საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 22 ნოემბერს გავრცელებული განცხადებით მუნიციპალური განვითარების ფონდს მოუწოდა ქვეყნის მასშტაბით 81 ამბულატორიის მშენებლობის პროექტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებისა და მშენებლობის იმგვარად დაგეგმვისაკენ, რაც უზრუნველყოფდა პირველადი ჯანდაცვის ობიექტების სრულ მისაწვდომობას.
იმავე დღეს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა საჯაროდ გამოთქვა მზაობა გაეთვალისწინებინა EMC-ს მოსაზრებები. ამასთან, ფონდმა EMC-ის მიაწოდა ამბულატორიების მშენებლობის შეცვლილი საპროექტო გეგმა, რაც ჩვენი მოსაზრებების მნიშვნელოვან ნაწილს ითვალისწინებდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობის ახალი პროექტი უკვე უზრუნველყოფს ამბულატორიების სანიტარული კვანძების მისაწვდომობასა და სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
EMC ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს ფონდის მიერ გაწეულ ძალისხმევას დაუყოვნებლივ და სტანდარტების გათვალისწინებით აღმოფხვრას საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები. თუმცა, აქვე მიიჩნევს, რომ პროექტმა დამატებით უნდა გაითვალიწინოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება შენობების სათანადო მისაწვდომობას არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლეთათვის, არამედ უსინათლო, სუსტი მხედველობის მქონე თუ სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის.
ასევე, მნიშვნელოვანია სათანადოდ იქნეს უზრუნველყოფილი შიდა მობილობისათვის ამბულატორიის შიდა სივრცის, კერძოდ, დერეფნების მოწყობის პირობები და სხვა. EMC გამოთქვამს იმედს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ასევე გაითვალისწინებს ზემოთ მითითებულ დამატებით საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადო გარანტირებისათვის და არსებული პრაქტიკის გარემოს მისაწვდომობის საუკეთესო სტანდარტებთან დაახლოებისათვის.
ინსტრუქცია