საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2014 წლის 24 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს რიგით მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია რიგი წინგადადგმული ნაბიჯები, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა. ასევე ხაზგასმულია პრობლემები და ცალკეული უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელთა გადაჭრის მიზნით კომიტეტმა სახელმწიფოს საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.
დასკვნაში წარმოდგენილია კომიტეტის მოსაზრებები ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა;
- გენდერული თანასწორობა;
- დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე;
- ოჯახში ძალადობა;
- ადამიანის უფლებების დარღვევის წარსული ფაქტების გამოძიების საკითხი;
- ადმინისტრაციული პატიმრობა;
- ნაფიცი მსჯაულები;
- საპროცესო შეთანხმებები და მკაცრი ნარკოპოლიტიკა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები;
- რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება;
- ეთნიკური უმცირესობების უფლებები;
დასკვნაში მოხსენიებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტის რეკომენდაციები ასე გამოიყურება: პატრიარქალურ სტერეოტიპებთან და დამოკიდებულებებთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფომ უნდა განავითაროს სტრატეგია და გააძლიეროს მცდელობა ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ასევე ებრძოლოს ადრეული ქორწინებებისა და სელექციური აბორტების პრობლემას. კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს ხელი შეუწყოს ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინების გაკეთების გააქტიურებას, უზრუნველყოს სამართალდამცავების, სამედიცინო და სოციალური მუშაკების განგრძობადი მომზადება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ოჯახური ძალადობის შედეგებთან დაკავშირებით. კომიტეტმა ასევე მოუწოდა სახელმწიფოს გააქტიუროს ადამიანის უფლებების დარღვევის წარსული ფაქტების გამოძიება, განაგრძოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნის საკითხის განხილვა, უმოკლეს ვადებში მოახდინოს ადმინისტრაციული პატიმრობის მექანიზმის რეფორმა.
რაც შეეხება დასკვნის ცალკეულ პუნქტებს უფრო კონკრეტულად:
კომიტეტი მიესალმება წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებულ შემდეგ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ნაბიჯებს:
ა) ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის შემუშავება 2014-2020 წლებისთვის და ადამიანის უფლებების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2014-2015 წლებისთვის;
ბ) 2014 წლის ცვლილებები პატიმრობის კოდექსში;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო ჰომოსექსუალებისთვის დაწესებული აკრძალვა სისხლის და სისხლის კომპონენტებს დონაციაზე;
დ) შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში 2011 წელს განხორციელებული ცვლილებები;
ე) სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის გაზრდა 12-დან 14 წლამდე;
ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობა
კომიტეტი მიესალმება 2014 წლის 2 მაისს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღებას სახელმწიფოს მიერ. თუმცა, კომიტეტმა გამოხატა წუხილი მისი აღსრულების მექანიზმების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
კომიტეტის რეკომენდაციით, სახელმწიფომ დამატებით უნდა გააუმჯობესოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა პრაქტიკულად უზრუნველყოს ადამიანების ადეკვატური დაცვა დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან, მათ შორის საჭიროა:
ა) უზრუნველყოს სახალხო დამცველის ოფისი მზარდი ფინანსური და ადამიანური რესურსებით, რათა ეფექტურად მოხდეს მისი ახალი როლის განხორციელება;
ბ) მიანიჭოს სახალხო დამცველს ძალაუფლება გამოსცეს შესასრულებლად სავალდებულო წინადადებები და მოახდინოს სამართლებრივი პროცედურების ინიცირება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის პროცესში ან შექმნას დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანო, რომელსაც ექნება აღნიშნული უფლებამოსილებები;
გ) უზრნველყოს, რომ ადეკვატურად დაისაჯონ სამართალდამრღვევები, ხოლო დისკრიმინაციის მსხვერპლებს ჰქონდეთ ეფექტური და ადეკვატური სამართლებრივი დაკმაყოფილება;
დ) აამაღლოს ცნობიერება ფართო საზოგადოებაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და დისკრიმინაციისთვის დაწესებული სასჯელის შესახებ.
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია
კომიტეტი შეშფოთებულია დისკრიმინაციის, სოციალური სტიგმის, სიძულვილის ენისა და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის და ასევე მათი გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო.
დასკვნის თანახამდ, სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები, რათა ებრძოლოს ყველა ფორმის სტიგმას ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობის, ტრანსექსუალობის მიმართ ან სიძულვილის ენას, დისკრიმინაციას ან სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის ნიშნით პირებით მიმართ გამოვლენილ ძალადობას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების პრაქტიულ ცხოვრებაში ეფექტიანად დაცვა და სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებული ნებისმიერი სახის ძალადობის გამოიძიება, გასამართლება და დასაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად. მან ასევე უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა მოხდეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების პრაქტიკაში გამოყენება ლგბტ ადამიანების და მათი დამცველების მიერ.
საპროცესო შეთანხმების სისტემა და ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკა
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ცალკეული გაუმჯობესებების მიუხედავად, კომიტეტი დამწუხრებულია, რომ გამამართლებელი განაჩენის ნიშნული კვლავ დაბალი რჩება. იგი ასევე გამოხატავს უკმაყოფილებას საპროცესო შეთანხმების არსებულ სისტემაში ბრალდებულებისთვის დაცვის არასაკმარისი საშუალებების არსებობის გამო, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობის მიღების იძულების წინააღმდეგ, პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებების გაუმჭვირვალობის გამო და მოსამართლისა და დაცვის მხარის ლიმიტირებული როლის გამო პროცესში.
კომიტეტი შენიშნავს ნარკოტიკის გამოყენების კრიმინალიზაციას ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის ქვეშ და განცხადებებს, რომ საპროცესო შეთანხმების სისტემა გამოყენებული იყო წამალდამოკიდებული პირებისგან ფულის გამოძალვის მიზნით. ის ასევე შეწუხებულია, ათასობით განცხადებით, რომელიც მთავარ პროკურატურაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შევიდა, რომელშიც მოქალაქეები მიუთითებდნენ საპროცესო შეთანხმების დადებისას მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო, - პრაქტიკა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გამამართლებელი განაჩენების დაბალ რიცხვთან.
ბოლოს, კომიტეტი შენიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს როგორც საპროცესო შეთანხმების ისე ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას,მომზადებულია.
დასკვნის თანახმად, სახელმწიფომ უნდა მოახმაროს თავისი ძალისხმევა არსებული საპროცესო შეთანხმების სისტემისა და ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას და დაუბრუნდეს საპროცესო შეთანხმებების დადებისას ბრალდებულთა იძულების წარსულ ფაქტებს, მათ შორის:
ა) უზრუნველყოს საპროცესო შეთანხმების კონტექსტში, ბრალდებულის ადეკვატური სამართლებრივი დაცვის გარანტიებით აღჭურვა, მათ შორის საპროცესო შეთანხმების იძულებისა და ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად, პაქტით დადგენილი უფლებების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს გამჭვირვალობა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარეკისას, გაზარდოს და გააძლიეროს მოსამართლისა და დამცველის როლი პროცესში;
გ) ნარკოტიკის მოხმარებასთან ბრძოლისას, მიიღოს ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომა, რომელიც იქნება ორიენტირებულია ჯანმრთელობის დაცვაზე, ფსიქოლოგიური დახმარების სერვისსა და რეაბილიტაციაზე, მათ შორის, წამალდამოკიდებულთა მკურნალობაზე, როგორიცაა ჩანაცვლებითი თერაპია და ზიანის შემცირების პროგრამები.
რწმენისა და რელიგიის თავისუფლება
კომიტეტი მართალია აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ, 2014 წლის 27 იანვარს მიღებულ 117-ე განკარგულებას, „საქართველოში არსებული, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე, თუმცა შეწუხებულია, საბჭოთა დროს რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციისთვის არასაკმარისი ღონისძიების არსებობის გამო. ის ასევე შეწუხებულია, რელიგიური შეუწყნარებლობის, მათ შორის რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობისა და ვერბალური და ფიზიკური თავდასახმების გამო, კონკრეტულად კი იეჰოვას მოწმეების, მუსლიმებისა და სხვა არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მიმართ, ასევე მათ რიტუალებისთვის ხელის შეშლისა და ვანდალიზმის გამო.
დასკვნის თანახმად, სახელმწიფომ უნდა დაიცვას რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, ასევე რელიგიური წესების აღსრულების თავისუფლება როგორც ინდივიდუალურად თუ ისე ჯგუფურად და როგორც საჯარო ისე კერძო სივრცეში, ლოცვის, რიტუალის შესრულების, აღზრდისა და სწავლების ფორმით. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
ა) მკაცრად დაგმოს ნებისმიერი სახის ძალადობის ან სიძულვილის ენის გამოყენება რელიგიური ჯგუფების მიმართ და მიმართოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რომლის მიზანის იქნება ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განსხვავებულობის შემწყნარელობის სტიმურილება;
ბ) გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ მსგავსი დანაშაულების დაკვალიფიცირება მოხდეს სათანადოდ სისხლის სამართლის კოდექსის 53 მუხლის, მე-31 ნაწილის შესაბამისად, გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად, სამართალდამრღვევები მიეცნენ პასუხისგებაში და მათი მსჯავრდების შემთხვევაში, მოხდეს ადეკვატური სასჯელების გამოყენება და მოხდეს მსხვერპლების ადეკვატურად კომპენსირება;
გ) გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს რელიგიური უმცირესობების სალოცავებისა და სხვა დაკავშირებული ქონების რესტიტუცია და რესიტიტუციის შეუძლებელობის შემთხვევაში გადაეცეთ ადეკვატური კომპენსაცია.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ლინკზე
ინსტრუქცია