოდ მატერიალურ ქმნადობად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ის, ერთდროულად, აერთიანებს ორივეს. არც ერთს არ უნდა მიენიჭოს პრივილეგია, რადგან ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. ავტორი აკრიტიკებს თანამედროვე ანთროპოლოგთა პოზიციას, როდესაც წარმოსახვითს მატერიალურისგან მიჯნავენ, თითქოს მათი ერთმანეთისგან განსხვავება შესაძლებელი იყოს. ნავარო-იაშინის ,,გამოგონილის“ კონცეპტი სოციალურ-კონსტრუქტივიზმსა[14] და ახალ მატერიალიზმს[15] შორის წინააღმდეგობის გადალახვის მცდელობაა, რომელიც წარმატებას, გამოგონილის (ფანტაზმურის) კონცეპტუალიზებით და მატერიალურის (ხელშესახების) უნისონში მოქცევით აღწევს. მატერიალური ქმნადობა [Crafting] − კეთებაშია [Making]. ფანტაზმური კი − დაჯერების უნარში [Believing] ვლინდება.
საველე სამუშაოებისას, 1990-ის ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქები საკუთარ სახელმწიფოს ხშირად მოიხსენიებდნენ ფრაზით − ,,uyduruk devlet” (თურქ: გამოგონილი, შეთხზული, სახელმწიფო). თურქული ზმნა − ,,uydurmak“ ნიშნავს რაიმეს გამოგონებას, სიცრუის, სიყალბის და მოტყუების კონოტაციით. ტერმინის ზუსტი თარგმანი: ფაბრიკაციას, წარმოსახვას, შეთხზვას, მოდელირებას, იმპროვიზებას და თვალთმაქცს უნდა მოიცავდეს. ჩრდილოეთ კვიპროსის მაცხოვრებლებისთვის, გამოგონილი სახელმწიფოს მეტაფორას ყველა ეს მნიშვნელობა ჰქონდა. ქვეშევრდომების მიერ ადმინისტრაციის ასეთი რეპრეზენტაცია, ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ არაღიარებასა და საერთაშორისო სივრცეში მის არაკანონიერ სტატუსზე იმპლიციტურად მიუთითებდა.
თუმცა, თურქი-კვიპროსელები, რომლებმაც საკუთარი ადმინისტრაცია ,,uyduruk-ად“ შეაფასეს, საუბრობდნენ იმ ფაქტობრივ შრომაზე, რომელიც რაიმეს (გა)მოგონებისას ხორციელდება. იქნება ეს სოციალური პრაქტიკა, პროცედურა თუ პროცესი, რომლის შექმნაშიც ისინი მონაწილეობდნენ, ან რომელმაც მათზე მოახდინა გავლენა. გამოგონილი, წიგნის ძირითადი ანალიტიკური კატეგორია, არის კონცეფცია, რომელიც ადგილობრივთა ეთნოგრაფიული (ან ლოკალური) წარმოდგენიდან გაჩნდა და, როგორც ადმინისტრაციის, ისე სივრცის მიერ, რაიმეს გამოგონებას უკავშირდება. შესაბამისად, ის გამორჩეული და ისტორიულად სპეციფიკური სახელმწიფოს სივრცესაც მოიცავს. წარმოსახვა, რომელიც რაიმეს ფაბრიკაციით მიმდინარეობს, წარმოებისას მატერიალურის განუყოფელი ნაწილია. ის კეთება-დაჯერების[16], ან დაჯერება-კეთების ერთიანი პროცესია.
წიგნში ჩრდილოეთ კვიპროსი ერთდროულად ფიგურირებს რეალურ და გამოგონილ სივრცედ. ის რეალური სივრცეა, რომელიც ეთნოგრაფიულ კვლევას ექვემდებარება და ამავდროულად, გამოგონილის მაგალითია, რომელიც ავტორმა კონცეპტუალურად გამოიკვლია. ჩრდილოეთ კვიპროსი შეიქმნა გამოგონილის [Make-Believe] ცნების ორივე მნიშვნელობით: მის ტერიტორიაზე, რეალური, მატერიალური პრაქტიკების გამოყენებით და პოლიტიკური წარმოსახვის მეშვეობით. ზემოთ აღწერილი კატალოგი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ის შეიცავს როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკების მატერიალურ ხერხებს, ისე ამ სპეციფიკური, გამოგონილი, სივრცის განმსაზღვრელ იდეოლოგიებს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა სივრცე, რომელიც სახელმწიფო პრაქტიკებს იზიარებს, გამოგონილის თვისებებით[17] ხასიათდება. ამ მხრივ, არც ჩრდილოეთ კვიპროსია გამონაკლისი.
სივრცე და დრო
წიგნი ჩრდილოეთ კვიპროსის დროსა და სივრცეში კონცეპტუალურად იჭრება, ის კონკრეტულ დროს (1974 წლიდან დღემდე პერიოდს) და კონკრეტულ სივრცეს (ორად გაყოფილი კუნძულის, ჩრდილოეთ ნაწილს) განიხილავს, რაც, სასაზღვრო ტერიტორიის კვლევისას დროებითობის[18] სივრცული მახასიათებლების ყურადღებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს. ვინაიდან ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებმა, ანკლავის პერიოდსა[19] და კუნძულის დაყოფის შემდეგ, დრო განსხვავებულად და განსაკუთრებულად აღიქვეს. შესაბამისად, მოცემული ეთნოგრაფიული ტექსტი არის როგორც დროის, ისე სივრცის შესახებ[20]. ნავარო-იაშინი ამტკიცებს, რომ დაყოფის და საერთაშორისო სივრცეში არაღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ კვიპროსის ადმინისტრაციულ ზონასა და მის მოსახლეობაში, ,,ჩამორჩენილი დროებითობის“ უნიკალური, ტერიტორიული და პოლიტიკური შეგრძნება გაჩნდა. ის, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო საველე სამუშაოების, 1998 და 2003 წლებს შორის, პერიოდში[21]. კერძოდ, თურქი-კვიპროსელები, ჩრდილოეთ კვიპროსის სახელმწიფოში ცხოვრებას ახასიათებდნენ, როგორც: ,,açık hava hapishanesi“ (თურქ. ციხე ღია ცის ქვეშ) და ,,bunun ‘çinde kapalı olmak“(თურქ. სივრცეში გამოკეტილი),[22] რის შედეგადაც ისტორიულად ჩამოყალიბებული, სივრცით განსაზღვრული დროის გააზრების საჭიროება ჩნდება. ,,ჩამორჩენილი დროებითობის“ შეგრძნება არ უნდა აგვერიოს ,,სინქრონულობაში“ ან უდროოდ ყოფნაში. მისი ინტერპრეტაცია, დროის შესახებ ჩრდილოეთ კვიპროსელების გამოცდილების მიხედვით იქნება გამართული. კერძოდ, XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისზე საუბრისას, ადგილობრივები სივრცეს − ,,ჩაკეტილად“ მოიხსენიებენ, დროს კი − ,,გაურკვეველი დროით, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნის, დროებით პერიოდად“ აღწერენ. თურქ-კვიპროსელებს შეჩერებული დროის და ცხოვრების განცდა გაუჩნდათ, ვინაიდან: ჩაკეტილი საზღვრის გამო არ შეეძლოთ სამხრეთ კვიპროსში გადასვლა; შერიგების შესახებ მოლაპარაკებები წარუმატებელი იყო; მათ რესპუბლიკას საერთაშორისო ასპარეზზე არ აღიარებდნენ და საერთაშორისო ეკონომიკურ საქმიანობაში არ შეეძლოთ მონაწილეობა. შეჩერებული დროებითობის სპეციფიკური აფექტი, 2003 წლამდე გაგრძელდა, როდესაც, სამხრეთ კვიპროსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები გაიხსნა[23]. ეს ყველაფერი კი მათში ჰაერის უკმარისობის, „ხრჩობის“, ,,bo˘gazımızdan sıkılıyormu¸s gibi hissetmek“ (თურქ. ყელზე ხელის მოჭერის) განცდას აჩენდა.
1960 წელს, ბრიტანული კოლონიალიზმის დასრულების შემდეგ, კვიპროსი ორ-საზოგადოებრივ, ბიკომუნალურ, სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელი და პოსტკოლონიური კვიპროსის რესპუბლიკის ადმინისტრირება, ბერძენ-კვიპროსელებსა და თურქ-კვიპროსელებს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო. თუმცა, თანაცხოვრების ეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, 1963 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც ბერძენი-კვიპროსელი ნაციონალისტები თურქ-კვიპროსელებს თავს დაესხნენ და კუნძულის სეგრეგაცია დაიწყო. 1963 წელს, დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ორ ეთნოსს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეის საფუძველი პირველად შეირყა. ეს პერიოდი თურქი-კვიპროსელების ისტორიული მეხსიერებისთვის გარდამტეხია, რადგან მათი, კუნძულზე, ბერძნებთან თანაზიარ სივრცეში არსებობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. დევნის შემდეგ, თურქ-კვიპროსელებმა ცხოვრება გეტოს მსგავს ანკლავებში დაიწყეს. 1974 წლამდე, კუნძულზე, თურქებსა და ბერძნებს შორის საცხოვრებელ სივრცეს, კონფლიქტის ესკალაციისგან გაეროს სამშვიდობო მისია იცავდა. ამ შუალედურ პერიოდში, ბერძენი-კვიპროსელები კვიპროსის რესპუბლიკის ფაქტობრივ მეპატრონეებად იქცნენ, ვინაიდან მმართველობის ყველა სადავე ხელთ ჩაიგდეს. თურქმა-კვიპროსელებმა კი მათთვის საცხოვრებლად გამოყოფილ ანკლავებში საკუთარი ადმინისტრაციული პრაქტიკა წამოიწყეს.
1974 წელს, საბერძნეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, კვიპროსელმა გენერალმა გეორგიოს გრივასმა, კვიპროსის რესპუბლიკაში მაკარიოსის რეჟიმის დამხობა და სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. გადატრიალება, მალევე, 20 ივლისს ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე თურქული ჯარის შეჭრისთანავე დასრულდა. თურქული არმია დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზღვრის უკანონოდ გადალახვის ფაქტს, თურქი-კვიპროსელების ინტერესების დაცვის მოტივით ამართლებდა. თურქი სამხედროების შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთში მცხოვრებ ბერძენ-კვიპროსელებს, საკუთარი სახლების მიტოვება და სამხრეთში გაქცევა მოუწიათ. გაქცევისას, არაერთი ბერძენი დაიღუპა და გაუჩინარდა. მათ მსგავსად, კვიპროსის სამხრეთში, ბერძენი-კვიპროსელების მხრიდან გახშირებული თავდასხმებისა და რეპრესიების გამო, ანკლავებში მცხოვრებ თურქ-კვიპროსელებსაც მოუწიათ გაქცევა. 1974 წლიდან კვიპროსი გაიყო: თურქი-კვიპროსელები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში დასახლდნენ, ბერძენი-კვიპროსელები კი - სამხრეთში. მათ შორის საზღვარი (მწვანე ხაზი) კი კუნძულის შუაში დაწესდა[24].
კვიპროსის რესპუბლიკა, რომლის თითქმის მთლიან ნაწილზე პრეტენზიას ბერძენ-კვიპროსელები გამოთქვამენ (1960 წლის, ბიკომუნალური, კონსტიტუციის მიუხედავად), საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფოა. მას საერთაშორისო სავაჭრო ქსელებზე აქვს წვდომა. 1974 წლიდან მის დაქვემდებარებაშია ,,მწვანე ხაზის“ სამხრეთით არსებული ტერიტორია. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ მთელ კვიპროსს წარმოადგენს. ხოლო ჩრდილოეთ კვიპროსში, თურქმა-კვიპროსელებმა არაერთი ადმინისტრაცია გამოცვალეს. 1983 წელს კი, თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, რომელიც, საერთაშორისო სივრცეში, მხოლოდ თურქეთმა აღიარა. 1983 წლიდან, ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, ჩრდილოეთ კვიპროსის სუვერენულობაზე გამოთქვამს პრეტენზიას. მას თურქული ჯარი იცავს. დღემდე[25], კუნძულზე 40 000 თურქი ჯარისკაცი იმყოფება. ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკაზე“ (TRNC) ეკონომიკური ემბარგოა დაწესებული, რის გამოც, ჩრდილოეთ კვიპროსი, თითქმის სრულად თურქეთზეა დამოკიდებული. აგრეთვე, დაწესებულია პოლიტიკური სანქციები, ჩრდილოეთ კვიპროსის ადმინისტრაცია და მისი საბუთების სამართლებრივი სტატუსი, ჩრდილოეთ კვიპროსის საზღვარს იქით, საკამათოა. ამ ყველაფრის შედეგად, თურქი-კვიპროსელები თავს, ტერიტორიულ ხაფანგში ჩაკეტილად გრძნობდნენ. განსაკუთრებით, 2003 წლამდე, სანამ, ,,მწვანე ხაზთან“, საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნებოდა და სამხრეთში გადაადგილების უფლებას მიიღებდნენ.
1974 წელი კვიპროსში მცხოვრები ბერძნებისა და თურქებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ის დროის კონკრეტულ პერიოდს სიმბოლურ საზრისს ანიჭებს, ვინაიდან განსაზღვრავს დროს, რომლის შემდეგაც ყველაფერი სამუდამოდ შეიცვალა. კვიპროსელები ამ თარიღს და მის შემდგომ, თუ წინარე მოვლენებს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა ის ყველასთვის დასამახსოვრებელია. ჩრდილოეთ კვიპროსში 1974 წლამდე (პრე) და წლის შემდეგ (პოსტ) თაობებზეც საუბრობენ. ადგილობრივი ბერძნები და თურქები, 1974 და 1963 წლების მოვლენებს ადარებენ. თურქი-კვიპროსელებისთვის 1963 წელი გარდამტეხია, ვინაიდან ბერძენ-კვიპროსული ,,კვიპროსელ მებრძოლთა ნაციონალური ორგანიზაცია“[26] (EOKA), კვიპროსის რესპუბლიკის დაცვის ეგიდით მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხა და ანკლავის პერიოდი დაიწყო. თავის მხრივ, ბერძენი-კვიპროსელები, კუნძულის თანამედროვე ისტორიისთვის მნიშვნელოვან ეტაპად 1974 წელს მიიჩნევენ. ამით ისინი, 1963 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში, ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტის მნიშვნელობას ამცირებენ. თუმცა კუნძულის ორივე მხარეს, 1974 წელი აღიქმება იმ პერიოდის სიმბოლოდ, როდესაც ჩვეული სამყარო ამოტრიალდა.
1974 წლიდან, ჩრდილოეთ კვიპროსი, კუნძულის სამხრეთისგან განცალკევებულ ტერიტორიად განისაზღვრა. მანამდე ,,ჩრდილოეთ კვიპროსი“ არ არსებობდა. კვიპროსის დედაქალაქი, ნიქოზია[27], ცეცხლის შეწყვეტის და ბუფერული ზონის წარმოქმნის შემდეგ, ორად გაიყო. საზღვარმა საცხოვრებელ კვარტლებზე, ბაზრებზე, ქუჩებსა და სახლებზე გაიარა. ამავდროულად, კვიპროსის მთელ ტერიტორიაზე, დაიწყეს სასაზღვრო ნიშნების და საგზაო მაჩვენებლების აღმართვა, რომელიც სოფლებს და მინდვრებს, ყანებსა და მდინარეებს, ზღვის სანაპიროსაც კი, ერთმანეთისგან მიჯნავდა. ჩრდილოეთ კვიპროსს ადმინისტრაციული სტრუქტურისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად, დიდი შრომის და ძალისხმევის გაწევა დასჭირდა.
თუმცა, 1974 წელი მხოლოდ ნიშანსვეტია. კვიპროსის დაყოფა, თურქეთის ჯარის შეჭრასა და თურქ-კვიპროსელთა სათვისტომოს ლიდერების თურქ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებამდე ადრე, კოლონიის დაშლისას, ბრიტანელების მიერ[28] დაიგეგმა. დაყოფა, თურქულად − ტაქსიმი (Taksim), ბერძენ-კვიპროსელთა, ენოზისის ან საბერძნეთთან გაერთიანების[29], სურვილისა და გეგმების კონტრ-საწინააღმდეგო მოქმედებად განიხილებოდა. კერძოდ, თურქმა-კვიპროსელებმა, კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანების[30] ალტერნატივად კუნძულის ეთნიკური სეგრეგაცია წარმოიდგინეს (და დაგეგმეს). ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 1974 წლამდე ჩრდილოეთ კვიპროსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ის პოლიტიკურ წარმოსახვაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული. 1950-იან და ‘60-იან წლებში, თურქეთში, კვიპროსის მხარდასაჭერ დემონსტრაციებზე, ნაციონალისტები სკანდირებდნენ: ,,Ya Taksim, Ya Ölüm” (თურქ. ,,დაყოფა ან სიკვდილი“). დაყოფის პრაქტიკა, კუნძულზე, ბრიტანული მმართველობის დროსაც[31] არსებობდა, როდესაც ბერძნები და თურქების ერთმანეთისგან გამიჯნულ სივრცეებში ცხოვრობდნენ[32]. აგრეთვე, არსებობდა ცეცხლის შეწყვეტის ზონები[33], რომელიც, 1963 და 1974 წლის კონფლიქტებისას აღადგინეს.
შესაბამისად, 1974 წელი, კულმინაციურ ეტაპად იქცა იმ პრაქტიკისთვის, რომელიც ეთნიკური განსხვავების საფუძველზე კვიპროსის დაყოფაზე იყო ორიენტირებული. მან მოსახლეობის მეხსიერებასა და წარმოსახვაზე დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა წარმოსახვის ყოველ მახასიათებელს, ამავდროულად, კონკრეტული, მატერიალური ანალოგიც აქვს. 1974 წელი არ არის მხოლოდ მოგონება, ოცნება, იდეოლოგია, კოშმარი ან ზმანება. არამედ ის, მატერიალურად, ფიზიკურად, ტექსტურით, ზედაპირითა და ტერიტორიით, მთელ კვიპროსზეა აღბეჭდილი. მან მიწის (არა მხოლოდ ლანდშაფტის) ტრანსფორმაცია მოახდინა. ის ხელშესახები, მყარი და მატერიალური ფორმით ვლინდება: ქალაქ ნიქოზიის მავთულხლართებში, დანაღმულ მდელოებში, გვამებით სავსე საფლავებში, უდაბნოდ ქცეულ სივრცეებში, შენობებზე დარჩენილ ტყვიების ნაკვალევში და ა.შ. ის მთელი ნიქოზიის გასწვრივ, მოჩუქურთმებულ სივრცეშია. გამოგონილი რეალურია. შესაბამისად, წიგნში, ფანტაზმურზე (წარმოსახულზე) ყოველი მითითება, მატერიალურს და ხელშესახებს თავისთავად გულისხმობს. ფანტაზმურს აქვს ობიექტის თვისება და პირიქით. ბეგონია არეტხაგას მოსაზრების შესაბამისად, გამოგონილი და რეალური ერთმანეთისგან განუყოფელია. ერთი არ გამორიცხავს ან განსაზღვრავს მეორეს[34]. პირიქით, ისინი საერთო ბირთვს, დედაარსს ქმნიან.
როგორ წარმოიქმნება გამოგონილი სივრცე? რა მახასიათებლებს ფლობს? რომელ პრაქტიკებს მოიცავს? როგორ შეიგრძნობა გამოგონილ სივრცეში ცხოვრება? ეს წიგნის მთავარი კითხვებია. ჩრდილოეთ კვიპროსის გამოგონილი თავისებურების განხილვის მიუხედავად, არაღიარებული სახელმწიფო არ უნდა განვიხილოთ განსაკუთრებულ შემთხვევად ან ანომალიად. ჩრდილოეთ კვიპროსზე აქცენტის დასმა, იქ ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევით იყო განპირობებული, თუმცა, ის არ არის ერთადერთი და შეუდარებელი შემთხვევა. გამოგონილი მრავლდება. ჩრდილოეთ კვიპროსი გამოგონილი სივრცის ერთ-ერთი მაგალითია. ეთნოგრაფიის შედეგად, ის კონცეპტუალურ და თეორიულ კატეგორიად იქცა. ჩრდილოეთ კვიპროსის კონცეპტუალურ კატეგორიად გადაქცევის შედეგად კი, ის იქცა ცნებად, რომელიც სხვა სივრცეების და სოციალური ფორმების გამოგონილი მახასიათებლების წარმოდგენის შესაძლებლობას გვაძლევს. შესაბამისად, გამოგონილი და, ამ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კვიპროსი, საკითხის შესახებ ფიქრისა და მსჯელობის ღირებულ წყაროს წარმოადგენს.
სპექტრული ტერიტორია
ჩრდილოეთ კვიპროსი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული სივრცეა. ომი, ეთნიკური განსხვავების მიხედვით, მოსახლეობის არაოფიციალური გაცვლით დასრულდა[35]. თუმცა, სივრცის ეთნიკურთან დაკავშირებამდე, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთთან ახლოს (ბერძნებისა და თურქების გარდა, ბრიტანელები, მარონიტები და სომხები) ცხოვრობდნენ[36]. ბევრი სოფელი შერეული იყო, ბერძნები და თურქები ერთ სივრცეში ცხოვრობდნენ. ფაქტობრივად, კვიპროსზე, ნაციონალიზმის გაღვივებამდე, თურქი და ბერძენი მოსახლეობა, ერთმანეთს ეთნიკური ან ნაციონალური ნიშნით, განსხვავებულ ჯგუფებად არ აღიქვამდა[37]. არსებობდა რელიგიური განსხვავება, კერძოდ ოსმალეთის იმპერიის მილეთის სისტემა, რომელიც აღწერისას, ხალხს ერთმანეთისგან აღმსარებლობის მიხედვით განასხვავებდა. თუმცა, ეს რელიგიური განსხვავებები ამბივალენტური იყო. არსებობდნენ ლინობამბაკის (Linobambaki) მსგავსი, ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც რელიგიას, ოსმალური მმართველობის შესაბამისად, პრაგმატულად იცვლიდნენ, ან მრავალ-რელიგიურობას მისდევდნენ[38]. თურქებსა და ბერძნებს შორის ლინგვისტური განსხვავებაც კი ბუნდოვანია. არაერთ სოფელში, მუსლიმები, ბერძნულზე, მშობლიურივით საუბრობდნენ[39]. სოფლის ეს მაცხოვრებლები, კონფლიქტების დროს, ,,თურქებად“ კლასიფიცირდნენ. კონფლიქტებმა მათ ეროვნება მიანიჭა. რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი ნაციონალიზმის აღზევებამდე პერიოდის ვარდისფერ ფერებში გამოსახვა და სივრცის კოსმოპოლიტურ გარემოდ წარმოდგენა. თუმცა, ის, სეგრეგაციასა და ომამდელ პერიოდამდე თანაცხოვრების მაგალითების კონსტატაციად შეგვიძლია განვიხილოთ.
კუნძულის დაყოფამდე, ყველა დიდ ქალაქში (ნიქოზია, პაფოსი, ლარნაკა, ლიმასოლი, კირენია და ფამაგუსტა) არსებობდა უბნები, სადაც თურქები და ბერძნები ერთ სამეზობლოში ცხოვრობდნენ. აგრეთვე, ბაზრის, მაღაზიების და სახელოსნოების სივრცეები კუნძულის ყველა მაცხოვრებლისთვის საზიარო იყო. ამავდროულად, მხოლოდ თურქებით ან ბერძნებით დასახლებული რაიონებიც იყო გავრცელებული. კუნძულის სოციალურ პრაქტიკებში (ნათესაობისა და დაქორწინების ჩათვლით) ჯგუფებს შორის განსხვავებაც ცნობილი, აღიარებული და კოდირებული იყო. თუმცა ეთნიკური და ნაციონალური განსხვავება საცხოვრებელ სივრცეს არ მიჯნავდა.
წიგნში განხილული ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორია არის სივრცე, რომელიც კუნძულის დაყოფის შემდეგ წარმოიქმნა და ამოიქარგა. 1963 წლიდან, თურქი-კვიპროსელების სეგრეგირებულ ანკლავებში ცხოვრებას ,,Türk Mukavemet Teşkilatı“ (TMT) სპეცდანაყოფი იცავდა.[40] სასაზღვრო ზონასა და ბერძნების საცხოვრებელ რაიონებს კი − გაერო. 1974 წლიდან, კუნძულის სამხრეთში მყოფ, თურქ-კვიპროსელებს ჩრდილოეთში გაქცევა მოუწიათ, რადგან მათი ანკლავებში დარჩენა სიცოცხლისთვის საშიში იყო. მსგავსი გამოწვევის წინაშე იყვნენ ჩრდილოეთში მყოფი ბერძენ-კვიპროსელებიც, რომლებიც, კუნძულზე თურქეთის ჯარის შემოსვლის შემდეგ სამხრეთში გარბოდნენ.[41] ხშირად, დევნილებს, გზაში, ნაციონალისტური დაჯგუფება (ჩრდილოეთში − TMT, სამხრეთში − EOKA) არბევდნენ. კონფლიქტს ორივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები შეეწირნენ[42]. დევნილებმა მხოლოდ რამდენიმე პირადი ნივთის წაღება მოახერხეს. მათი თითქმის მთელი ქონება − სახლები, მინდვრები, მეურნეობა, პირადი საკუთრების ნივთები და სხვ. მიტოვებულ სივრცეში დარჩა. ადამიანები იმ პირად საკუთრებას, მატერიალურსა და გარემოს დაშორდნენ, რომელიც მათთვის თვით-იდენტიფიკაციის წყაროს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების (სოფლელები, ქალაქელები, ფერმერები, დიასახლისები, ექიმები, ადვოკატები, მასწავლებლები, ვაჭრები, მხატვრები, მწერლები და სხვა.) ნაწილი გაქცევისას დაიღუპა ან დახვრიტეს, მათი კვალი სივრცეში, მათგან მიტოვებულ საგნებში აისახა.
ამ მხრივ, ჩრდილოეთ კვიპროსი შეგვიძლია განვიხილოთ ფანტომურ (თუმცა, არა ფანტაზმურ) სივრცედ, სადაც, ბერძენი-კვიპროსელებისგან მიტოვებული საგნები, თურქი-კვიპროსელების მიერ განსხვავებულად აღიქმება. ანალოგიურად, ,,ბერძნული მხარეც“ შეგვიძლია შევისწავლოთ, სადაც თურქი-კვიპროსელების მიერ მიტოვებულ სივრცეში ბერძენი დევნილები დაასახლეს. ორივე შემთხვევაში დევნილებისგან მიტოვებული საგნები ახალ მოსახლეებს ძველი, კანონიერი, მეპატრონეების არსებობას ახსენებდა. ნივთები საზღვრის მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან ასოცირდება. მაგალითად, თურქ-კვიპროსელებში გავრცელდა ტერმინი ,,Rumdan kalma“ (თურქ. ბერძნებისგან დარჩენილი), რომელიც ნივთების, სახლების, მინდვრების და სხვა მატერიალური საგნების წინა ცხოვრებას აღნიშნავს. ამავდროულად, ტერმინი, 1974 წლის შემდგომ ცხოვრებაში, ამ ნივთების და გარემოს ძალასა და გავლენას უსვამს ხაზს. ამრიგად, ჩრდილოეთ კვიპროსი არის სივრცე, სადაც სპექტრული[43] აღქმადი და ხელშესახებია.
ამ კონტექსტით, ,,აჩრდილი“, ფანტომურის ატრიბუციით, რეალურად და კონკრეტულად უნდა წარმოვიდგინოთ. ,,აჩრდილი“ არ არის წარმოსახვის შედეგი, ალუზია ან ცრურწმენა. ჩრდილოეთ კვიპროსის, ეთნოგრაფიულ სივრცესა და დროში, ფანტომები თუ აჩრდილები კონკრეტულ ტერიტორიებზე ,,არა-ადამიანური საგნების“ სახით ჩნდება.[44] მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი, „თურქების“[45] საცხოვრებელ ტერიტორიად ჩამოყალიბდა, ბერძენი-კვიპროსელები იქ მაინც დარჩნენ, არა ფიზიკური სახით, არამედ მატერიალური საგნების, მათი საცხოვრებლების და მდელოების მეშვეობით. ბერძენი-კვიპროსელები ფანტომურად არსებობენ ჩრდილოეთ კვიპროსში. ფიზიკური სხეულის არქონის მიუხედავად,[46] სივრცეში მათი აფექტური დასწრება იგრძნობა. მიტოვებული ნივთებისა და თურქი-კვიპროსელების წარმოსახვის მეშვეობით, ბერძენი-კვიპროსელები ემოციურად არსებობენ ამ სივრცეში. თურქი-კვიპროსელები, ათწლეულების მანძილზე, ბერძნებისგან მიტოვებულ გარემოში ცხოვრობენ. სხვებისგან დარჩენილი მატერიალური საგნები მათ ცხოვრებაზე (პოლიტიკის, სამართლის და ეკონომიკის ჩათვლით) გავლენას ახდენს. ნავარო-იაშინი ამტკიცებს, რომ ამ ნივთებს აქვთ ეფექტი, რომლის შესწავლაც ჩრდილოეთ კვიპროსის ყველა, სოციალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ტრანზაქციაზე დაკვირვებით არის შესაძლებელი.
კვიპროსის რესპუბლიკისგან განცალკავებული ადმინისტრაცია, 1963 წლიდან, კონფლიქტის ესკალაციიდან არსებობს. 1974 წლიდან, ის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სივრცედ გარდაქმნას ისახავდა მიზნად. ზემოთ განხილული კატალოგი ამ პროექტის ერთ-ერთი არტეფაქტია. 1983 წელს, რაუფ დენქტაშის მეთაურობით, ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ ადმინისტრაციამ თავი სახელმწიფოდ გამოაცხადა. თუმცა ის გაერომ და საერთაშორისო სამართალმა არ აღიარა. თურქი-კვიპროსელების მიერ სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზიის გამოხატვა, ჩრდილოეთ კვიპროსის ახალ, სივრცულ-პოლიტიკურ ობიექტად გადაქცევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს. მას ნავარო-იაშინი ,,გამოგონილის“ კონცეპტით შეისწავლის.
ამრიგად, ფანტაზმური (გამოგონილი სახელმწიფო), პრაქტიკაში, ბიუროკრატიული თვალსაზრისით გამოიყენეს, როგორც ახლად დაყოფილი სივრცის ,,აჩრდილოვანი“ თვისებების დამალვის საშუალება. ახალი სახელმწიფოს ფანტაზმი თურქ-კვიპროსელებს, როგორც ფიზიკური განადგურების, ისე ფსიქოლოგიური საფრთხისგან უნდა იცავდეს. კერძოდ, უქმნიდეს უსაფრთხოების განცდას, აძლევდეს არსებობის საშუალებებს, უზრუნველყოს თემთან ერთიანობის განცდა და იზრუნოს მოქალაქის ბედნიერებაზე. თუმცა, ჩრდილოეთ კვიპროსში ეთნოგრაფიული კვლევისას გამოვლინდა, რომ ფანტაზმურს (გამოგონილს) და ,,აჩრდილოვანს“ (ფანტომურს) შორის დისკურსული და პოლიტიკური კონფლიქტი არსებობს. კონფლიქტი თურქ-კვიპროსელებს შორისაც არსებობდა. ისინი პოლიტიკური მიკუთვნებულობის შესაბამისად, ან იზიარებდნენ სახელმწიფოს იდეოლოგიას, ან ადმინისტრაციის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე საუბრობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ კვიპროსში ფანტომური პოლიტიკური პოზიციების, მიკუთვნებულობის, კონფლიქტების და განსხვავებების მარკერად იქცა.
ნავარო-იაშინის მოსაზრებით, ფანტაზმურში, ფანტაზიის ფაქტორი წარმოსახვის შედეგამდე, კონსტრუქტამდე ან დისკურსამდე არ დაიყვანება. ის, სოციალური პრაქტიკის კონკრეტულ მანიფესტაციად გვევლინება, რომელიც რეალური და ხელშესახებია. ამიტომ, გამოგონილში, ფანტაზია და ფანტაზმი, მატერიალურ, ხელშესახებ და რეალურ საგნად უნდა განვიხილოთ. ავტორი, ,,აჩრდილოვანს“ (ფანტომურს), ტერეზა ბრენანის ,,აფექტის გადაცემის“ კონტექსტით,[47] კონკრეტულ მატერიალურ ობიექტად განიხილავს, რომელიც გამოგონილ სივრცესა და სახელმწიფოში არსებობს. ამიტომ, ეს კვლევა გარკვეულწილად, ,,აჩრდილების დევნაა“[48]. აჩრდილები, გამოგონილ სივრცეებში ბინადრობენ და ,,გამოგონილის“ სივრცეს დაბრკოლებას უქმნიან. მათ ტერიტორიის ტრანსფორმირების უნარიც აქვთ. ,,აჩრდილის“ კონცეპტის წყაროს ჟაკ დერიდას მიერ მარქსის ,,კომუნიზმის აჩრდილის“, ანალიზი[49] წარმოადგენს. თუმცა, დერიდას აჩრდილისგან განსხვავებით, ნავარო-იაშინის ,,აჩრდილი“ მატერიალურია, ის არაადამიანურ საგნებში ვლინდება. მას არც ადამიანური იერსახე აქვს[50]. პირიქით, ეს არის ის, რაც ადამიანების გაქრობის შემდეგ, მათ ნივთებსა და სივრცეში რჩება. ამრიგად, აჩრდილი არის − არა რაღაცის ან ვიღაცის რეპრეზენტაცია, არამედ ნივთი, თავისთავადი, მატერიალური ობიექტი. ,,აჩრდილის“ იდეა სოციალური რეალობის აღქმაში გვეხმარება. ამიტომ, ადგილობრივთა მოჩვენებების (ჯინის შესახებ) ისტორიების ნაცვლად[51], მნიშვნელოვანია იმ გარემოსა და საგნების შესწავლა, რომელიც სივრცეში დეზორიენტაციის შედეგად, აჩრდილის აფექტს წარმოქმნის. უფრო მეტიც, ჩრდილოეთ კვიპროსში, აჩრდილებს კონკრეტული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გავლენა აქვთ.
გაცოცხლებული[52] გარემო
ნავარო-იაშინის წიგნი ომისშემდგომ გარემოში წარმოქმნილ აფექტებს განიხილავს. მისი ეთნოგრაფიული კვლევა, სივრცესა და ადამიანებს შორის ურთიერთობის გადახედვის მაგალითია. სოციო-კონსტრუქტივიზმის მიხედვით, სივრცე მნიშვნელობას მხოლოდ ადამიანთა სუბიექტურობის ჭრილში იძენდა, რაც სივრცის ანალიზს ზღუდავდა. ამ მიდგომას სივრცის თეორეტიკოსები დაუპირისპირდნენ,[53] რომლებმაც აქცენტი არაადამიანურ საგნებზე[54] დასვეს. ჩრდილოეთ კვიპროსის სივრცის შესასწავლად, ავტორი ორივე მიდგომას იყენებს, რადგან სივრცის ადამიანზე ორიენტირებული პერსპექტივით გააზრება საკითხის სიღრმისეულ ანალიზში გვეხმარება. თეორიული ჩარჩოს შერჩევა განაპირობა მოსაზრებამ, რომ გარემო ადამიანზე თავისთავად ახდენს გავლენას. ამავდროულად, სივრცეში, მატერიალურ საგნებში თუ გარემოში არის ისეთი რამ, რაც ადამიანურ წარმოსახვას აღემატება და აფექტებს წარმოქმნის. თუმცა, აფექტი ადამიანების მიერ შეიგრძნობა. მოცემული ანთროპოლოგიური ნაშრომი, აფექტის თეორიის მეშვეობით, სწორედ, ამ ექსცესს (აღმატებულს) სწავლობს. ავტორის მოსაზრებით, გამოგონილის[55] იდეოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური გავლენის მიუხედავად, ფანტომური (აჩრდილოვანი) გარემოში, აფექტის სახით არსებობს.
ეთნოგრაფიული კვლევის თეორიული ჩარჩო, აფექტის შესახებ თეორიების კრიტიკული გააზრების შედეგად განისაზღვრა. კერძოდ, მასზე გავლენა იქონია ტერეზა ბრენანის ,,აფექტების გადაცემის“ იდეამ[56], ჯეინ ბენეტის ,,მოჯადოების“ ცნებამ[57], გაბრიელ ტარდის ნაშრომმა[58], ამანდა ანდერსონის ,,დისტანცირების“ კონცეპტმა[59] და კეტლინ სტიუარტის ,,ორდინარულმა“[60]. მაგალითად, ომისშემდგომ გარემოში წარმოქმნილი აფექტების აღსაწერად, ბენეტის ,,მოჯადოების“ ნაცვლად, ნავარო-იაშინი იყენებს ტერმინ- ,,გაღიზიანებადობას“. გაღიზიანებადობა არის არარეზონანსული შეგრძნება, რომელიც ფანტომების მქონე გარემოში წარმოიქმნება. ფანტაზმურის ჰარმონიული მოწყობის ნაცვლად[61], ,,გაღიზიანებადობა“ გარემოსა და დროებითობის უცნაურ თვისებებს განსაზღვრავს. ომისშემდგომი სივრცე ხანგრძლივ, გამაღიზიანებელ შეგრძნებას აჩენს. ის ომის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებს ცხოვრებას. სივრცეზე საუბრისას ავტორი იყენებს ტერმინ ანიმირებულს, ანუ, სივრცე, რომელიც სხვადასხვა შეგრძნებას და აფექტს წარმოქმნის, შეგვიძლია გაცოცხლებულად წარმოვიდგინოთ. ვინაიდან ცოცხალი არსების მსგავსად, ის ადამიანში სხვადასხვა ემოციას აღძრავს.
ზემოთ განხილულის შესაბამისად, აფექტი ანალიტიკური კონცეფციაა, რომელიც გარემოს გაგებასა და კონცეპტუალიზებაში გვეხმარება. ის სპეციფიკური მუხტია, რომელსაც სივრცეში დასახლებული ადამიანების სოციალურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ის გავლენას ანთროპოლოგიურ ანალიზზეც ახდენს[62]. ამიტომ, კვლევითი გამოცდილების მისაღებად, ანთროპოლოგიური პრაქტიკა, გარემოსთან (და ეთნოგრაფიულ სუბიექტებთან) აფექტური შეგუების გარკვეულ დონეს მოითხოვს.
ჩრდილოეთ კვიპროსის ომისშემდგომ სივრცეზე, აფექტის გავლენის შესასწავლად მნიშვნელოვანია ორდინარული, ჩვეული სივრცის გააზრება. ვინაიდან, ის უნიკალური დეტალების აღმოჩენაში გვეხმარება[63]. ეთნოგრაფიული კვლევისას დადგინდა, რომ ბუნებრივი თუ ხელოვნური გარემო და მატერიალური საგნები დაძაბულობას, წუხილის და დისონანსის შეგრძნებას აჩენდა, რომელსაც ავტორი ზოგჯერ ,,უცნაურის“, ზოგჯერ კი გამღიზიანებლის, ცნებით აღწერდა. აფექტების მეთოდოლოგიურად შესაგრძნობად, საჭიროა დისონანსის და არაჰარმონიულობის დაშვება. ომისშემდგომ სივრცეში წარმოქმნილი უსიამოვნო შეგრძნებები, წიგნში სხვადასხვა პერსპექტივით არის განხილული.
აფექტი სუბიექტურობის მიღმა
ნავარო-იაშინის მიხედვით, აფექტის შესწავლა სუბიექტურობის გარეშეც შესაძლებელია[64], თუმცა სუბიექტურობის გავლენა, სრულად არ უნდა გამოვრიცხოთ. ტრადიციულად, აფექტის სფერო ადამიანურ სუბიექტურობასა და შინაგან სამყაროსთან ასოცირდებოდა. მოცემულ ანთროპოლოგიურ ნაშრომში, აფექტის კონცეპტი, სუბიექტურობის შესახებ თეორიების, კრიტიკული წაკითხვის შედეგად განისაზღვრა. კერძოდ, მასზე გავლენა მოახდინა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზმა,[65] მელანი კლეინის ფსიქოანალიზის ბრიტანულმა სკოლამ,[66] ჟაკ ლაკანის თეორიამ[67], მიშელ ფუკოს ,,სუბიექტივაციის“ და ,,სახელმწიფოებრიობის“ კონცეპტებმა,[68] ლატურის Action-Network-ის თეორიამ[69] და სხვა. აფექტისა და სუბიექტურობის ტანდემისთვის, შემუშავდა მიდგომა, რომელიც სუბიექტურსა და ობიექტურს, ადამიანსა და საგნებს, ერთდროულად შეისწავლიდა. მიდგომა აქცენტს, გარეგანი და შინაგანი სამყაროს ურთიერთქმედების შესწავლაზე სვამდა. ეთნოგრაფიული ნაშრომის ძირითადი კონცეფცია, წიგნის ქვესათაურში, ,,აფექტური გეოგრაფიაში“ ჩანს. ,,აფექტური გეოგრაფია“, შიდა და გარე სივრცეებში არსებობის თავისებურებებს იკვლევს. ის - გარე (სივრცის) და შიდა (ადამიანური) აფექტების ერთიანი რუკის შექმნას ისახავს მიზნად, ვინაიდან ეს ორი ურთიერთდაკავშირებულია.
აფექტის შესასწავლად, ნავარო-იაშინი სვამს კითხვებს: როდესაც აფექტი არ ეკუთვნის სუბიექტურობას, არ დაიყვანება ადამიანის შინაგან სამყაროზე, მაშინ როგორია ის? ან, როცა აფექტი ემოციებისა და გრძნობებისგან განსხვავებულია, მაშინ როგორ ხდება მისი კონცეპტუალიზება? დაბოლოს, წიგნის ერთ-ერთი მთავარი კითხვა: არის შესაძლებელი, აფექტისა და სუბიექტურობის, როგორც ერთმანეთში გადახლართულის წარმოდგენა? მათი, თანაცხოვრებისა და ურთიერთდაკავშირების კონტექსტით განხილვა? თუ კი ასეა, მაშინ კონცეპტუალიზაციისთვის, ანალიზის რომელი ახალი ტექნოლოგიებისა და კატეგორიების გამოგონება დაგვჭირდება?
აფექტის გასააზრებლად, უნდა დავუბრუნდეთ ,,საფუძველს“. ავტორისთვის, აფექტის თეორიული საფუძველი სპინოზას ,,აფექტუსია“[70], სადაც ადამიანი და ბუნება ერთმანეთისგან განუყოფელია. ,,აფექტუსის“ მიხედვით, აფექტი და სუბიექტურობა ურთიერთდაკავშირებულია. წიგნის თეორიული ჩარჩო, ადამიანურის (ძალების, ენერგიების, აფექტური შესაძლებლობების) და ბუნებრივის (შექმნილი თუ მატერიალური გარემოს) ერთიანობის აღიარებით ყალიბდება. ბუნებასა და ადამიანის შორის კო-ინჰაბიტაციისა[71] და თანაცხოვრების ასეთი ხედვა, გავლენას ახდენს კვლევის კონცეპტუალურ აპარატზე, რომელსაც ნავარო-იაშინი, ომისშემდგომი გარემოს აფექტურ-სუბიექტურ კონტინუუმს უწოდებს. მისი არსი, წიგნის ქვესათაურში, ,,აფექტური გეოგრაფიაში“ ჩანს.
გამოგონილი სახელმწიფო
ჩრდილოეთ კვიპროსის რეალობის გასააზრებლად საინტერესოა, 1987 წელს, ,,ეროვნული ცნობარის“ სახით გამოცემული ,,ჩრდილოეთ კვიპროსის ალმანახი“.[72] ის გამოგონილი სახელმწიფოს პრაქტიკებში ფანტაზმურის ელემენტების კარგი მაგალითია. ალმანახი მატერიალური ობიექტია, რომელიც არაღიარებული სახელმწიფოს კონკრეტიზაციას მისი მმართველობის აღწერით ცდილობს. ჩრდილოეთ კვიპროსში სახელმწიფოებრივის მსგავსი ადმინისტრირების პრაქტიკა ანკლავების პერიოდიდან არსებობდა. 1983 წლამდე, ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე თურქ-კვიპროსელთა ადმინისტრაციას ერქვა ,,გენერალური კომიტეტი“ (1963 წლიდან), ,,თურქ-კვიპროსელთა დროებითი ადმინისტრაცია“ (1967წლიდან), ,,თურქ-კვიპროსელთა ადმინისტრაცია“ (1967წლიდან), ,,კვიპროსელთა ადმინისტრაცია“ (1971წლიდან) და ,,კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფო“ (1975წლიდან). თუმცა, ამ ადმინისტრაციებს, პრაქტიკაში, თურქი-კვიპროსელებისთვისაც კი, დე-ფაქტო სტატუსი ჰქონდა. კვიპროსის რესპუბლიკა ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკას“ არ აღიარებს. ბერძენი-კვიპროსელების ოფიციალური დისკურსის მიხედვით, კვიპროსის რესპუბლიკა კანონიერია, ხოლო ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“ − უკანონო. ამრიგად, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობა, იურიდიული დისკურსებით და პრაქტიკებით არის განმსჭვალული.
საინტერესოა, დე-ფაქტო სახელმწიფოში მოქალაქეების ცხოვრების თავისებურებების შესწავლა. გამოგონილი შეიძლება ,,დე-ფაქტოს“ დეფინიციითაც წარმოვიდგინოთ: ის, რაც თითქოს არსებობს, თუმცა, რეალურად, არ არსებობს. ეს არის რეალობა, რომელიც ხელოვნურად, ფანტაზმურად შეიქმნა. ეს გამოგონილი რეალობა, წარმოსახვის მეშვეობით, დამაჯერებელი და მატერიალიზებული გახდა. აქ, საინტერესოა, თუ როგორია დე-ფაქტო სახელმწიფოს მოქალაქედ ყოფნა, როდესაც შენს უფლებებს ჩრდილოეთ კვიპროსის მიღმა, არსად აღიარებენ? ნავარო-იაშინი იკვლევს, არა მხოლოდ ყოველდღიურობაში გამოგონილის გამოსახვას, არამედ გამოგონილის ყოველდღიურობის ნაწილად გადაქცევის, მისი ნორმალიზებისა და ,,ჩვეულად აღქმის“ პრაქტიკებს. ამ მხრივ, ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში ფანტაზმურის ელემენტების შესწავლა განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ კვიპროსი არ არის უნიკალური გამოგონილი სახელმწიფო. თუმცა, მისი სხვა დე-ფაქტო სახელმწიფოებთან შედარება რეალობის სიღრმისეულ ანალიზს ვერ უზრუნველყოფს. კვიპროსის თვითაღიარებული სახელმწიფოს სხვა კონფლიქტურ ზონებთან (კოსოვო და აფხაზეთი) შედარების ნაცვლად, უმჯობესია ეთნოგრაფიული ლინზის დავიწროება და იმ ფანტაზმური ელემენტების შედარება, რომელიც დე-ფაქტო ადმინისტრაციების მმართველობაში არსებობს. ყველა სახელმწიფოებრივ პრაქტიკაში არსებობს გამოგონილი (ფანტაზმური) ელემენტები. ასეთი პრაქტიკების ილუსტრაციას ,,ჩრდილოეთ კვიპროსის ალმანახი“ წარმოადგენს.
,,ძირითადი ინფორმაცია ,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შესახებ“ სათაურის ქვეშ არსებული ჩამონათვალი, სახელმწიფოს შესახებ, შემდეგ ინფორმაციას გვამცნობს: დაარსების თარიღი, პრეზიდენტი, ეროვნული ასამბლეას (პარლამენტის) პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ნაციონალურ ასამბლეაში ადგილთა რაოდენობა, ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა, მშპ, წლიური შემოსავლის ზრდა, ძირითადი ქალაქები, ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები და ა.შ. ალმანახში ციფრებს ფანტაზმური მნიშვნელობა აქვს, ისინი სოლიდურს მოგვაგონებენ. მათი სიმბოლური მნიშვნელობა, მონაცემებს ხელშესახებს და დამაჯერებელს ხდის. შესაბამისად, ისინი რეალურია, ვინაიდან სტატისტიკა (არამხოლოდ აღწერს), არამედ სოციალურ პრაქტიკებს წარმოქმნის. სხვა ქვეყნების მსგავსად[73], ადმინისტრაციას სჭირდება სანდო მონაცემების საფუძველზე, მის საზღვარში არსებული ტერიტორიის აღწერა. ციფრები მისი სახელმწიფოებრიობის რეალურობას უსვამს ხაზს.
დამოუკიდებელი სახელმწიფო გამორჩეულ ისტორიაც უნდა ფლობდეს. ამისთვის, ალმანახში მოცემულია ე.წ. ,,ქრონოლოგიური ისტორია“, რომელიც ,,ახალი ქვის ხანიდან“[74] იწყება და 1983 წლის 15 ნოემბრამდე, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გრძელდება. კვიპროსის ისტორიის ასეთი შორეული პერიოდის გახსენებით, დე-ფაქტო მთავრობამ არაღიარებული რესპუბლიკა არქეოლოგიურ წარსულთან დააკავშირა[75]. რაც საკუთარი მმართველობის სოლიდურად წარმოჩენის კიდევ ერთი მაგალითია. ალმანახის შემდეგ ნაწილებში, დეტალურად არის განხილული: უახლესი ისტორია, ტერიტორიული დაყოფის სამართლებრივი საფუძვლები, ნაციონალური ასამბლეას კრებები, გატარებული რეფორმები, კონსტიტუცია, სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციები, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკა, ეკონომიკა და ფინანსები, სოფლის მეურნეობა, დემოგრაფიული მაჩვენებლები და სხვ. ჩრდილოეთ კვიპროსის მმართველობის ფორმისა და გარემოს დეტალური აღწერით, ალმანახი, სახელმწიფო მმართველობის სოლიდურობის ხაზგასმას ცდილობს. კერძოდ, ალმანახის ეს ნაწილი გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო პრაქტიკა, ადმინისტრირების ყველა ასპექტს ითვალისწინებს. ის, თავისი მმართველობის სისტემითა და მასშტაბით, სხვა აღიარებულ სახელმწიფოებს არაფრით ჩამორჩება.
ალმანახი ფანტაზმური საგნის კარგი მაგალითია. ის, სახელმწიფოს მსგავსი ავტონომიების მიერ ადმინისტრაციული პრაქტიკების შექმნის პროცესში გამოყენებული ქმედების (აგენტობის) და კრეატიულობის თვალსაჩინო ილუსტრაციაა. საყურადღებოა, რომ ცნობარში არსად არ არის აღნიშნული ქვეყნის დე-ფაქტო სტატუსი[76]. საინტერესოა, კანონიერსა და არაკანონიერს შორის, ლეგალური, თეორიული და ანალიტიკური განსხვავების აღწერაც.
აფექტი სამართალსა და მმართველობაში
აფექტები, უცნაურ[77], სივრცეებში ბინადრობენ. ამიტომ, აფექტისადმი ინტერესი, ადამიანური სუბიექტურობის მიღმა, მის სხვადასხვა სივრცეში დანახვის მზაობას და ღიაობას საჭიროებს. ასეთი ხედვა, ინსტიტუტებსა და ადმინისტრაციებში, მმართველობის რეჟიმებსა და სამართლებრივ პრაქტიკებში აფექტის აღმოჩენას შესაძლებელს ხდის. უფრო მეტიც, ინსტიტუტებსა და ადმინისტრაციებს, მმართველობის ხერხებსა და საკანონმდებლო პრაქტიკებს აქვთ აფექტის წარმოქმნის უნარი და მის გავლენასაც განიცდიან. აქ, ადმინისტრირება, აპრიორულად, ადამიანური აგენტობის [ქმედების] პროდუქტად არ განიხილება. მართალია ადმინისტრაციები ,,ადამიანის მიერ არის შექმნილი“. თუმცა, აფექტის წარმოქმნა და აფექტური ძალების გამჟღავნება მათთაც ახასიათებთ. ადმინისტრირების იარაღებს, როგორიცაა − ოფიციალური ცნობარები, სამთავრობო ბიულეტენი, იურიდიული ფორმები და დოკუმენტები, კარტოთეკები, საოფისე ავეჯი, შენობები, ისევე როგორც ინსტიტუციური პრაქტიკები: გამოკითხვები, აუდიტები, აღწერები, საპარლამენტო სხდომების პროცედურები და სასამართლო-მოსმენისას იურიდიული პრაქტიკა, შეუძლია აფექტის წარმოქმნა[78]. ეს ინსტიტუციური (იურიდიული თუ ადმინისტრაციული) აფექტი, მხოლოდ მასში მყოფ ადამიანთა აგენტობის შედეგს არ წარმოადგენს. ვებერის, ,,განჯადოება“[79] მათ ვეღარ აღწერს. ინსტიტუტები აღემატება ადამიანურ პოტენციალს, ისინი, თავისებურად, გაცოცხლებულია (ანიმირებულია), ბენეტის ტერმინით, ,,მოჯადოებულია“. ნავარო-იაშინი იკვლევს კონკრეტული ინსტიტუტების გამოცოცხლებას. თუმცა, არასწორი იქნება მიჩნევა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის დე-ფაქტო სტატუსი წარმოშობს აფექტს. პირიქით, ადგილობრივი ადმინისტრაციული პრაქტიკები, კონკრეტულ სიტუაციაში წარმოქმნილი აფექტების შესწავლაში გვეხმარება. ამრიგად, ინსტიტუციურად ინდუცირებული აფექტი, სხვადასხვა ფორმით ვლინდება და კვალიფიცირებას საჭიროებს.
ინსტიტუტების და ადმინისტრაციული პრაქტიკების შესწავლისას[80], მნიშვნელოვანია, რომ ანთროპოლოგიური ინტერესი სახელმწიფოს ინტერესისგან განსხვავდებოდეს[81]. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული პრაქტიკა რეპრეზენტატულია და შეესაბამება სახელმწიფო პრაქტიკას. სახელმწიფოს, როგორც ფენომენის შესწავლა ეთნოგრაფიულ კვლევას აუბრალოებს. ამიტომ, უმჯობესია თუ სახელმწიფო პრაქტიკებს ,,ჩვეულებრივის მსგავსად“ განვიხილავთ, რითაც შევამცირებთ მის ძალაუფლებას, სხვა ინსტიტუციურ პრაქტიკებთან შედარებით. შესაბამისად, ყოველდღიურობაში, დაბალი რანგის ჩინოვნიკების, სოციალური მუშაკების თუ მესაზღვრეების შესწავლით, სახელმწიფო პრაქტიკა (მისი მმართველობა) ჩვეულებრივად აღიქმება. რაც მის სიღრმისეულად შესწავლის საფუძველს ქმნის.
ნავარო-იაშინი იზიარებს კონტრ-ვებერიანულ პოზიციას, რომ ინსტიტუტების, მხოლოდ რაციონალიზაციის ჭრილში შესწავლა არ არის საკმარისი[82]. საინტერესოა, ფუკოს თეორია მმართველობის რაციონალურობას და დისციპლინაზე, თუმცა ფუკო აქცენტს ძალაუფლების ფსიქოლოგიურ მანიფესტაციებსა და ძალაუფლებაზე, როგორც ფანტაზიაზე სვამდა. ნავარო-იაშინი, ენ-ლაურა სტოლერის არგუმენტს ავითარებს და ინსტიტუტების ,,არარაციონალურ“ შესაძლებლობებს და მიდრეკილებებს შეისწავლის. ამისთვის, ის ფუკოს ,,სახელმწიფოებრიობის“[83] გადალახვას ცდილობს, მმართველობის (აქ, ადმინისტრირების) ახლებური კონცეპტუალიზებით. სახელმწიფოებრიობის ცნებაში, ფართო გაგებით, ,,პოლიტიკური აზროვნება“ იგულისხმება. თუმცა, მმართველობის შესწავლისას, ადმინისტრირება არ უნდა განვიხილოთ სახელმწიფოებრიობის მაგალითად (როგორც ცივი და შორეული, რაციონალიზებული დისციპლინური პრაქტიკა), არამედ ის აფექტისა და პოტენციალის გამომყოფად უნდა წარმოვიდგინოთ. საჭიროა, ბიუროკრატიზმის მიერ წარმოქმნილი, სტერილურობის და დესენსიბილიზაციის [მგრძნობელობის შემცირების] გადალახვა. ამ სტერილიზაციის დროს წარმოქმნილი აფექტების, როგორც პრაქტიკასა და პროცესის შესწავლით, შესაძლებელი ხდება მათი, როგორც ,,მმართველობის გრძნობების“ ან ,,მმართველობის, როგორც სენსორულის“ წარმოდგენა. დესენსიბილიზაცია (რომელსაც ზოგი ,,გამოცალკევებას“ უწოდებს[84]) გარკვეულწილად, სპეციფიკური მახასიათებლების მქონე აფექტია[85].
წიგნში, ინსტიტუტების მიერ გამოთავისუფლებული აფექტები, მათი პრაქტიკების და საგნების კონტექსტით არის შესწავლილი. კერძოდ, ინსტიტუტები წარმოდგენილია ნერვების, მგრძნობელობის, მქონედ.[86] აგრეთვე, განხილულია, აფექტის შემცველი დოკუმენტები: საბუთები, რომელიც იწვევს შიშს, ნდობას, ან აპათიას[87]. ნავარო-იაშინი მმართველობას, როგორც გაცოცხლებულს (ანიმირებულს), საკუთარი მუხტის მქონედ შეისწავლის. ამრიგად, ის ,,აფექტურ სახელმწიფოებს“[88] და ,,აფექტურ მმართველობას“ იკვლევს.
თარგმანი მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“.
[1] Turkish Republic of Northern Cyprus- TRNC- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა - დე-ფაქტო სახელმწიფო.
[2] ბუკლეტის სათაურია K.K.T.C. Cografi Isimler Katalogu (Cilt-III) - თურქულად- გეოგრაფიული სახელების კატალოგი. ბუკლეტის გარეკანზე დატანილია გირნეს (ბერძნულად - კირინიეს) ოლქის ლოგო. ხოლო, გარეკანის მეორე მხარეს მოცემულია ინფორმაცია ბუკლეტის დაბეჭდვის შესახებ. კერძოდ, ის, 1999წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის სახელმწიფო სტამბაში, თავდაცვის ძალების (ჯარის) ხელშეწყობით, დაიბეჭდა.
[3] თურქულად ,,ზეითუნის მდელოს“ ნიშნავს. სახელის შერჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სოფელი ზეითუნის ხეების სიმრავლით არის განთქმული.
[4] მაგ. აპიდიესი არმუტლუკად ითარგმნა. თარგმანს კი მიუწერეს, -,,რაც თურქულად ნიშნავს“.
[5] მათ, სტანდარტიზაციის ფორმაში, ,,ახალი სახელის“ კოდით წერდნენ.
[6] მაგალითად, ბაშპინარი და ეიდინკოი თურქული სოფლების სახელებია.
[7]ნავარო-იაშინი, კვიპროსელი ბერძნებისა და თურქების ეთნოსისა და ეროვნების გასამიჯნად, ტირეს იყენებს. მაგ: თურქი-კვიპროსელი. რაც თარგმნის სპეციფიკით არის განპირობებული და მიზნად ეთნიკური იდენტობისა და კვიპროსზე არსებული სოციალური ურთიერთობების ხაზგასმას ისახავს. საინტერესოა, რომ თურქი-კვიპროსელები საკუთარ თავს უწოდებენ ,,კიბრის თიურქლერი“(თურქ. კვიპროსელი თურქები), ხოლო ბერძნებს კი − ,,იუნანად“ (თურქ. ელინები) მოიხსენებენ. მაშინ, როცა ბერძნები საკუთარ თავს უწოდებენ − რუმს (თურქ. ბერძენი). აგრეთვე, ეთნოსის ტირით გამიჯვნა მიუთითებს იმ გაუცხოებაზე, რომელიც ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის ომისა და კონფლიქტის შედეგად გაჩნდა.
[8] ჩრდილოეთ კვიპროსი მოიცავს კუნძულის -35,04%-ს. რაც 3,241.68 კვ. კმ-ია. ტერიტორიაა დაახლოებით 3,600 საკუთრების უფლების ამსახველი რუკისგან შედგება.
[9] Giray, K.K.T.C. Co˘grafi ˙Isimler Katalogu (Cilt-III). Girne ˙Ilçesi, i–iii.
[10] სივრცის ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ საინტერესოა კოპოსა (Copeaux) და მოსს-კოპოს (Mauss-Copeaux) კვლევა, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსში ტოპონიმების ცვლილების განიხილავს.
ჩრდილოეთ კვიპროსში ტოპონიმების სახელების ცვლილების პრაქტიკა თურქეთის მოდელს მიჰყვებოდა. თურქეთის პრაქტიკით დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ: Öktem, ‘‘The Nation’s Imprint.’’
ძველი (სომხური, ბერძნული, სირიული, ქურთული, არაბული, ქართული, ჩერქეზული და ლაზური) და ახალი (ყველა თურქული) გეოგრაფიული სახელების ცვლილებით დაინტერესებისას, იხილეთ: Nisanyan, “Adını Unutan Ülke“.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნავარო-იაშინი, ტოპონიმებზე მეტად, დაინტერესებულია ადმინისტრაციული პრაქტიკებით (ბიუროკრატიით), რომელიც გეოგრაფიული სახელების ცვლილებასა და თეორიულ კონცეპტუალიზაციას მოჰყვა.
[11] მხოლოდ რამდენიმე ადგილას, ჩამორეცხილი საღებავის ქვეშ, მოჩანს ბერძნული ანბანის შემორჩენილი ნიშნები.
[12] იგულისხმება ეთნოგრაფიული კვლევის პერიოდი, 2003 წლამდე.
[13]ავტორი იყენებს ტერმინს - Make-Believe, რომლის პირდაპირი თარგმანია ,,შეთხზული რამ“ და ,,თვალთმაქცი“, რაც სტილისტურად გაუმართავია და ქართულ ენაზე უცნაურად ჟღერს. ამიტომ, იმავე მნიშვნელობის მქონე − გამოგონილი შეირჩა (მთარგმნელის შენიშვნა).
[14] სოციალ-კონსტრუქტივიზმის მიმდევრები, ხაზს უსვამდნენ სოციალური ფორმაციის, წარმოსახვით ასპექტებს. იხილეთ: ანდერსონი ,,წარმოსახვითი საზოგადოება“.
[15] ახალი მატერიალისტები იცავდნენ არა-ადამიანური ობიექტების აგენტობას, ადამიანთა წარმოსახვის უნარის მუშაობის საპირისპიროდ (და საწინააღმდეგოდ). იხ: მაგ: Henare et al., “Thinking through Things“; ან Latour and Weibel, “Making Things Public“.
[16] აქ, იგულისხმება Make-Believe- ის ტერმინებს -,,კეთებასა“ და ,,დაჯერებას“- შორის ურთიერთმიმართება. გამოგონება- ავტორის აზრით- კეთებისა და დაჯერების ორივე ნაწილს მოიცავს, სწორედ ამიტომ ტექსტში აქცენტირებულია კეთება-დაჯერება და დაჯერება-კეთება (მთარგმნელის შენიშვნა).
[17]ბენედიქტ ანდერსონის ,,წარმოსახვითი საზოგადოების“ გამოქვეყნების შემდეგ, გამოგონილის შესწავლა, ნაციონალური სახელმწიფოს კონტექსტში, პოპულარული გახდა. ფანტაზმური, გამოგონილი, წარმოსახული, ანდერსონის, კასტორიადისის და ლაკანის მიხედვით, დეტალურად განხილულია: Ivy, “Discourses of the Vanishing“. ხოლო, პოლიტიკურის სივრცეში, ,,დისკურსის“ ნაცვლად ტერმინ ,,ფანტაზიის“ გამოყენებაზე, იხილეთ: Navaro-Yashin, “Faces of the State“.
[18] ავტორი იყენებს ტერმინს - Temporality.
[19] 1963 და 1974წლებს შორის პერიოდი.
[20] შედარებისთვის, იხილეთ: Killoran, ‘‘Time, Space and National Identities in Cyprus.’’
[21] ბერძნულ მხარესთან სასაზღვრო პუნქტების გახსნამდე.
[22] იხ: Navaro-Yashin, “The Make-Believe space” წიგნის წინასიტყვაობა, გვ. Xvi.
[23] ეს პერიოდი წიგნის ეპილოგშია განხილული.
[24] არაერთი ბერძენი-კვიპროსელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის, საზღვარს ,,მწვანე ხაზად“ მოიხსენიებს, ვინაიდან საზღვარის ცნების გამოყენება, ჩრდილოეთი კვიპროსის რეჟიმის სუვერენიტეტის აღიარებას შეიძლება ჩაითვალოს, რაც მათთვის მიუღებელია.
[25] იგულისხმება 2003წლამდე პერიოდი.
[26] თურქულად - Ethniki Orgonosis Kyprion Agoniston (EOKA) -ბერძენ ნაციონალისტთა ჯგუფი.
[27] თურუქლად- ლეფქოშა, ბერძნულად- ლეფქოზია.
[28]EOKA იყო პარტიზანული ჯგუფი, რომელიც ბრიტანელებს ებრძოდა. ის ,,კვიპროსის ერთობის“ საზღვარს, ბერძნული, ენოზისგან იცავდა. ანტი-კოლონიალური წინააღმდეგობისას EOKA თურქ-კვიპროსელებსაც დევნიდა.
[29] რაც იმ დროს, კუნძულზე, ბერძენ-კვიპროსელთა უმრავლესობის სურვილს გამოხატავდა.
[30] იხილეთ: Perry Anderson, ‘‘The Divisions of Cyprus.’’
[31] იგულისხმება 1960 წლამდე დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, პერიოდი.
[32] სხვა ქვეყნებში დაყოფის და ბრიტანეთის კოლონიალური პროექტებით დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ: Butalia, “The Other Side of Silence“.
[33] იხილეთ: Volkan, “Cyprus“.
[34] იხილეთ: Navaro-Yashin, ‘‘Fantasy and the Real in the Work of Begona Aretxaga.’’
[35] მოსახლეობის გაცვლის პირველი პრეცენდენტი, კუნძულზე, 1922წელს დაფიქსირდა. იხილეთ: Hirschon, ‘‘Heirs of the Greek Catastrophe“; Hirschon, ‘‘Crossing the Aegean“; Yildirim, ‘‘Diplomacy and Displacement“.
[36] იგულისხმება ანკლავების ჩამოყალიბებამდე პერიოდი.
[37] იხილეთ: Bryant, “Imagining the Modern“; Yashin, “Step-Mothertongue“.
[38] Linobambaki ითარგმნება, როგორც სელისა და ბამბის შეკრება. რაც, ორ მრწამსს შორის, სინკრეტიზმზე მიუთითებს. იხილეთ: Yashin, “Step-Mothertongue“.
[39] იხილეთ: Yashin, “Step-Mothertongue“.
[40] თურქ. თურქული წინააღმდეგობის ორგანიზაცია. მათი მხარდამჭერი იყო თურქეთის სახელმწიფო. იხილეთ: Volkan, “Cyprus“.
[41] იხილეთ: Loizos, “Heart Grown Bitter“.
[42] საყურადღებოა, რომ ორივე დაჯგუფება (TMT და EOKA) ებრძოდა არა მხოლოდ ,,მტრულ“ მხარეს, არამედ საკუთარი ეთნიკური ჯგუფის იმ წევრებსაც, ვისაც მათგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. მაგ: მემარცხენეებს, კომუნისტებს და იმ პირებს, ვინც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და კოჰაბიტაციაზე საუბრობდა.
[43] მოჩვენებითის, ილუზორულის და აჩრდილოვანის მნიშვნელობით.
[44] იხ: Latour, “We Have Never Been Modern“.
[45] აქ, ავტორი ახსენებს თურქებს, თურქ-კვიპროსელების ნაცვლად, ვინაიდან ჩრდილოეთი კვიპროსის ტერიტორიაზე ადმინისტრაციამ ,,თურქი“ (ზოგი ლაზი, ქურთი ან არაბული წარმოშობის) მიგრანტებიც დასახლა.
[46] ნავარო-იაშინი განიხილავს, 2003წლამდე, კვიპროსში არსებულ რეალობას. თუმცა, 2003წლიდან შემდეგ ცვლილებების გასაცნობად, იხილეთ: Bryant, ‘‘The Past in Pieces‘‘; Demetriou, ‘‘Freedom Square’’; Demetriou, ‘‘To Cross or Not to Cross?’’; Dikomitis, ‘‘A Moving Field’’; Dikomitis, ‘‘Three Readings of a Border’’ და Hadjipavlou, ‘‘I Grow in Different Ways Every Time I Cross.’’.
[47] იხ: Brennan, “The Transmission of Affect“.
[48] დაინტერესებისას, იხ: Gordon, “Ghostly Matters“; Aretxaga, “States of Terror“; Carsten, “Ghosts of Memory“; Kwon, “After the Massacre“.
[49] იხილეთ: Derrida, “Specters of Marx“.
[50] ვიეტნამის კვლევისგან განსხვავებით. იხ: Kwon, “After the Massacre“.
[51] იგულისხმება თურქეთში, უმცირესობებთან კონფლიქტისას, აჩრდილების შესახებ ნარატივების კვლევა: Miroglu, “Affet Bizi Marin“.
[52] ავტორი იყენებს ტერმინ- ანიმირებულს, გაცოცხლებულის მნიშვნელობით (მთარგმნელის შენიშვნა).
[53] ამირია ჰენარე, ბრუნო ლატური, ბრაიან მასსუმი და ნაიჯელ თრიფტი. იხ: Henare et al., “Thinking through Things“; Latour, “Reassembling the Social“; Massumi, “Parables for the Virtual“; Thrift, “Non-Representational Theory“
[54] Non-Human objects.
[55] ავტორი აქ იყენებს ტერმინ ფანტაზმურს (Phantasmatic), რომელიც აღნიშნავს გამოგონილს, წარმოსახულს (მთარგმნელის შენიშვნა).
[56] იხ: Brennan, “The Transmission of Affect“.
[57] იხ: Bennett, “The Enchantment of Modern Life“.
[58] იხ: Tarde, “On Communication and Social Influence“.
[59] იხ: Anderson, “The Powers of Distance“.
[60] იხ: Stewart, “Ordinary Affects“.
[61] იგულისხმება ადმინისტრაციის მიერ იდეოლოგიური და მატერიალური პრაქტიკებით გარემოს და სივრცის შელამაზების მცდელობა (მთარგმნელის შენიშვნა).
[62] იხ: Anderson, ‘‘Becoming and Being Hopeful’’; McCormack, ‘‘An Event of Geographical Ethics in Spaces of Affect’’; Thrift, “Non-Representational Theory“.
[63] მაგ. იხ: Green, “Notes from the Balkans“.
[64] იხ. Biehl et al., Subjectivity“.
[65] იხ: Freud, ‘‘The Unconscious’’. ,,ფსიქეს“ ცნების კრიტიკისთვის კი იხილეთ: Rose, “Governing the Soul“; Rose, “Inventing Our Selves“.
[66] მაგ: Born, ‘‘Anthropology, Kleinian Psychoanalysis, and the Subject in Culture’’; Jacobus, “The Poetics of Psychoanalysis“; Klein, “The Psycho-Analysis of Children“; Mitchell, “The Selected Melanie Klein“.
[67] Lacan, “The Four Fundamental Concepts of Psychoanalysis“.
[68] იხ. Deleuze, “Foucault“ და Foucault, “The Order of Things“.
[69] იხ: Latour, “We Have Never Been Modern“ და Latour and Weibel, “Making Things Public“.
[70] იხ: Spinoza, “Ethics“.
[71] ავტორი იყენებს ტერმინ - Co-Inhabitation, რაც ,,თანა-დასახლებად“ შეიძლება ითარგმნოს (მთარგმნელის შენიშვნა).
[72]ალმანახი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დაიბეჭდა. მისი გამომცემელი და რედაქტორია, - ქემალ რუსტემი. ალმანახი ჩრდილოეთ კვიპროსზე სახელმწიფო მმართველობის, ოფიციალურ ცნობარად დაამტკიცა ყოფილმა პრეზიდენტმა, რაუფ დენქტაშმა.
[73] რუკებისა და ციფრების ეთნოგრაფიით დაინტერესებისას, იხილეთ: Green, “Notes from the Balkans.“
[74] ჩვ. წ-მდე, 4000წლით ადრე.
[75] რაც კვიპროსის რესპუბლიკის მიბაძვას ჰგავს, რადგან ,,ბერძნული მხარე“ ელინიზმსა და ანტიკურ ხანას მიიჩნევს საკუთარი, საუკუნოვანი წარსულის საფუძველად.
[76]მხოლოდ წერია, რომ ,,ჯერ არ არის გაეროს წევრი“.
[77] მოულოდნელ
[78] იხ: Stoler, “Along the Archival Grain“.
[79] იხ: Weber, ‘‘Bureaucracy.’’
[80] ინსტიტუტების, ანთროპოლოგიური, კვლევით დაინტერესებისას, იხილეთ: Strathern, “Audit Cultures“; Wright, “Anthropology of Organisations“; Riles, “Documents“; Born, “Rationalizing Culture“; Corsin-Jimenez, ‘‘Industry Going Public.’’
[81] მაგ. იხ: Navaro-Yashin, “Faces of the State“.
[82] იხილეთ: Aretxaga, ‘‘Shattering Silence“; Aretxaga, ‘‘States of Terror“;; Navaro- Yashin, ‘‘Faces of the State“; Stoler, ‘‘Affective States’’; Stoler, ‘‘Along the Archival Grain“.
[83] იხილეთ: Barry et al., ‘Foucault and Political Reason‘; Burchell et al., ‘The Foucault Effect‘; Cruikshank, ‘The Will to Empower‘.
[84] იხილეთ: Anderson, “The Powers of Distance“.
[85] აქ, ნავარო-იაშინი ვარაუდობს, რომ ბიუროკრატიები თავად არიან აფექტური ობიექტები არიან, ხოლო ,,გამოცალკავება“ აფექტის ერთ-ერთი სახეობაა., რომლის გადაცემა, წარმოება და ,,შეყრა“ ბიუროკრატიებს ახასიათებთ.
[86] მათ აქვთ, როგორც გამაღიზიანებელი, ისე დამამშვიდებელი ეფექტი.
[87] იხილეთ: Patel, ‘‘Imagining Risk, Care, and Security.’’
[88] იყენებს სტოლერის ცნებას. იხ: Stoler, ‘‘Along the Archival Grain“.
ინსტრუქცია