[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / განცხადება

ფალავანდიშვილების მიერ ჩადენილი დანაშაულები მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს  

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება რიონის ხეობის მცველების მიერ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ორგანიზებული აქციების დროს მომხდარი ჰომოფობიური ძალადობის ინციდენტებს და პოლიციას ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ დაუყოვნებელი და ქმედითი სამართლებრივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

23-24 მაისს რიონის ხეობის მცველები მართავენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას თბილისში. მოძრაობის ლიდერებისგან და მხარდაჭერებისგან ენერგოპოლიტიკასთან, გარემოს დაცვასთან, სოციალურ პოლიტიკასთან და უფრო ფართედ ქვეყნის უსამართლო, უთანასწორო განვითარებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური კრიტიკა და პროგრესული პოლიტიკური იდეები ისმის. სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველების უნიკალური და ისტორიულ მოძრაობას აზიანებს ულტრა-კონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მობილიზაცია პროტესტის გარშემო, რომლებიც გარდა იმისა, რომ რეგრესული, შოვინისტური და ძალადობრივი რიტორიკით გამოირჩევიან, შეკრების ადგილებში ლგბტქი ადამიანების მიმართ ღია ძალადობას სჩადიან.

23 მაისს, ისევე როგორც 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე შეკრების ადგილას იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, რომლებმაც ადგილზე მყოფ სამოქალაქო აქტივისტებზე იძალადეს. კერძოდ, 23 მაისს მამა-შვილმა ფალავანდიშვილებმა ბათუმიდან ჩამოსულ ქვიარ აქტივისტებს მოძრაობის მხარდამჭერი პლაკატი ძალადობრივად დაუხიეს. დღეს ამავე ჯგუფის წარმომადგენლები თავს დაესხნენ “მოძრაობა სირცხვილიას” აქტივისტებს, რომელთაგან ერთ-ერთს, სალომე ბარკერს ლგბტქი დროშის სამკლაური ეკეთა. მოძალადე ფალავანდიშვილებმა ახალგაზრდა აქტივისტების აქციის ტერიტორიიდან გაძევება ძალადობით სცადეს.

სამწუხაროდ არც ერთი ეს ინციდენტი, ისევე როგორც წარსულში ფალავანდიშვილებისა და სხვა ძალადობრივი რადიკალური ჯგუფების ლიდერების მიერ ჩადენილი ძალადობის ინციდენტები ეფექტიანად გამოძიებული არ არის. ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების შეწყნარების ტენდენცია, გარდა იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სისუსტეს აჩვენებს, ამ ჯგუფების მიმართ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს ატარებს. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში აშკარად ჩანს ულტრაკონსერვატიული რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ტენდენციაც ხელისუფლების მხრიდან.

ამ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პოლიციამ დროულად დაიწყოს გამოძიება 23 და 24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ჰომოფობიური ძალადობისა და დევნის ინციდენტებზე და ფალავანდიშვილების მიმართ მიიღოს მყისიერი სამართლებრივი ზომები.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რიონის ხეობის მცველების მოძრაობის უნიკალური ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ ღირებულებას. ბოლო თვეებში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების, პროსახელისუფლო და ოპოზიციური მედიების დიდი ნაწილის მხრიდან მოძრაობის დეჰუმანიზების მცდელობას სწორედ ქსენოფობიისა და ჰომოფობიის სარჩულით. ჩვენ ვერ გავიხსენებთ რიონის ხეობის მცველების ვერც ერთ განცხადებას, რომელსაც ჰომოფობიური ან შოვინისტური შინაარსი ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, მოძრაობის ლიდერები პროგრესული პოლიტიკური იდეებით და სოციალური მგრძნობელობით გამოირჩევიან და ჩვენს დაქსაქსულ, კონფლიქტურ საზოგადოებაში ერთობის შენებას ცდილობენ. დღეს რიონის ხეობის მცველთა მოძრაობა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ეკონომიკური და სოციალური უკმაყოფილებების გამხმოვანებელი და იმედია. რიონის ხეობის მცველთა მოძრაობა აერთიანებს მრავალფეროვან სოციალური ჯგუფებს, მათ შორის, ერთმანეთთან კონფლიქტშიც მყოფ ჯგუფებს. ცხადია, ამ ვითარების მართვა მოძრაობის ლიდერებისთვის ისედაც დაძაბულ ბრძოლაში რთულია. ღრმა საზოგადოებრივი კონფლიქტის და გაუცხოების გადაჭრის პასუხისმგებლობის დაკისრება მოძრაობის ლიდერებისთვის უსამართლოც იქნებოდა.

ჩვენ კარგად ვხედავთ მოძრაობის ლიდერები როგორ ცდილობენ, რომ მათი საჯარო პლატფორმა (აქციებზე სიტყვა, ოფიციალური მიმართვები) არ დაუთმონ რადიკალურ ჯგუფებს და მაქსიმალურად აკონტროლონ აქციის შინააარსი. თუმცა, აშკარაა, რომ რიონის ხეობის მცველების აქციებზე პროვოკაციის, მათ შორის, ორგანიზებული პროვოკაციის გამოცდილების ფონზე, მოძრაობის ლიდერების მხიდან მისაღებია უფრო ქმედითი ნაბიჯები ძალადობაში უშუალო ჩართული პირების მიმართ, რაც მათგან მკაფიო გამიჯვნასა და დისრანცირებას, შეკრების ადგილებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ქვეშ დამატებითი ზომების მიღებას გულისხმობს. მით უფრო, რომ აღნიშნული პირები აგენტ-პროვოკატორების სტრატეგიით მოქმედებენ და საკუთარი განცხადებებითა და შეკრების ადგილზე ძალადობის ნორმალიზებით პირდაპირ და უშუალოდ მონაწილეობენ მოძრაობის დისკრედიტაციაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“