[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უსაფრთხოების სექტორი / განცხადება

EMC თსუ-ში “ოდეერის” შესაძლო არსებობას ეხმაურება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დღეებში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უნივერსიტეტის გათავისუფლება გარე ზეგავლენებისგან და კანცლერის შერჩევის პროცესის თავისუფალ რეჟიმში ჩატარებაა. პროტესტის განმავლობაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია უნივერსიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლის მუშაობის შესახებ, რომელსაც შესაძლოა გარკვეული კავშირები ჰქონდეს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილთან. აკადემიური საბჭოს ბოლო შეხვედრაზე ე.წ. ოდეერის არსებობის ფაქტი დაადასტურა უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამაც. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თანამშრომელი უნივერსიტეტში მის მიერ რექტორის პოსტის დაკავებამდეც იყო, მისი მისვლის შემდეგ კი, უბრალოდ საკადრო ცვლილება განხორციელდა.

“ოდეერის” ინსტიტუტი წარმოადგენს უსაფრთხოების სამსახურის ხელში არსებულ მექანიზმს, რომლის ბოროტად გამოყენებითაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას ქვეყნის დემოკრატიულ მმართველობას და მექანიზმი იქცეს პოლიტიკური რეჟიმის დაცვის ინსტრუმენტად. აღნიშული საკითხის გააქტიურება სტუდენტური პროტესტის და მობილიზაციის ფონზე, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ მექანიზმის რეალური დანიშნულება საზოგადოებრივი განწყობების კონტროლი და ძლიერი სოციალური პროტესტისგან პოლიტიკური ხელისუფლების უსაფრთხოების დაცვაა. “ოდეერების” სისტემა არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ზაფხულში სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის დროს, სახელმწიფომ სრულად მაინც არ თქვა უარი ამ მექანიზმზე და გატარებული რეფორმით კვლავაც შეინარჩუნა “ოდეერების” სისტემა, თუმცა სახეცვლილი ფორმით.

მოქმედი კანონმდებლობით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის კონტროლი, მათ შორის, ამ სამსახურის წარმომადგენლის (ოდეერის) მივლენა დაწესებულებაში, შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში (ასეთები შეიძლება იყოს სამინისტროები, აეროპორტები და ა.შ.). დადგენილებით განსაზღვრულ სიაში მაღალი რისკის მქონე სუბიექტად უნივერსიტეტი არ არის და ვერც იქნება კლასიფიცირებული. ზემოაღნიშნულ რეფორმაზე და საკითხის ახლებურად მოწესრიგებაზე მიუთითებს უსაფრთხოების სამსახურიც თავის დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში. მიუხედავად ამისა, ნათელია რომ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. რამდენადაც კანონით არ მოწესრიგდა საკითხი, როგორ უნდა მომხდარიყო მანამდე სხვადასხვა დაწესებულებაში (მათ შორის უნივერსიტეტებში) შტატის მქონე პირების გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ამავდროულად, „ოდეერების“ ინსტიტუტით სარგებლობის უფლებამოსილება მიენიჭა ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც წარმოადგენს უაღრესად დახურულ და გაუმჭვირვალე ორგანოს და რომლის საქმიანობაზეც გარეშე კონტროლის მექანიზმები უკიდურესად სუსტია. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ სამსახური არ ასაჯაროვებს საკუთარი თანამშრომლების საშტატო რიცხოვნობასაც კი. ამდენად, პრაქტიკულად შეუძლებელია იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და რომლითაც უარყო “ოდეერის” არსებობა უნივერსისტეტში.

უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის შესაძლო მუშაობის ფაქტი და მისი მხრიდან საუნივერსიტეტო/სასწავლო და მმართველობით პროცესებზე აქტიური გავლენის მოხდენის მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა საგანმანათლებლო სივრცეში. სასწავლო დაწესებულებები თავისი ბუნებით არ წარმოადგენს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმის სუბიექტებს და ისინი სრულიად თავისუფალი უნდა მსგვასი პოლიციური კონტროლის მექანიზმებისგან.

ამ ფონზე, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთოს ამომწურავი განმარტება, როდიდან და რამდენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოქმედებს დღეს უნივერსიტეტში, არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური უსაფრთხოების რეჟიმი, რასაც ექვემდებარება უნივერსიტეტი და გამომდინარე აქედან, რა საფუძვლით და ლეგიტიმური მიზნით შეიძლება ახორციელებდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თავიანთ უფლებამოსილებებს სასწავლო დაწესებულებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიმართოს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს და დაუყოვნებლივ აღკვეთოს აღნიშნული მავნე პრაქტიკა.

აგრეთვე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა იმ პირის უსაფრთხოება, რომელიც ჩართულია საუნივერსიტეტო პროტესტში და რომელთა აქტიურობასაც მოჰყვა შედეგად “ოდეერების” არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში. აღნიშნულ პირებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის გარანტიები და პროტესტის უსაფრთხოდ გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო მათი, ან მათი ოჯახის წევრების/ახლობლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლისა თუ შევიწროების ფაქტები უნდა გახდეს გამოძიების დაწყების და დაუყოვნებლივი რეაგირების საფუძველი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“