[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს ანგარიშის განხილვა დაიწყო

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა საქართველოში შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყო. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის ანგარიში, EMC-ს, PHR-სა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების მიერ წარდგენილი მასალები და გამოაქვეყნა შეკითხვები (Lists of Issues).[1] ამ დოკუმენტით კომიტეტი მთავრობისგან ითხოვს განახლებული და დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენას შშმ პირთა კონვენციის ყველა მუხლის დანერგვასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შეკითხვებში ასახულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხები და სხვადასხვა დროს მომზადებული ალტერნატიული ანგარიშების შინაარსი. მიუხედავად ამგვარი დოკუმენტის ძირითადად ნეიტრალური ხასიათისა, კომიტეტმა ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, როგორიცაა, ქვეყანაში შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომებისა და მოდელის არსებობა და ფართოდ გამოყენება, ასევე, ის ბარიერები, რომლის წინაშეც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები დგანან სხვადასხვა უფლების (მაგ. შრომისა და დასაქმების, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებების) განხორციელების ჭრილში.

გაეროს კონვენციის რატიფიცირება, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია,  საქართველომ 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა. შეგახსენებთ, რომ კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გაეროს კომიტეტს წარუდგინა ანგარიში, რომელიც შეეხება მის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით. სამთავრობო ანგარიშთან ერთად კომიტეტში გაიგზავნა რამდენიმე ალტერნატიული ანგარიში,[2] მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 17 ორგანიზაციის (მათ შორის, EMC-სა და PHR-ის მონაწილეობით) ყოვლისმომცველი ალტერნატიული ანგარიში[3], რომელიც შეეხო კონვენციის ყველა მუხლს, შეაფასა ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული უმთავრესი გამოწვევები და მოამზადა რეკომენდაციები თითოეული მუხლის იმპლემენტაციისთვის სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

დამატებით, 2020 წლის თებერვალში EMC-მ და PHR-მა მოამზადეს და კომიტეტს წარუდგინეს დოკუმენტი, რომელმაც შეაფასა სახელმწიფოს პროგრესი კონვენციის თითქმის ყველა ძირითადი მუხლის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და ჩამოთვალა კითხვები/საკითხები, რომელზეც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ხედვისა და პოზიციის დაფიქსირება ანგარიშის საბოლოო განხილვის ეტაპამდე (ე.წ. Suggested Lists of Issues).[4] ამასთან, EMC-მ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) შეიმუშავა ანალოგიური ტიპის დოკუმენტი კონვენციით გარანტირებულ ექვს უფლებასთან დაკავშირებით (თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლება, განათლების, შრომისა და ცხოვრების ადეკვატურ დონეზე უფლებები, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ძალადობისგან დაცვის უფლება).

კომიტეტის მიერ დასმულ შეკითხვებზე მთავრობის პასუხი, სახელმწიფოს ანგარიშთან, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიულ ანგარიშებთან ერთად, მომდევნო წელს, პლენარულ სესიაზე განიხილება. სესიის შემდგომ, კომიტეტი მიიღებს დასკვნით რეკომენდაციებს - მთავრობის სახელმძღვანელო პრინციპებს შშმ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით.

EMC და პარტნიორი ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები კომიტეტის მიერ კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის განხილვის შემდგომ ეტაპებში და საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას აღნიშნული პროცესის შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“