[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

Freedom House: 2023 წელს საქართველო “ავტოკრატიზაციისკენ მიდრეკილ ჰიბრიდულ რეჟიმად” კლასიფიცირდა 

 

 

Საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ახლახან გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში “ქვეყნები გარდამავალ პროცესში” (Nations in Transit), რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიამდე რეგიონის 29 ქვეყანაში 2023 წელს დემოკრატიის მდგომარეობას აღწერს. ანგარიშის მიხედვით, რეგიონში დემოკრატიული მმართველობის ხარისხი 2023 წელსაც გაუარესდა: ევრაზიულმა ავტოკრატიულმა რეჟიმებმა გააძლიერეს თავდასხმა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე, ხოლო  ევროპულ  ჰიბრიდულ რეჟიმებში ავტორიტარულმა ტენდენციებმა იოლად გადაწონა ბოლო წლებში მოპოვებული დემოკრატიული მიღწევები.  

აღსანიშნავია, რომ რეგიონში არსებული 11 ჰიბრიდული რეჟიმიდან დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ უკრაინამ განიცადა. Საქართველოს მდგომარეობა უცვლელი დარჩა, თუმცა იგი უნგრეთსა და სერბეთთან ერთად კლასიფიცირდა, როგორც ავტოკრატიზაციისკენ მიდრეკილი ჰიბრიდული რეჟიმი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების გზაზე დგას. ანგარიშის მიხედვით, ეს იმით აიხსნება, რომ ძირითადმა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა, მათ შორის მედიამ და სასამართლომ, გადააჭარბეს ჰიბრიდული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პოლიტიზირების დონეს და დაქვემდებარებულნი არიან მმართველი პარტიის ინტერესებს. Freedom House-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, Ნახევრად კონსოლიდირებული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია “დომინანტური ძალის პოლიტიკა”, რაც გულისხმობს, რომ ოპოზიციას ან სამოქალაქო საზოგადოებას აქვს გარკვეული სივრცე მოქმედებისთვის, თუმცა მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია თავიდან აიცილოს ნებისმიერი ცვლილება ხელისუფლებაში. 

 

ანგარიშში საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან მოვლენად არის მოხსენიებული 2023 წლის მარტის მოვლენები, როდესაც ქვეყანამ შეძლო, მასობრივი საზოგადოებრივი პროსტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის დამსახურებით, თავიდან აეცილებინა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის თავისუფლების შემზღუდავი “უცხოეთის გავლენის აგენტების” შესახებ “რუსული სტილის” კანონის მიღება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ როდესაც საშინაო და საერთაშორისო წინააღმდეგობა სათანადოდ ძლიერია, ჰიბრიდული რეჟიმები შეიძლება დათმობაზე წავიდნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც ეს 2023 წლის მარტში საქართველოში მოხდა. Freedom House აღნიშნავს, რომ Სწორედ შეკრების უფლების ეფექტური რეალიზაციის  შესაძლებლობა და განსხვავებული აზრის ჩასახშობად ფიზიკური ძალადობის იშვიათად გამოყენება განასხვავებს ჰიბრიდულ რეჟიმს ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმისგან. 

 

ანგარიშში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს “რუსული კანონის” მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას. Სწორედ ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” პატივი უნდა სცეს 2023 წლის საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარს და საბოლოოდ თქვას უარი  კანონპროექტის მხარდაჭერაზე. 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Სურ: Freedom House 2024

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“