[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს

მედია საშუალებებისა და საზოგადოების წევრების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში შსს-ს მიერ თბილისში განხორციელებული ე.წ რეიდების შესახებ. საპატრულო პოლიციის მიერ ორგანიზებული „რეიდის“ შესახებ ვიდეო მასალა გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელიც ასახავს ღამის საათებში, ქალაქის ცენტრში, პოლიციელთა მხრიდან საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას,სავარაუდოდსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მძღოლების შემოწმების მიზნით[1]. ამასთან,გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა ფორმის შეზღუდვები შეეხოთ არა მხოლოდ მოქალაქეებს საავტომობილო გზებზე გადაადგილებისას, არამედ ქუჩებში ფეხით მოძრაობისას ან საჯარო სივრცეში ყოფნის შემთხვევებში. საყურადღებოა, რომ მედია საშუალება „ტაბულამ“ გაავრცელა ინფორმაცია პოლიციელების მიერ მათი ჟურნალისტის ჩხრეკისა და „რეიდის“ ამსახველი ვიდეომასალის განადგურების შესახებ.[2] ამფაქტზე შსს-ს საპასუხო პოზიციის თანახმად მოკვლევამ პოლიციის მხრიდან კანონდარღვევა ვერ დაადგინა.[3]თუმცა, მოკვლევის მასალები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.

საზოგადოებაში არსებული განსაკუთრებული ინტერესისა და ამ მოვლენებით გამოწვეული დისკომფორტისა, თუ გაუგებრობის მიუხედავად, შსს-საღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. გამომდინარე აქედან, უცნობი რჩება ოფიციალური პასუხი, თუ რა ტიპის საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში.

საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა და კერძოდ,„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვის რამდენიმე მექანიზმს, მათ შორის, პოლიციის მხრიდან საგზაო მოძრაობის შეზღუდვას ან აკრძალვას გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის,ჯანმრთელობის და ქონების დაცვის, ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.[4]„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესი“ კი განსაზღვრავს პატრულ-პოლიციელის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების რამდენიმე შემთხვევას, მათ შორის, როდესაც:

„მოპარული ან გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნის, აგრეთვე სხვა სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს მძღოლის დოკუმენტებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების საფუძველი;

ამავე წესის მიხედვით,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების დროს ხორციელდება იმ სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, რომლებსაც ძებნაში მყოფის მსგავსი ნიშნები გააჩნიათ.[5]

აღსანიშნავია პოლიციის კიდევ ერთი უფლებამოსილება, რაც მას კანონმდებლობით 2010 წელს მიენიჭა დარომლის მიხედვითაც პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვიმის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. შეჩერების დრო არის გონივრული, რაც გულისხმობს ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელ გონივრულ დროს. მიუხედავად აღნიშნული უფლებაშემზღუდველი ნორმის ბუნდოვანებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი არაკონსტიტუციურობა არ დაადგინა. შესაბამისად, მოქალაქის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლებამოსილება პოლიციას შეუნარჩუნდა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შსს-ს მხრიდან ოფიციალური განმარტების არაარსებობის პირობებში, დაზუსტებით არ შეგვიძლია ვისაუბროთ ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან ზემოთხსენებული უფლებამოსილებების(ვგულისხმობთ შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების და საგზაო მოძრაობის შეზღუდვის ღონისძიებებს)გამოყენებას. თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია და ფაქტები სწორედ ამგვარ საპოლიციო ღონისძიებებზე მიუთითებს.

ამასთან მიმართებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული მეთოდის ხასიათი, მისი მასშტაბურობა და განგრძობადობა შსს-ს მიმართწარმოშობს ვალდებულებას, რომ მან საზოგადოებას დროულად განუმარტოს აღნიშნული ღონისძიებების შინაარსი და დანიშნულება, ასევე ის ლეგიტიმური მიზანი რის მიღწევასაც მსგავსი მეთოდები ემსახურებოდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „პოლიციელი ვალდებულია ამტკიცოს, რომ შეჩერების გადაწყვეტილება ემყარებოდა ობიექტურ გარემოებებს,რომლებიც შეჩერებულ პირსა და სავარაუდო დანაშაულს შორის გონივრულ კავშირზე მიუთითებდა“.ამას გარდა, სასამართლო ნათლად აცხადებს, რომ „ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში ავტონომიურ, დამოუკიდებლ შემოწმებას ექვემდებარება. ისევე როგორც კონსტიტუციის სხვა მუხლებთან შემოწმებისას,ასეთ შემთხვევაშიც, სახელმწიფო ვალდებულია ამტკიცოს, რომ უფლებაში ჩარევა აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს და წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად შემზღუდავ საშუალებას.“[6]

ნათელია,რომ არსებულ ვითარებაში შსს-ს ევალება ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოყენებული განსაკუთრებული ხასიათის უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები ემყარებოდა ობიექტურ გარემოებებს (აღნიშნულიგარემოებების მითითებით) და რომ ეს მეთოდები იყო დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება. შსს-ს მხრიდან ამგვარი განმარტებების დროულად გაკეთება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი მხრიდან ღონისძიებების განგრძობადობის პირობებში. ამასთან, ჩნდება კითხვები განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებთან მიმართებით. შესაბამისად, გარდა მათი გამოყენების საფუძვლებისა, მნიშვნელოვანია სამინისტრომ განმარტოს უშუალოდ რა ტიპის საპოლიციო მოქმედებებსა თუ ღონისძიებებას ჰქონდა ადგილი,  ცალკეულ შემთხვვებში მოიცავდა თუ არა ის მოქალაქის ან მისი ავტომობილის ჩხრეკას და ჰქონდა თუ არა ადგილი მოქალაქეთა თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს.

გამომდინარე აქედან,EMC მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად წარუდგინოს საზოგადოებას ოფიციალური განმარტება განცხადებაში ნახსენებ ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე საჯარო გახადოს მოკვლევის მასალები, რომლითაც არ დადგინდა პოლიციელის მხრიდან კანონდარღვევა „ტაბულას“ ჟურნალისტის მიმართ.

ასევე, მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბოლო პერიოდში, პოლიციის მიერ საპატრულო საქმიანობის წესთან და განცხადებაში მოხსენიებულ მეთოდებთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში,პროაქტიულად გაასაჯაროვოს ცვლილებების ამსახველი დოკუმენტი.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[4]„პოლიციისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი

[5]„საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელებისწესი“, მუხლი 22

[6]საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაhttp://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=22&id=790&action=show

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“