საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმაურება 9 ივნისს ტყიბულში მომხდარ საწარმოო ინციდენტს, რომელმაც 22 მეშახტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და სახელმწიფოს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიკვლიოს, როგორც მომხდარი ინციდენტი, ისე შახტებში დღეს არსებული მდგომარეობა და არ დაუშვას ქვანახშირის მოპოვების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში გაგრძელება.
9 ივნისს მომხდარი ინციდენტი, რომლის შესახებაც ცნობილი ორი დღის შემდეგ გახდა, შახტში ჩასასვლელ ლიფტს, ე.წ. “კლეტს” უკავშირდება, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და მეშახტეები რამდენიმე საათით გვირაბში მოაქცია. შესაბამისი შემოწმების ჩატარებისა და ლიფტის გარემონტებამდე შახტში დასაქმებულები მუშაობაზე უარს აცხადებენ. ხაზგასასმელია, რომ საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობაზე უარის თქმა მათი შრომის კოდექსით გარანტირებული უფლებაა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ “საქნახშირი” მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას დასაქმებულებს აკისრებს. საკუთარი პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, სხვადასხვა საწარმოო ინციდენტების მეშახტეთა დაუდევრობასა თუ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირება ტყიბულში კარგად ნაცნობი პრაქტიკაა. ეს მიდგომა არ შეესაბამა სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის ფუნდამენტურ სტანდარტებს, რომლებიც უსაფრთხო სამუშაო პროცესის გამართვას და ამისთვის აუცილებელი კვალიფიკაციისა თუ ცოდნის დაგროვებას კომპანიის ვალდებულებად მოიაზრებს. ამის საპირისპიროდ, ინციდენტიდან მალევე მისი მეშახტეთა ბრალეულობით ახსნა განსაკუთრებით მიუღებელია იმ პირობებში, როცა მომპოვებელი კომპანია უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით თავის წილ პასუხისმგებლობას წლებია არ ასრულებს.
2019 წლის შემოდგომაზე ტყიბულში ახალი ინვესტორი (Steel International Trade Company) გამოჩნდა, რომელმაც შახტების გადაიარაღებასა და განახლებაზე პასუხისმგებლობა აიღო. განცხადებაში, სადაც ინვესტორის ცვლილება დაანონსდა, ეკონომიკის მინისტრმა შახტებში უსაფრთხოების სტანდარტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მეშახტეებს კი დაპირდნენ, რომ რამდენიმე თვეში მოპოვება გაუმჯობესებულ სამუშაო გარემოში განახლდებოდა.
2018 წლის ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, რომლის შედეგადაც 10 მეშახტე დაიღუპა, შახტებში უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებისთვის სახელმწიფოს დაკვეთით მომზადდა გერმანული საინჟინრო-აუდიტორული კომპანიის დასკვნაც, რომელმაც იქ არსებული სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა, უკიდურესად მოძველებული, დაზიანებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა - მათ შორის უშუალოდ შახტში ჩასასვლელი გვირაბის ამორტიზებული მდგომარეობა - და ხარვეზიანი, ქაოტური მოპოვების პრაქტიკა კიდევ ერთხელ აღწერა. დასკვნა შეიცავდა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ცვლილებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსაც და განმარტავდა, რომ მოპოვების განახლება მისაღები მხოლოდ მათი გათვალისწინების შემთხვევაში იქნებოდა.
სამწუხაროდ, აუდიტორული დასკვნის მძიმე რეკომენდაციები არათუ გაითვალისწინეს, არამედ, რიგ შემთხვევებში, შრომის უსაფრთხოების მხრივ, შახტებში არსებული მდგომარეობა გაუარესდა. ძიძიგურის შახტის დახურვის შემდეგ, მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისასვლელად დღემდე სავენტილაციო გვირაბის გავლა უწევთ, რაც გვირაბში დაგროვებული მხუთავი აირების გამო, მოპოვებას კიდევ უფრო საფრთხის შემცველს ხდის.
ტყიბულში, სადაც შახტების გარემონტებას წლების მანძილზე ითხოვდნენ, ახალი ინვესტორისა და სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი დასკვნის შესახებ გაჟღერებულმა დაპირებებმა გააჩინა მოლოდინი, რომ 2020 წლიდან მოპოვება გაუმჯობესებულ გარემოში განახლდებოდა და მეშახტეთა ნაწილმა მზადყოფნაც გამოთქვა შახტის გარემონტებასა და გადაიარაღებაში მონაწილეობა მიეღოთ. მიუხედავად ამისა, დღეს აშკარაა, რომ დაპირებები არ შესრულებულა და რომ ახალი ინვესტორის გამოჩენას ადგილზე მდგომარეობის გამოსწორება არ მოჰყოლია.
მიუხედავად განმეორებითი, მათ შორის ფატალური, ინციდენტებისა და მეშახტეთა არაერთი პროტესტისა, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულში არსებულ უმძიმეს სამუშაო პირობებზე საუბრობს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დასკვნა, სახელმწიფო კვლავ უარყოფს საკუთარ პასუხისმგებლობას და ზედაპირული განცხადებებითა და შეუსრულებელი დაპირებების გაცემით შემოიფარგლება. ამით ის უარს ამბობს დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და შრომის კოდექსის ამოქმედებაზე, ტყიბულს კი საგამონაკლისო ზონად აქცევს, სადაც, როგორც 9 ივნისს მომხდარი ინციდენტი ცხადყოფს, სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო გარემო უკვე წლებია ნარჩუნდება. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:
კომპანია “საქნახშირს”
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:
საქართველოს მთავრობას:
ინსტრუქცია