საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ ასაჩივრებს 2013 წლის 1-ლ ივნისს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებას.
აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღარ განიხილავს იმ უსახლკარო ოჯახების განაცხადებს, რომელთაც უკანონოდ აქვთ დაკავებული სახელმწიფო ობიექტები; შედეგად, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ ოჯახებს ერთმევათ საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობა, რაც უმეტეს შემთხვევაში, მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ამასთან, მთავრობის დადგენილებით შემოთავაზებული წესი, სადამსჯელო ხასიათს ატარებს; კერძოდ, საარსებო შემწეობის მიღების უფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, ის თვითდახმარების მიზნით არასაცხოვრებელ ფართებში, უმძიმეს პირობებში მცხოვრებ ოჯახებს აიძულებს დატოვონ ის შენობები, რომლებიც მათთვის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. ადამიანის ამგვარი ინსტრუმენტალიზაცია უხეშად ლახავს მისი ღირსების ფუნდამენტურ უფლებას. გარდა ამისა, გასაჩივრებული ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მაცხოვრებელ პირებს, კერძო საკუთრებაში უნებართვოდ მაცხოვრებელ პირებთან; ასევე, ცვლილების განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში უნებართვოდ მაცხოვრებელ პირებს, იმავე საკუთრებაში ცვლილებებამდე მაცხოვრებელ პირებთან შედარებით.
გასაჩივრებული ნორმა ცალსახად არაკონსტიტუციური ბუნებისაა, ვინაიდან დაბრკოლებას უქმნის მოქალაქეს არა მხოლოდ სოციალურ შემწეობასა და ჯანდაცვის პროგრამებზე წვდომის თვალსაზრისით, არამედ უზღუდავს მას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების, სამართლიანი სასამართლოს, სიცოცხლის, თანასწორობის ფუნდამენტურ უფლებებს; ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს მინიმალური გარანტიები ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის.
EMC საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ქონებაში მცხოვრობ თამარ თანდაშვილს წარმოადგენს, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებთან ხელმისაწვდომობის აღდგენის მიზნით. ზემოაღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ინსტრუქცია