[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს

25 მარტს, დილის 9:00 საათიდან სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი, სოციალური მომსახურების სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით, იფიცება.  სოციალური მუშაკების ეს გაფიცვა ისტორიული პროცესია, რომელიც  სოციალური მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების და სოციალური დაცვის უფრო სამართლიანი, ქმედითი და ჰუმანური მექანიზმების და პოლიტიკის შექმნას ემსახურება. 

სოციალურმა მუშაკებმა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“ კოლექტიური შრომითი დავა 8 თებერვალს დაიწყეს და საკუთარი მოთხოვნები წარადგინეს.ამ პერიოდის განმავლობაში, EMC სოციალურ მუშაკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩართული იყო მედიაციის პროცესში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნითლა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან“.  სამწუხაროდ, მედიაციის ფარგლებში შემდგარი არაერთი შეხვედრისა და მითითებულ პრობლემებზე საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო სხდომის ფარგლებში მინისტრის დაბარების მიუხედავად,  პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ კი დამსაქმებელმა, სოციალურ მუშაკთა 22 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთისს შესრულებაზე გამოთქვა მზადყოფნა, რის გამოც სოციალური მუშაკები იძულებული გახდნენ, ესარგებლათ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გაფიცვის უფლებით.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მუშაკები გაფიცვის ფარგლებში ითხოვენ არა მხოლოდ მათი უკიდურესად მძიმე შრომითი პირობების გაუმჯობესებას, არამედ იმ სოციალური სერვისების სისტემურ გადააზრებასა და რეფორმირებას, რაც აუცილებელია მათი ბენეფიციარებისბავშვების, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უსახლკაროების, მოხუცების, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ოჯახების და ა.შ. - დაცვისა და გაძლიერებისთვის.

 

ხშირ შემთხვევაში სათანადო რესურსების არარსებობის ან/და არსებული ინსტრუმენტების არაეფექტიანობის გამო, ამ პირებთან ურთიერთობაში სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს მარტო, შიშველი ხელებით ტოვებს, რის გამოც სოციალური მუშაკები ხშირად, ბენეფიციარების მხარდაჭერას მხოლოდ პირადი ენთუზიაზმისა და საკუთარი რესურსების ხარჯზე ახერხებენ. პრობლემურია,  სოციალური მუშაკების სამუშაოს დიდი მოცულობა და მასთან შეუსაბამო ანაზღაურება, სოციალურ მუშაკთა რაოდენობრივი სიმცირე, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურების გარეშე სავალდებულო ზეგანაკვეთური შრომა, შრომისათვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურული  პირობები, წამახალისებელი ღონისძიებების სათანადო სისტემისა და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პოლიტიკის არარსებობა, მძიმე შრომითი პირობების გამო, კადრების მუდმივი გადინება, ბენეფიციარების გაძლიერებისთვის აუცილებელი რესურსებისა და პროგრამების არარსებობა.

მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, თუ სლოვენიაში 100 ათას მოსახლეს 772 სოციალური მუშაკი ემსახურება, საქართველოში ამავე რაოდენობის მოსახლეობაზე მხოლოდ 7 სოციალური მუშაკი მოდის. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ სოციალურ მუშაკებს წლების განმავლობაში ემატებოდათ შესასრულებელი ვალდებულებები, მათი შრომითი ანაზღაურება თუ სხვა პირობები უცვლელი რჩება. მაგალითისთვის,  თბილისში დასაქმებული სოციალური მუშაკის ხელფასი 680 ლარს წარმოადგენს, ხოლო ტერიტორიულ ერთეულებში 640 ლარს, საიდანაც ანაზღაურების დიდი ნაწილის ხარჯვა სოციალურ მუშაკებს სამსახურეობრივი მიზნებისთვის - ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად უწევთ, რამდენადაც სააგენტო არ უზრუნველყოფს მათი გადაადგილების ხარჯების დაფარვას.

ხაზი უნდა გაესვას, რომ მითითებული პრობლემები არახალია და წლების განმავლობაში აქტიურად ჟრედებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, სოციალური მუშაკების მძიმე შრომით პირობებს მიმოიხილავს EMC-ის  2017 წლის  კვლევა „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა შრომითი პირობები და გამოწვევები“.გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტი 2017 წლის ანგარიშში  პირდაპირ მოუწოდებს სახელმიწფოს მნიშვნელოვნად გაზარდოს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა და მათი ანაზღაურება. არსებულ პრობლემებს მუდმივად ხაზს უსვამდა საქართველოს სახალხო დამცველიც.[1]

მართალია ამ მიმართულებით არსებული ძირითადი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, თუმცა კანონის მიღების პოზიტიური ხასიათი მთლიანად დაკარგულია მნიშვნელოვანი ნორმების ამოქმედების ვადის 2025 წლამდე გადადებით.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, საკუთარი და მათი მხარდაჭერის იმედად მყოფი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, სოციალური მუშაკები 25 მარტიდან იფიცებიან და მათი მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.

EMC სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს მათი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში.

ამავე დროს, მოუწოდებს:

  • საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება სოციალურ მუშაკთა სამართლიან მოთხოვნებზე, მათ შორის დროულად მოიძიოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები გადაუდებელი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ხოლო გრძელვადიანი პრობლემების გადაჭრისთვის წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, მათი შესრულების ვადების განსაზღვრით.
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით დაგეგმოს ამ სფეროს გარდაქმნისთვის საჭირო რეფომრების გატარება, მათ შორის ახალი სერვისების შექმნა.
  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უზრუნველყონ თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულთა მიმართ ყევლა სახის ზეწოლის განხორციელებას, მათ შორის მათ დაშინებას სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაყენების მუქარის სახით და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ყველა მსგავს შემთხვევაზე.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017წ. ; წელიხელმისაწვდომია: https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“