საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: „ლიბერალი"
29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შოთა ხინჩას და მირიან მალაყმაძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმე, სადაც მათ ბრალი ედებოდათ სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში.[1] EMC ამ საქმეში დაკავებული პირების ინტერესებს წარმოადგენს. ორივე პირი პოლიციამ 10 დეკემბერს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ „თეთრი ხმაურის” მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დააკავა. აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს, რომლის ძირითადი მოთხოვნა იყო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება და დასჯის ნაცვლად, მკურნალობაზე და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული მიდგომების გატარება.
წინასაახალწლო მოსამზადებელი სამუშაოებისა და აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი დროებითი სცენის გამო, შეკრებილი მხარდამჭერებისთვის მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი იყო თავისუფალი. აქციის მსვლელობისას, შეკრებილი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მანიფესტანტებმა დაიკავეს ავტომობილების სავალი გზა. თავდაპირველად, დემონსტრანტებმა მცირე დროით სრულად დაიკავეს ავტომობილების სამოძრაო გზა, თუმცა სამართალდამცავების მოწოდების შემდეგ, სავალი გზის ერთი ზოლი გათავისუფლდა იმგვარად, რომ მასზე შესაძლებელი ყოფილიყო ორმხრივი მოძრაობა. გზის გათავისუფლების პროცესში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სწორედ ამ დროს მოხდა ორი დემონსტრანტის დაკავება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.
მოგვიანებით პოლიციამ დაკავებულების მიმართ ახალი მუხლის - შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის ბრალდებით დაამძიმა სამართალწარმოების პროცესი. იმავე მუხლით ადმინისტრაციული წარმოება ასევე დაიწყო „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის, პაატა საბელაშვილის მიმართაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 29 დეკემბერს შოთა ხინჩას და მირიან მალაყმაძის საქმის განხილვისას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვეს, რაც ბოლო პერიოდის საპოლიციო პრაქტიკის გათვალისწინებით იშვიათ პრეცედენტს წარმოადგენს.
უნდა ითქვას, რომ ყველა სახის შეკრება, გარდა იმისა, რომელსაც აქვს ძალადობრივი მიზნები და უარყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს, იმსახურებს სათანადო დაცვას. მშვიდობიანი შეკრების პირობებში, მისი შინაარსის და კანონიერების მიუხედავად, როდესაც დემონსტრანტები არ ერთვებიან ძალადობის აქტებში, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს, „შემწყნარებლობის განსაზღვრული დონე“ (degree of tolerance), წინააღმდეგ შემთხვევაში თავად შეკრების თავისუფლება დაცლილი იქნება სრულად ყოველგვარი შინაარსისგან. (Novikova v. Russia, პ. 164, karabulut v. Turkey, პ. 37)
გასათვალისწინებელია, რომ 10 დეკემბრის აქციაზე გზის სავალი ნაწილის დაკავება გარკვეული პერიოდით განპირობებული იყო აქციის მონაწილეთა რაოდენობის ზრდით. შესაბამისად, ქმედება ატარებდა კანონიერ სახეს და შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შეკრების უფლების რეალიზების საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება (ასევე ხმაურის გამოწვევა) ვერ გახდება პირის დაკავების ან მის წინააღმდეგ სანქციის გამოყენების მიზეზი, როდესაც ასეთი შეფერხება ბუნებრივად გამომდინარეობს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის ფაქტიდან. ( Ezelin v. France 51-53, gafgaz mammadov v. Azerbaijan, p. 64)
კანონიერი საფუძვლის არარსებობის შემთხვევაშიც შეკრებაში (მანიფესტაციაში) მონაწილეთა მიერ გზის სავალი ნაწილის კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით დაკავება ან ბლოკირება, ქმედების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი უნდა გახდეს და არა მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტის. საზოგადოებრივი წესრიგის, სხვათა (მათ შორის გადაადგილების) უფლებებსა და შეკრების (მანიფესტაციის) უფლებას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს უპირატესობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე ეს უფლება ბოროტად სარგებლობის ტოლფასი არ გახდება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება)
აღნიშნულის საპირისპიროდ, აქციის მსვლელობისას პოლიციის მოქმედება არ იყო სათანადოდ ორგანიზებული, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დემონსტრანტების სათანადო გაფრთხილება, ასევე ადეკვატური დროის და საშუალების მიცემა, რომ დემონსტრანტების გადაჯგუფება სავალი ნაწილიდან საფეხმავლო გზაზე მომხდარიყო. აქციის ორი მონაწილის დაკავებას ასევე წინ არ უძღვოდა მათთვის გასაგები და ნათელი ფორმებით მოწოდება და წინასწარი გაფრთხილება. საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან დაკავება განხორციელდა შერჩევითად და თვითნებურად, დემონსტრანტების ჯგუფთან ფიზიკური კონტაქტი კი აქციის მშვიდობიანი და არაძალადობრივი ხასიათის გათვალისწინებით, არაპროპორციული და არაგონივრული იყო. პოლიციის მოქმედება ასევე შეუთავსებელი იყო “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონით დაწესებულ სტანდარტთან, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა (და არა პოლიცია) ვალდებულია მისცეს გაფრთხილება აქციის ორგანიზატორს და მისცეს შესაბამისი დრო იმისთვის, რომ აქცია კანონიერ ჩარჩოებში დააბრუნოს, რაც 10 დეკემბრის აქციაზე არ მომხდარა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აქციაზე მობილიზებული პოლიცია ვერ ხედავდა სავალი გზის დაკავების ობიექტურ საჭიროებას, მას არ ჰქონდა უფლება, პირდაპირ კონტაქტში მოსულიყო დემონსტრანტებთან და მითუმეტეს, მათი დაკავება განეხორციელებინა.
10 დეკემბრიდან დღემდე პოლიციის მიერ გამოჩენილი გამორჩეული რეპრესიულობა და სიხისტე მიანიშნებს, რომ ერთი მხრივ, საქმე გვაქვს კონკრეტული პირების კონსტიტუციურ უფლებებში დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ ჩარევასთან, მეორე მხრივ კი ეს შეიცავს მინიშნებას/გაფრთხილებას სხვა აქტივისტების და მოძრაობების მიმართ, რამაც შეიძლება “მსუსხავი ეფექტი” იქონიოს მომავალში შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ღირებულებით და ინტერსით. ამასთან, მხედველობაში მიიღოს ის არაერთი დარღვევა, რაც სახეზე იყო პოლიციის მოქმედებისას და რამაც საერთო ჯამში შეკრება-მანიფესტაციის უფლებაში არაპროპორციული ჩარევა გამოიწვია.
[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176-ე მუხლი.
ინსტრუქცია