[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე წვდომა კვლავ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს 

დღეს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე აღინიშნება. მისი მიზანია, ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სტიგმის დაძლევა და სახელმწიფოებისათვის კიდევ ერთხელ შეხსენება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მათი განსაკუთრებული როლის შესახებ. ამ დღის წლევანდელი სლოგანი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გლობალური მასშტაბით პრიორიტეტიზაციას უკავშირდება.

სოციალურმა და ეკონომიკურმა უთანასწორობამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ტვირთი და კიდევ უფრო მეტად დააყენა ამ სფეროში ეფექტიანი და სისტემური ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, წინა წლების მსგავსად, ფსიქიკური ჯანმრთელობა არც მიმდინარე წელს გამხდარა მთავრობის პრიორიტეტი. ქვეყანა ჯერ კიდევ შორს დგას ამ სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შემოტანისა და დამკვიდრებისგან. ამის გათვალისწინებით, ფსიქოსოციალური ნიშნით შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა და წლიდან წლამდე არ იცვლება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობებს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ ასობით ინსტიტუციონალიზებული ადამიანით ხვდება, რომლებიც საერთოდ მოკლებულნი არიან უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას და ყოველდღიურად იზოლაციაში, ღირსების შემლახველ და არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა ფსიქიატრიული დაწესებულებების, თავშესაფრებისა და პანსიონატების დაშლისა და მასში მცხოვრები ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნების ხედვას.

აღნიშნული გამოწვევების ფონზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება იზრდება და მიმდინარე წელს 35 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა იგი მთავრობის მიერ ჯანდაცვის სფეროში გამოყოფილი ფინანსური რესურსის მხოლოდ 1.87 %-ს შეადგენს. ამასთან, პროგრამაზე გამოყოფილი თანხის ნახევარზე მეტი კვლავ სპეციალიზებული ან/და დიდი ზომის სტაციონარების დაფინანსებაზე მოდის, ხოლო ისეთ კომპონენტს, როგორიცაა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მხოლოდ 0.37 % ეთმობა.

ხაზგასასმელია, რომ 2022 წლის იანვარში მთავრობამ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი 2022-2030 წლებისათვის განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვასა და მის სამომავლო პრიორიტეტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით. სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლისათვის არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს, მათ შორისაა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება; ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში უფლებებთან დაკავშირებული გასაჩივრების და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და დამტკიცება; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტის გადახედვა და ტრანსფორმაცია; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსების მოდელის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმებისა, საზოგადოებისათვის ამ დრომდე არ გამხდარა ხელმისაწვდომი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რაიმე კომპონენტის იმპლემენტაციის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ამ ინსტრუმენტის დროულ და ეფექტიან აღსრულებას მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რაც ყველაზე მწვავედ კვლავ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე აისახება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და მიიღოს ყველა ღონისძიება ამ მიმართულებით სტატიკური სიტუაციის შეცვლისა და რადიკალური გარდაქმნების განხორციელებისათვის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“