საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული კრიზისის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი უწყებრივი ჯგუფების შექმნის შესახებ და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ინიციატივა რელურად განხორციელდება და შეძლებს უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას.
დასაქმების ადგილებში და კონკრეტულად სამშენებლო სექტორში, საწარმოო შემთხვევების შედეგად ადამიანების გარდაცვალებისა და დაზიანების საგანგაშო სტატისტიკის გამო, EMC უკვე დიდი ხანია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი ორგანოების სისტემური, კოორდინირებული და პროაქტიული მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს, საქართველოს პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი მიიღო, შემუშავდა შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმი და გამკაცრდა კანონმდებლობა, აღსრულების მექანიზმების არაეფექტიანობა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის მომავალში გადადება, დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებს.
EMC იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შექმნას სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები სამშენებლო კომპანიებში ინტეგრირებული მონიტორინგის განსახორციელებლად, ხელს შეუწყობს როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების ეფექტიან პრევენციას, მონიტორინგსა და მასზე მყისიერ რეაგირებას, ისე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული სისტემური ხარვეზების გამოვლენას, რასაც შესაბამისი ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვლილებები მოყვება.
EMC გააგრძელებს ამ პროცესზე ზედამხედველობასა და შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად სათანადო უწყებებთან თანამშრომლობას.
ინსტრუქცია