[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან 9 წლის შემდეგ შშმ პირების უფლებები კვლავ არსებითად დაუცველია

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს სახელმწიფოსთვის ვალდებულებების შეხსენებას, ასევე, შშმ თემის საჭიროებებისა და საზოგადოებაში მათი ინკლუზიის მნიშვნელობის ხაზგასმას.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციას საქართველო ჯერ კიდევ 9 წლის წინ შეუერთდა, თემის წევრთა უფლებრივი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ხოლო არსებული გამოწვევები წლიდან წლამდე უცვლელი რჩება. სახელმწიფო უწყებების მიერ ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესზე მითითება, ხშირ შემთხვევაში, მანიპულაციურია და მხოლოდ ფორმალურ, ზედაპირულ ცვლილებებს გულისხმობს. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავ პრობლემურია

  • შშმ პირთა შეფასება, სტატუსის მინიჭება და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელება კვლავ მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზეა დამოკიდებული და არ ითვალისწინებს თემის წევრების ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  • სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი შშმ პირი ცხოვრობს მის ტერიტორიაზე, რაც საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს;
  • ასობით ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირი კვლავ ინსტიტუციონალიზებულია და ღირსების შემლახველ პირობებში, საზოგადოებისგან იზოლირებულად უწევს ცხოვრება;
  • ქმედუნარიანობის რეფორმის არასათანადო განხორციელების გამო, ათასობით ადამიანს არ შეუძლია საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება;
  • მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები, რომელთა რაოდენობაც სოციალური პაკეტის მიმღებ შშმ პირთა საერთო რაოდენობის 65.43 %-ს შეადგენს (82 733 ადამიანი), კვლავ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ოდენობის დახმარებას იღებენ;
  • ხანდაზმულ შშმ პირებს ერთმევათ ერთდროულად შშმ პირთა სოციალური პაკეტითა და ასაკობრივი პენსიით სარგებლობის საშუალება;
  • სახელმწიფოს ენის პოლიტიკის გამო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები, რომლებიც არ ფლობენ სახელმწიფო ენას, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, რაც ქვეყანაში არსებულ ისედაც მწირ სერვისებზე წვდომას მნიშვნელოვნად აფერხებს;
  • შშმ პირთა წვდომა დასაქმებაზე, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მექანიზმებზე, კვლავ მწირია;
  • შშმ თემისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უსისტემო და ხშირად მხოლოდ ფორმალურია.

ხაზგასასმელია, რომ ამ და სხვა არაერთ პრობლემაზე ყურადღება გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა 2023 წლის აპრილში საქართველოს მიმართ გაცემულ, ოც გვერდიან დასკვნით რეკომენდაციებში გაამახვილა. თუმცა, კომიტეტის ზოგადი და კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება მხოლოდ სისტემური მიდგომებითაა შესაძლებელი და კანონმდებლობის, პოლიტიკის დოკუმენტებისა და ცალკეული ინსტიტუციური მექანიზმების ფორმალურად არსებობა რეალური ტრანსფორმაციის მიღწევისთვის საკმარისი არ არის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, გაიაზრონ საკუთარი ვალდებულებები შშმ პირებთან მიმართებით და ფორმალური ცვლილებებისა და პროცესების ნაცვლად, თემის ჩართულობით, რეალურად აღმოფხვრან ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემები, რაც შშმ პირთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“