[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უახლესი ექსპერტიზის შედეგებს აფასებს

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში შესაბამისი ექსპერტიზა ხარვეზებით ჩატარდა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს ამ დროისთვის ჩატარებული, მათ შორის, 2018 ლის 13 მარტს დასრულებული სასასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიმოხილვას.

სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს) თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზის (მათ შორის, კომპლექსური-გენეტიკური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების) შედეგებმა გამოძიებისა და მტკიცებულებების ამოღების, დოკუმენტირებისა და შენახვის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოაშკარავა, რაც გამოძიების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობის მიმართ ნდობას ასუსტებს.

  1. ბალისტიკური ექსპერტიზების შედეგად შესაძლებელი გახდა თ. მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული სროლის ტრაექტორიის დადგენა და სროლის დროს გამოყენებული იარაღის იდენტიფიკაცია. ექსპერტიზის შედეგები აჩვენებს, რომ გასროლა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახის კარის შუა ადგილიდან, იატაკიდან 1.35 მ. სიმაღლიდან განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზისთვის შეუძლებელი იყო სროლის მანძილის ზუსტი განსაზღვრა, დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან (რაც დადგენილი კლასიფიკაციით <1.2 მ. არის) არ განხორციელებულა.

საქმის მასალებმა მოგვიანებით აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილიდან იმთავითვე არ იყო ამოღებული მასრა, რამაც არსებითად გაართულა სროლის მანძილის განსაზღვრა. სუს-ის განმარტებით, მასრის შემთხვევის ადგილიდან ამოღების პრობლემა დაკავშირებული იყო იარაღის ნაწილის დაზიანებასთან, რამაც ავტომატში მასრის გაჭედვა გამოიწვია. აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობის, შესაძლო დაზიანების მიზეზებისა და ეფექტის შესასწავლად, ოჯახის ადვოკატებმა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმის ხელმძღვანელის მიერ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისთვის მასრის წარდგენის შემდეგ, ბალისტიკურმა ექსპერტიზამ მოგვიანებით შესაძელებელი გახადა კონკრეტული ცეცხლსასროლი იარაღის ზუსტი განსაზღვრა.

  1. ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის საშუალებით ასევე განისაზღვრა მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებული ხელყუმბარის სახე. თუმცა, სუს-ის გადაწყვეტილებით, ხელყუმბარის ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ფარგლებში ის 2018 წლის 19 იანვარს ააფეთქეს. განსახილველი საქმის სამართლებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეუსაბამო და არაგონივრულია, , რადგან ხელყუმბარის ვარგისიანობის დადგენის გარემოებას პირდაპირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს საქმის შედეგთან. ამგვარი ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, გამოძიებას ხელყუმბარის ვარგისიანობის შემოწმება გამოძიების ბოლო ეტაპზე შეეძლო. ეს მოქმედება აჩენს ეჭვებს ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ხელოვნურად განადგურებაზე, და ამასთანავე, ოჯახის ადვოკატებს, ხელყუმბარაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას სრულად ართმევს.
  2. ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით, რომლის გაცნობის შესაძლებლობა EMC-ის ადვოკატს 2018 წლის 13 მარტს მიეცა, დგინდება, რომ თ. მაჩალიკაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზს წარმოადგენს მისთვის 2017 წლის 26 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიყენებული დაზიანებები. ამავე ექსპერტიზით, ვერ დადგინდა გარემოება, თუ რა მანძილიდან ესროლეს თემირლან მაჩალიკაშვილს და გასროლის მომენტში როგორი იყო მისი სხეულის მდებარეობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სროლის მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი გახდა თავის არეში მიყენებული დაზიანების ქირურგიული დამუშავების შედეგად კვალის წაშლისა და ასევე სამედიცინო ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრულყოფილი და ხარვეზიანი დოკუმენტირების გამო.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული გასროლის მომენტში. ამ საკითხის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის თაობაზე სუს-ის განცხადების დასაბუთებულობის შესაფასებლად. აღნიშნული გარემოების დადგენისა და სხვადასხვა ექსპერტიზების შედეგების მთლიანობაში შესაფასებლად ოჯახის ადვოკატებმა საგამოძიებო ორგანოს ექსპერტიზის განმახორციელებელი პირების გამოკითხვა და კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა მოსთხოვეს.

  1. ხელყუმბარაზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის შედეგების თანახმად დგინდება თ. მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის (დნმ) არსებობა ხელყუმბარასა და ფალიაზე (მათ შორის, სისხლის კვალის სახით). თუმცა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ხელყუმბარაზე აღმოჩენილი ანაბეჭდები არასაკმარისია მათი იდენტიფიკაციისთვის, ხოლო ფალიაზე თითის კვალი საერთოდ არ არის აღმოჩენილი. გასროლის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში სრული კონტროლი სუს-ის თანამშრომლებს გააჩნდათ და ნივთის ამოღება და ექსპერტიზის დანიშვნაც სწორედ ამ უწყების მიერ განხორციელდა. ეს გარემოება ამოღებული მტკიცებულებების სანდოობასა და ვალიდურობას იმთავითვე სადავოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ადვოკატებს ამ დრომდე არ მოგვეპოვება შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა და მოწმეების ახსნა-განმარტებები. ექსპერტიზის დოკუმენტებში ხელყუმბარა უკვე ამოღებულ და გადაადგილებულ მდგომარეობაში ჩანს.
  2. ამ ეტაპზე თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ ნივთებზე არსებული დაზიანებების კვალის შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს ტრასოლოგიური ექსპერტიზა. როგორც შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა აჩვენებს, სროლის შედეგად დაზიანებების კვალი ჩანს, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საწოლის შუა ნაწილზე, ისე ბალიშზე, რაც სხვა გარემოებებთან ერთად, სროლის დროს, მსხვერპლის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის საფუძვლიან ვარაუდს ქმნის.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარე ეტაპზე, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ისევე, როგორც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ხელყუმბარის და სხვა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების ამოღება, სუს-ის გამომძიებლების მიერ განხორციელდა. შესაბამისი ექსპერტიზებიც (მათ შორის ბალისტიკური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური) იმავე უწყების მიერ დაინიშნა. ეს გარემოება, საქმის ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებების ვალიდურობას სადავოს ხდის და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას ასუსტებს.

მთლიანობაში, ყველა ეს გარემოება აჩვენებს, რომ გამოძიების ფარგლებში არსებითი მტკიცებულებების ამოღების, შენახვისა და დოკუმენტირების პროცესში დაშვებული იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის პრობლემაზე უთითებს. ზოგიერთ შემთხვევაში, კი, მტკიცებულებებისა და სურათის სრულყოფილი აღდგენის შესაძლებლობის განადგურების ინტერესზე ჩნდება ეჭვები.

თ. მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმის მასალებზე სრული დაშვების უფლების მოპოვების შემთხვევაში, EMC უკვე ჩატარებული ექსპერტიზებისა და მომავალში დაგეგმილი ესპერტიზების შედეგების ერთიან და უფრო სისტემურ შეფასებას წარმოადგენს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“