[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC შსს-ს გენერალური ინსპექციის დებულებისთვის გრიფის მოხსნის მოთხოვნით მიმართავს

2014 წლის 11 ნოემბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნა მოითხოვა.

შსს-ის გენერალური ინსპექციის დებულებას გრიფი მინისტრის გადაწყვეტილებით მიენიჭა. შსს-მ EMC-ისთვის მიწოდებულ წერილობით განმარტებაში მიუთითა, რომ გენერალური ინსპექცია ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ახდენს კონტრ-სადაზვერვო საქმიანობის შემოწმებას. შესაბამისად, მის დებულებაში ასახულია ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრ-სადაზვერვო, ოპერატიული და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონკრეტული ამოცანების, გეგმების და ანგარიშების, კავშირ-გაბმულობის სპეციალური სისტემების ან/და ამგვარი საქმიანობისთვის გაწეული ხარჯების შესახებ.

EMC-ის მიაჩნია, რომ გენერალური ინსპექციის დებულება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. მართალია, გენერალური ინსპექციის საქმის წარმოების მასალები შეიძლება შეიცავდეს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციათა ნუსხით განსაზღვრულ ინფორმაციას, თუმცა, ალოგიკურია თავად ნორმატიულ აქტში ამგვარი ინფორმაციის განთავსება.

EMC მიუთითებს “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლიც ნორმატიული აქტის დასაიდუმლოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, თუ იგი არის შიდა მოხმარების და არ უკავშირდება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. EMC-ის განმარტებით, ვინაიდან გენერალური ინსპექცია ახორციელებს, მათ შორის, სისხლისსამართლებრივ დევნას და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას, იგი უშუალო კავშირშია ადამიანის ძირითად უფლებებთან და შესაძლოა გახდეს კიდეც უფლებების შეზღუდვის წყარო. გარდა ამისა, გენერალური ინსპექცია იძიებს შსს-ის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსაც. ამ თვალსაზრისით, ის ასევე ეხება მსხვერპლის უფლებას ეფექტურ გამოძიებაზე. ეს მსჯელობა მიუთითებს, რომ გენერალური ინსპექციის დებულების დასაიდუმლოება არ შეესაბამება სახელმწიფო “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის მოთხოვნებს.

ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 42-ე მუხლზე დაყრდნობით, EMC აცხადებს, რომ დაუშვებელია დებულების დასაიდუმლოება ვინაიდან, იგი შეიცავს ინფორმაციას საჯარო ორგანოს სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ.

EMC მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ინფორმაციის დასაიდუმლოებას არ გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი, იგი არის თვითნებური და არ შეესაბამება კონსტიტუციის 41-ე მუხლის ფორმალურ გარანტიებს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დებულების რაიმე ნაწილი მართლაც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, ეს არ ამართლებს დებულების მთელი ტექსტის დასაიდუმლოებას. ასეთ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო დებულების მხოლოდ შესაბამისი ნაწილის და არა მთლიანად დებულების დასაიდუმლოება.

აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, EMC-ის მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გენერალური ინსპექციის დებულებას საიდუმლო გრიფი უნდა მოხსნას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“