[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

EMC უერთდება ნამოხვანში ადგილობრივების მშვიდობიან აქციას და სახელმწიფოს მოუწოდებს უზრუნველყოს შეკრების თავისუფლების დაცვა

დღეს, 7 თებერვალს სოფელ ნამოხვანში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივები ქვემო ნამახვანის კაშხლის მშენებლობის უკანონო პროცესის შეჩერებას და საკითხის საჯარო და დემოკრატიულ განხილვას ითხოვენ. EMC მხარს უჭერს რიონის ხეობის მოსახლეობის სამართლიან და მშვიდობიან პროტესტს და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების შეკრების თავისუფლების დაცვა.

რიონის ხეობის მოსახლეობის უპრეცედენტო თვითორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობა ას დღეზე მეტია გრძელდება. მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს რაც ნამახვანი ჰესის პროექტის არსებით საჯარო განხილვას და მასში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის რეალური მექანიზმების შემუშავებას მოითხოვს, სახელმწიფო და კომპანია მთელი ამ დროის განმავლობაში არ პასუხობენ. მეტიც, მოსახლეობისთვის სამართლიანი და დემოკრატიული განხილვის პროცესის შეთავაზების ნაცვლად სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეების მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაპროპორციული საპოლიციო ძალა. დაახლოებით ერთი კვირის წინ პოლიციამ დაშალა აქციის მონაწილეების კარავი და ადგილობრივებს ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ უწეთ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება.

ადგილობრივების მოთხოვნების უგულებელყოფად მივიჩნევთ ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისთვის დახურული და უთანასწორო დისკუსიის შეთავაზების მცდელობას და მათთვის მშვიდობიანი პროტესტის შეწყვეტის პირობის წაყენებას, რაც ადგილობრივების მიერ არ იყო გაზიარებული. ცალმხრივი, უთანასწორო და ფორმალური პროცესის შეთავაზება ვერ ჩაითვლება რიონის ხეობის მოსახლეობის მიერ დაყენებული მოთხოვნის შესრულებად და ვერ გახდება სივრცე იმ არსებით საკითხებზე მსჯელობისთვის რასაც როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე დარგის სპეციალისტები აყენებენ.

უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სახელმწიფომ ახლა მაინც გაიაზროს მისი პასუხისმგელობა და უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის პროექტის გამჭვირვალე და დემოკრატიული განხილვა ადგილზე, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ თემებში, ადგილობრივი მოსახლეობის, დაინტერესებული პირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დარგის ექსპერტების და სპეციალისტების ფართო ჩართულობით.

EMC მხარდაჭერას უცხადებს რიონის ხეობის მოსახლეობას და უერთდება მათ მოთხოვნებს ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეჩერების და საჯარო, რეალური განხილვის პროცესის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

მთის ამბების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ ნამოხვანში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, სოფელ ოფურჩხეთში პოლიციას რეიდი აქვს. პოლიციის თანამშრომლები ნამოხვანისკენ მიმავალ მანქანებს აჩერებენ და ჩხრეკენ

ამასთან, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვა.

ვრცლად, ჩვენი შეფასება ნამახვანი ჰესის შესახებ: ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“