საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მუსლიმი თემის კრიტიკის დიდი ნაწილი, მერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაიზიარა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლითაც მუსლიმ თემს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ეთქვა, უკანონო და დისკრიმინაციულია. სამწუხაროდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის ის მოთხოვნა, რაც მერიისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალდებულებას გულისხმობდა და მიღებული გადაწყვეტილების უფრო ეფექტიანი და დროული აღსრულების საფუძველი გახდებოდა.
მუსლიმი თემი ითხოვდა ბათუმის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას და მერიისთვის მშენებლობის ნებართვის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას. ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება მუსლიმი თემის ისტორიული მოთხოვნაა და ყველა ხელისუფლების პირობებში მუსლიმების ეს მოთხოვნა, უფლება და საჭიროება უგულებელყოფილი იყო. სწორედ ამიტომ, მუსლიმმა თემმა სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო საკუთარი უფლებების დასაცავად.
მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავდნენ.
EMC ულოცავს მუსლიმს თემს სამართლიანობისთვის ბრძოლის გზაზე ამ პირველ წარმატებულ ნაბიჯს და შემდგომშიც გააგრძელებს მათი უფლებების დაცვისა და სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის საჭირო მხარდაჭერას‼️
ინსტრუქცია