საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას წევს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ანტი-ლგბტ(ქ)ი კანონი. კომიტეტმა ასევე მოითხოვა რელიგიური უმცირესობების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების მიღება.
უფრო ზუსტად, 2025 წლის 4-6 მარტს გაიმართა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა შეხვედრების მორიგი სესია, რომელზეც კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ იდენტობის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესი შეაფასა.[1] საქმეების ეს ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ლგბტ(ქ)ი ადამიანების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, ასევე შეკრებების თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დარღვევას, ასევე კერძო პირების მხრიდან თემის წევრებზე ძალადობის საქმეების აშკარად არაეფექტიან გამოძიებას.[2]აღსანიშნავია, რომ საქმეების ეს ჯგუფი ასევე აერთიანებს რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, ქართველი მუსლიმების მიმართ პოლიციის და კერძო პირების მიერ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დევნის შემთხვევებს მოხესა და ქობულეთში, ასევე რელიგიური უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის კუთხით სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას.
მინისტრთა კომიტეტმა იდენტობის საქმეების ჯგუფზე შუალედური რეზოლუცია მიიღო, რაც ამ საკითხის მიმართ კომიტეტის განსაკუთრებულ ყურადღებას უსვამს ხაზს. კომიტეტმა რეზოლუციაში ხაზი გაუსვა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლით განმტკიცებულ სახელმწიფოების ვალდებულებას, რომ სრულად, ეფექტიანად და სწრაფად აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა:
რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს, მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოხატა, რომ კომიტეტის მოთხოვნების მიუხედავად, ხელისუფლებამ აამოქმედა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომელიც, მათ შორის, კრძალავს ლგბტ(ქ)ი იდენტობების წახალისებას და ამ მიზნით საჯარო შეკრებებს. კომიტეტის მოსაზრებით, ეს ქმედება ამ საქმეების აღსრულების მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, გააუქმოს კანონი და არ გადადგას შემდგომი პრაქტიკული ან/და საკანონმდებლო ნაბიჯები, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, დაგმოს დისკრიმინაციული ნარატივები და იბრძოლოს ყველა ფორმის დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ, მათ შორის, უმაღლესი პირების მიერ არაორაზროვანი ნულოვანი ტოლერანტობის რიტორიკის გამოყენებით და დაუსჯელობის დასრულებისთვის ნაბიჯების გადადგმით.
მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, 2025 წლის ივნისის ბოლომდე მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების სპეციალიზაციის სისტემის შესახებ, მათ შორის, ამ სისტემის ამოქმედების თარიღების შესახებ, ასევე მიაწოდოს სტატისტიკური ინფორმაცია ამ დანაშაულების თაობაზე მიღებული შეტყობინებების შესახებ.
იდენტობის საქმეების ჯგუფში ერთიანდება, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარმოებული საქმეები „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ქართველ მუსლიმთა ერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც მოხესა და ქობულეთში ქართველი მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.
[1] Interim Resolution CM/ResDH(2025)31, Execution of the judgments of the European Court of Human Rights, Identoba and Others group v. Georgia https://search.coe.int/cm?i=0900001680b499f5
[2] Identoba and Others group, case description https://hudoc.exec.coe.int/?i=004-5894
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ქობულეთის პანსიონატის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა“, 30.10.2024 https://socialjustice.org.ge/ka/products/kobuletis-pansionatis-sakmeze-evropulma-sasamartlom-mosarcheleebis-qvela-dziritadi-motkhovna-daakmaqofila
[4]Rule 9(2) submission to the Committee of Ministers concerning the implementation of Mikeladze & Others v. Georgia (no. 54217/16) and Georgian Muslim Relations and Others v. Georgia (no. 24225/19), for the CM-DH meeting 1521 (4-6 March 2025) by the Social Justice Center and the European Human Rights Advocacy Centre https://hudoc.exec.coe.int/?i=DH-DD(2025)133E
[5]Rule 9(2) submission to the Committee of Ministers concerning the implementation of Identoba and Others v.Georgia (no. 73235/12) and A.D. and Others v. Georgia (no. 57864/17, no. 79087/17, no. 55353/19) for the CM-DH meeting 1521 (4-6 March 2025) by the Social Justice Center https://hudoc.exec.coe.int/?i=DH-DD(2025)150E
ინსტრუქცია