საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელმა საქართველომ მისი პირველი კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს პირველი კონსტიტუცია ჩვენი წინაპრების პოლიტიკურ იდეალებს გამოხატავს და მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ რთულ ისტორიულ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის განვითარების, პოლიტიკური ორგანიზაციების და ახლად დაფუძნებული სახელმწიფოს ადგილის ძიების უნიკალურ მცდელობას და გამოცდილებას ქმნის.
ჩვენი პირველი კონსტიტუცია რადიკალურად პროგრესული პოლიტიკური სისტემის მოწყობას ისახავდა მიზნად და ის იმ დროის პროგრესულ სოციალისტურ და დემოკრატიულ იდეებს აერთიანებდა.
კონსტიტუცია ეყრდნობოდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრინციპებს, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც ახალი სახელმწიფოს პოლიტიკურ მისწრაფებებს აჩვენებდა. ახალი სახელმწიფო საქართველოს ხალხისთვის სუვერენული უფლებების დაბრუნებას და დამოუკიდებლობის პოლიტიკური გარანტიების შექმნას ისახავდა მიზნად. ის საერთაშორისო თანამეგობრობასთან და მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აწყობას ცდილობდა და საერთაშორისო ომიანობაში სახელმწიფოს მუდმივ ნეიტრალიტეტს აღიარებდა.
კონსტიტუცია ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის და ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და ბალანსის საინტერესო მოდელს აფორმებდა. დოკუმენტი პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების უშუალო მონაწილეობის დემოკრატიულ მექანიზმებსაც ადგენდა. კონსტიტუცია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებს განამტკიცებდა. კონსტიტუციაში ცალკე ყურადღება ეთმობოდა სასამართლო ხელისუფლების დამოკიდებულებას და მათ შორის ითვალისწინებდა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს.
კონსტიტუცია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ფართე ჩამონათვალს შეიცავდა და თანასწორობის მაღალ სტანდარტებს ადგენდა. მათ შორის ის აღიარებდა ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებსა და თანასწორობას. დოკუმენტი კრძალავდა სიკვდილით დასჯას, რაც იმ დროისთვის პროგრესული გადაწყვეტილება იყო.
პირველი კონსტიტუციის განსაკუთრებული ღირსება იყო სოციალური უფლებების აღიარება და განმტკიცება. სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს კონსტიტუცია ცალკე თავს უთმობდა, სადაც ადგენდა გაფიცვის უფლებას, უმუშევრობის დაზღვევას, მინიმალურ ხელფასს, ქალების შრომასთან დაკავშირებულ სამართლიან მოწესრიგებას, მშრომელებისთვის სპეციალურ პენსიას, შრომის ინსპექციას და სხვა მნიშვნელოვან უფლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს.
განსაკუთრებულად საინტერესო იყო კონსტიტუციის მცდელობა შეექმნა ინკლუზიური დემოკრატია. ის ეროვნული უმცირესობების უფლებებზე ცალკე თავს შეიცავდა და თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის მიღმა, უმცირესობებისთვის სპეციალურ უფლებებს და შესაძლებლობებს ადგენდა თვითმმართველობის, ენის პოლიტიკის, კულტურული საკითხების მიმართულებით.
კონსტიტუცია ასევე ადგენდა, რომ სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებული და დამოუკიდებელია და არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა. მეტიც, კონსტიტუცია სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის კრძალავდა ხარჯის გაღებას სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობის თანხიდან.
პირველმა კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს ანექსიის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კონსტიტუციამ თითქმის ვერ მოახერხა მუშაობა, ამ ტექსტმა და კონსტიტუციის შემუშავების პროცესში გამოთქმულმა პოლიტიკურმა იდეალებმა და მისწრაფებებმა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზების და ერთობის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები შექმნა.
დღეს მოქმედი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციას მის საფუძვლად და მემკვიდრეობად აცხადებს, თუმცა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით პირველ კონსტიტუციაში აღიარებული პრინციპები მოქმედ კონსტიტუციაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. დომინანტურ პერსპექტივაში სრულად არის უგულებელყოფილი პირველი კონსტიტუციის სოციალისტური სულისკვეთება და კონტექსტი, რომელიც დემოკრატიას რეალურ შინაარსს აძლევს და უფრო სამართლიან და ინკლუზიურ სისტემად აქცევს.
ჩვენს პირველ კონსტიტუციაზე ფიქრი და მსჯელობა არ არის მხოლოდ წარსულის გააზრების პროცესი, ის ჩვენი მომავლის აგების და წარმოსახვის რესურსსაც ქმნის და ამ ტექსტთან და შეთანხმებასთან დაბრუნება ყველა ჯერზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ღირებულებას იძენს.
ინსტრუქცია