საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ერთი წელი გავიდა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მღელვარება და მასშტაბური საპროტესო აქციები გამოიწვია. 2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ორ ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად, თანადროული და ფართომასშტაბიანი, საპოლიციო ოპერაცია დაიწყო.
ღამის კლუბების ტერიტორიაზე შევიდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპოლიციო ღონისძიება დაიწყო პარასკევს ღამით, როდესაც ორივე კლუბში წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ჩატარებული. პოლიციელთა განსაკუთრებულმა მობილიზაციამ, რაოდენობამ და აღჭურვილობამ კლუბებში შეკრებილ ადამიანებში დაუცველობის და შიშის განსაკუთრებული გრძნობა გააჩინა.
ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დაწყებას, კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა სპონტანური შეკრების ორგანიზება მოჰყვა. საპოლიციო მოქმედებების გასაპროტესტებლად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად კლუბ “ბასიანთან” შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია და არ მისცა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. წინააღმდეგობის განეიტრალებისა და პროტესტის შესუსტების მიზნით, პოლიცია აკავებდა აქციის ორგანიზატორებსა და ლიდერებს. 12 მაისის ღამეს, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული წესით აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.
12 მაისის მოვლენები დაკავებული პირების რაოდენობითა და საპოლიციო ოპერაციაში ჩართული საპოლიციო ძალების გათვალისწინებით, ბოლო წლების ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად ათეულობით მოქალაქის დაკავება, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა და ფართო საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. შემდგომი ორი დღის განმავლობაში, თბილისის ცენტრალური გამზირი საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს ჰქონდა დაკავებული. აქციის მონაწილეები მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას მოითხოვდნენ.
12 მაისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დასაბუთებულობა და მიზანშეწონილობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 12 მაისის ღამესვე ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ კლუბების შიგნით, საპოლიციო ოპერაციის შედეგად არავინ დაუკავებიათ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა და კითხვები პოლიციის მოქმედების მიმართ.
სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ, ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან კავშირში ეჩვენებინათ 12 მაისს დაკავებული 8 პირის საქმე, რომლებიც საპოლიციო ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბების გარეთ, სრულიად სხვადასხვა ლოკაციაზე დააკავეს. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე დაიწყო და მათ მიმართ მტკიცებულებები თვეებით ადრე ჰქონდა მოპოვებული გამოძიებას. ამ პირობებში, კიდევ უფრო საეჭვო გახდა, რატომ დაამთხვია პოლიციამ მათი დაკავება სწორედ 12 მაისის ოპერაციას.
ერთი წლის წინ საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა სწორედ იმ დროს, როდესაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უკიდურესად პოლიტიზირებული და დამძიმებული იყო. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ორგანიზებული და შეთანხმებული კამპანია მიმდინარეობდა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ არსებითად მცდარ ინფორმაციას რეფორმის მიზნებსა და შინაარსზე, ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირებისა და დაღუპვის შემთხვევებს კი საზოგადოების დამატებითი პოლარიზაციისთვის იყენებდნენ. სწორედ ამ კონტექსტში, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად საკამათო საპოლიციო ოპერაციის ჩატარებამ, თითქოს ლეგიტიმაცია მისცა დისკრედიტაციის კამპანიას და ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების რეპუტაციაზე განზრახ მძიმე იერიში მიიტანა.
12 მაისის მოვლენებზე ნათელი და დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ არის გაცემული. ერთი წლის თავზეც კი, რეაგირების გარეშეა დარჩენილი EMC-ის მიერ პროკურატურაში შეტანილი ყველა განცხადება, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და მის ეფექტიანად წარმართვას ეხებოდა.
რაც მთავარია, მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის ცალსახა პოლიტიკური დაპირებისა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი “უახლოეს დღეებში” გადაწყდებოდა, სწორედ 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი საბოლოოდ მოიხსნა პოლიტიკური და საკანონმდებლო დღის წესრიგიდან. 12 მაისიდან დღემდე ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე არ ჩატარებულა არცერთი შეხვედრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთი წელია არ დაუნიშნავს საკომიტეტო მოსმენა ინიცირებულ კანონპროექტზე. ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზაობა გამოეყენებინა რომელიმე პლატფორმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებთან კომუნიკაციისა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის. უფრო მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ამ სფეროში სამართლიანი და პროგრესული გადაწყვეტილებს მიღების პოლიტიკური ტვირთი საკონსტიტუციო სასამართლოზე გადაიტანოს.
დღეს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული ვითარება სამართალდამცავი ორგანოების სტრატეგიებსა და “კეთილ ნებაზეა” მინდობილი. ცალკეული მიმართულებებით, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს პრაქტიკაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტენდენციას, თუმცა პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტის გარეშე, ეს ტენდენციები მყიფე და არასაკმარისია. რაც მთავარია, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გარეშე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდებოდა.
ინსტრუქცია