[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

EMC საპროკურორო საბჭოს ფორმირების პროცესს ეხმიანება

18 ოქტომბერს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია ექვს ახალ პროკურორ წევრს აირჩევს საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში. საპროკურორო საბჭო პროკურატურის სისტემაში კონსტიტუციური რანგის კოლეგიურ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის და საქმიანობის ეფექტიანობაზე.

აღნიშნული პროცესის გამჭვირვალედ და კანონით განსაზღვრული პროცედურებით განხორციელებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საპროკურორო საბჭოში პროკურორი წევრების კანდიდატთა წარდგენა ობიექტურობის და პროფესიული გამოცდილების კრიტერიუმებს დაეყრდნოს. მნიშვნელოვანია, საბჭოს შემადგენლობაში მყოფ ყველა წევრს და განსაკუთრებით პროკურორ წევრებს, ჰქონდეთ დამოუკიდებელი საქმიანობის მაღალი გარანტიები და იყვნენ დაცული არაკანონიერი გავლენებისგან.

პროკურატურის სისტემის მიმართ, საზოგადოებაში არსებული კრიტიკული დამოკიდებულების გამოძახილი იყო, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები. რეფორმის მიზანი პროკურატურის დეპოლიტიზირებულ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ და ღია სისტემად გარდაქმნა იყო, ამ პროცესში კი საპროკურორო საბჭოს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონოდა.

სამწუხაროდ, კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის დროს, პარლამენტის მიერ სრულად არ იქნა გაზიარებული ის შეთავაზებები, რაც დაინტერესებულ ჯგუფებს საპროკურორო საბჭოს ფორმირების და მისი საქმიანობის თვალსაზრისით ჰქონდათ. პარლამენტმა მათ შორის არ გაითვალისწინა კონკრეტული წინადადებები, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის და მისი საქმიანობის გაფართოების შესახებ. მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, რთულია საპროკურორო საბჭო იყოს ქმედითი ორგანო, უზრუნველყოს უწყების დამოუკიდებლობა და ეფექტიანი საქმიანობა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა განაახლონ მსჯელობა ამ სისტემის რეფორმის მიმართ და შექმნან გარანტიები, რათა საპროკურორო საბჭომ რეალურად შეძლოს მისთვის კონსტიტუციურად განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულება სისტემაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“