საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC ეხმიანება პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის საკითხს და სურს საზოგადოებას, პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გაუზიაროს ის კრიტიკა და წუხილები, რომელიც ბოლო პერიოდში უწყების არადემოკრატიულ და უფლებების საწინააღმდეგო მუშაობის პრაქტიკებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებითად ვერ უზრუნველყოფს საპოლიციო და საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას და ბოლო წლებში კვლავ ჩანს უწყების პოლიტიზირების მზარდი ტენდენცია, რაც ყველაზე აშკარად ოპოზიციური პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების შეკრების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების გამოძიების პროცესში გამოვლინდა. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ბატონი ვ. გომელაურის მმართველობის პირობებში უწყება ჩაიკეტა სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის და სამწუხაროდ, შეჩერდა წარსულში დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმის პროცესები.
თვალშისაცემია, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში საპოლიციო ძალაუფლება ხელისუფლების ხელში რჩება იმ ძირითადად ინსტრუმენტად, რომელსაც ის შექმნილი კონფლიქტებისა და უკმაყოფილებების მართვისა და შეკავების მიზნით იყენებს. ამ ვითარებაში ცხადია, რომ ხელისუფლება პოლიციის სისტემას პოლიტიკური ინტრუმენტალიზების და საზოგადოებრივი ნდობის დასუსტების რისკების წინაშე იყენებს და სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა ჩვენი პოლიტიკური სისტემის ტრადიციული მახასიათებელი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტის, საპოლიციო/საგამოძიებო დანაყოფებზე ჭარბი პოლიტიკური გავლენების, უწყების მართვის პროცესში პოლიტიკური ფაქტორების და ინტერესების ინსტიტუციური გამორიცხვის და სამინისტროს გაუმჭვირვალობის საკითხები. ბოლო თვეებში დაფიქსირდა უწყების მენეჯმენტის შიგნით სავარაუდო პოლიტიკური მოტივებით საკადრო ცვლილებები ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რაც აშკარად აჩვენებს, რომ საპოლიციო სისტემა პროფესიულზე მეტად, პოლიტიკური ინტერესებით და ლოგიკით იმართება.
ბოლო პერიოდში დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არა ერთი შემთხვევაც (აქტივისტების და პოლიტიკოსების დაკავება მშვიდობიან შეკრებებზე, ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენება), რომელიც სისტემის შიგნით პოლიციელების კვალიფიკაციაზე, სენსიტიურობაზე და პასუხისმგებლობის საკითხებზე დამატებითი ძალისხმევის გატარების საჭიროებას ქმნის, თუმცა ამ ცვლილებების შესახებ განმარტებები და გეგმები შს მინისტრის მხრიდან არ მიგვიღია.
ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა, რომელიც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და საჭირო რეფორმების გასატარებლად. კერძოდ, სისტემის დეპოლიტიზირების, ანგარიშვალდებულების გაზრდის, საგამოძიებო და საპოლიციო დანაყოფების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საგამოძიებო სისტემის რეფორმის მიმართულებით.
პრობლემურია ისიც, რომ წინა წლებში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, უწყება კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტიან პრევენციას, აგრეთვე ქალი და ბავშვი მსხვერპლების უფლებების სათანადოდ დაცვას, ოჯახში ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან პრევენციასა და ასეთი ტიპის დანაშაულების სწრაფ გამოძიებას (ლუკა სირაძის საქმე, ქობულეთში 14 წლის მოზარდი გოგონას საქმე).
ამ კუთხით, ზოგად გაუმჯობესებას საჭიროებს დანაშაულის პრევენციის სტრატეგია, რაზეც ასევე არ დგამს უწყება ქმედით ნაბიჯებს. საზოგადოებას აგრეთვე არ აქვს ინფორმაცია, რა ზომებს ატარებს უწყება გახმაურებული საქმეების გამოძიების მიზნით.
შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით პრობლემურია საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის მზარდი ტენდენცია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კრიზისულ პოლიტიკურ ვითარებაში მაღალ დონეზე იყოს დაცული მშვიდობიანი პოლიტიკური გამოხატვის ფორმები და სამართალდამცავი უწყება უსაფუძვლოდ განუხრელად იცავდეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ მაღალ სტანდარტებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითი გვგონია პარლამენტში დაგეგმილი მოსმენის ფორმატში მინისტრმა უპასუხოდ საზოგადოებაში დაგროვებულ სისტემურ კრიტიკას შსს მიმართ და პოლიტიკურ აქტორებსა და საზოგადოებას გაუზიაროს კონკრეტული და გაზომვადი ხედვები უწყების შიგნით დაგეგმილი სისტემური ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ. ამ პროცესში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია შსს არსებულმა მენეჯმენტმა გაზარდოს საკუთარი მუშაობის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი და სამოქალაქო ორგანიზაციებთან სამუშაო და საკომუნიკაციო ფორმატები აღადგინოს.
ინსტრუქცია