საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს ევროპის დღეა
ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. უკრაინაში რუსეთის სასტიკი და დაუნდობელი ომის შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების ისტორიული ეტაპი დადგა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალ შესაძლებლობებს უჩენს. ეს რეალობა ჩვენს ქვეყანას შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როცა, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი ჩარჩო ყალიბდება, სწორი გეოპოლიტიკური ადგილის დაკავებისა და ქვეყნის დემოკრატიზაციის, სოციალური კეთილდღეობის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ჩვენი ხალხი ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკურ და სოციალურ მნიშვნელობას არა მხოლოდ აცნობიერებს, არამედ იბრძვის ამ მომავლისთვის. მარტის თვეში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული “რუსული კანონის” შესაჩერებლად თბილისის ქუჩებში ორგანიზებულმა სპონტანურმა მასობრივმა შეკრებებმა ეს რეალობა კარგად წარმოაჩინა.
მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს მკვეთრად ნეგატიური ტენდენციები საქართველოს მთავრობის ურთიერთობაში ევროკავშირთან. ეს შემობრუნება უკავშირდება, როგორც ევროკავშირის მიმართ მტრულ რიტორიკას, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობისა და პარტიის წარმომადგენლები მიმართავენ, ისე მკვეთრად ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერას და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ხარისხს და ამ პროცესის მიმართ სერიოზულობას.
ჩვენ თითქმის ყოველ დღე გვესმის ქართული ოცნების მთავრობისა და პარტიის ხელმძღვანელების განცხადებები საქართველოს ომში ჩათრევის გლობალური ინტერესის შესახებ. ეს განცხადებები მაშინაც გაკეთდა, როცა საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. გარდა იმისა, რომ ეს განცხადებები სრულიად დაუსაბუთებელი და პროპაგანდისტულია, ის მკვეთრად აზიანებს ევროკავშირთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობებს, რადგან ის პატივისცემისა და ნდობის კლიმატს ანგრევს ჩვენს შორის. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მის რიტორიკაში გადაჭარბებულ მოკრძალებას და სიფრთხილეს იჩენს რუსეთის მიმართ, ჩვენთვის ბუნდოვანია, რატომ არ იცავს პატივისცემის და სიფრთხილის სულისკვეთებას ევროკავშირთან ურთიერთობაში.
ამასთან ევროკავშირის, როგორც იმთავითვე მშვიდობის პროექტის იდეის დაზიანების მცდელობა, ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის მომავალზე და ევროკავშირის მიმართ აფხაზი და ოსი საზოგადოებების აღქმაზე, რომელშიც სწორედ ევროკავშირს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება.
შემაშფოთებელია უნგრეთის ანტიდემოკრატიულ მთავრობასთან ქართული ოცნების ხელისუფლების მჭიდრო კავშირები და მისი პოპულისტური რიტორიკის გაზიარება. იმ პირობებში, როდესაც უნგრეთის ხელისუფლება მუდმივად იმსახურებს მძიმე კრიტიკას ევროკავშირისგან და ორბანის მსგავსი პოპულისტური რეჟიმების არ დაშვება ევროკავშირის წიაღში, ერთ-ერთი ყველაზე გაზიარებული წარმოდგენაა ბრიუსელში, ჩვენთვის ეს პოლიტიკური მოკავშირეობა სახიფათო და ევროპული ინტეგრაციის გზის დამაზიანებელი მცდელობაა.
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშები აჩვენებს, რომ ამ დრომდე შესასრულებელი რჩება დეპოლარიზაციასთან, მართლმსაჯულებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და მედია თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიულ მართვისა და ძალაუფლების დაბალანსების საკითხებს. ამ ცვლილებების მიმართ კი ხელისუფლება ყველაზე დიდ რეზისტენტულობას ავლენს, რითაც საკუთარი პარტიული და ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს ევროკავშირში გაწევრიანების მაღალ ეროვნულ ინტერესზე ზემოთ აყენებს.
რთული კონტექსტისა და დემოკრატიის საწინააღმდეგო ტენდენციების მიუხედავად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებითია, რომ ევროკავშირმა საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება არსებითია როგორც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის, ისე ქვეყანაში პოლარიზაციის, ხელისუფლების მხრიდან ევროსკეპტიციზმის გაღრმავების რისკებისა და ანტიდემოკრატიული ტენდენციების შესამცირებლად.
თუმცა, ამ შედეგის მისაღწევად არსებითია ქართული ოცნების ხელისუფლებამ უარი თქვას ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ რიტორიკასა და ინიციატივებზე და შექმნას დარჩენილ დროში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის რეალური შესრულების ინკლუზიური, მონაწილეობითი სივრცე. ამ პროცესისა და ტენდენციების მოთხოვნა და ამისთვის თვითორგანიზება კი ისევ ჩვენ, საზოგადოებრივ ჯგუფებს, შეგვიძლია.
ინსტრუქცია