საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
22 ოქტომბერს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” მაია ლაპიაშვილის სახელით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა. სარჩელი დედოფლისწყაროში მოქმედი, წმ მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან მოსარჩელის დისკრიმინაციული მოტივით, უკანონო გათავისუფლის საკითხს შეეხება. დირექტორის თქმით, იგი თანამდებობიდან, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)" მიერ ორგანიზებულ ტრეინინგზე დასწრების გამო გაათავისუფლეს.
მოპასუხე სკოლა-ინტერნატი საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული და წესდების შესაბამისად, მის ძირითად მიზანს ქრისტიანული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
მაია ლაპიაშვილი 2014 წლის 15 მაისიდან, განუსაზღვრელი ვადით იკავებდა, სკოლა-ინტერნატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას სასწავლო დარგში და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს. სკოლა-ინტერნატის ადმინისტრაციასა და მას შორის დავა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო, როცა სკოლის დირექტორმა, მეუფე დიმიტრიმ (რ. კაპანაძე) მოსარჩელეს პირადი განცხადების საფუძველზე დაწესებულებიდან წასვლა სთხოვა, მის მიმართ ნდობის ამოწურვის მოტივით. მოსარჩელისა და სხვა მოწმეების ახსნა-განმარტებით, მეუფე დიმიტრი აღნიშნავდა, რომ ლაპიაშვილის მიმართ უნდობლობა გამოიწვია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე - “ტოლერანტობის კულტურა სკოლაში” მოსარჩელის დასწრების ფაქტმა. მოსარჩელისა და სხვა მოწმეების განმარტებით, მეუფემ მას აუხსნა, რომ ტრენინგს ესწრებოდნენ ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რის გამოც მ. ლაპიაშვილი მითითებულ ტრენინგს არ უნდა დასწრებოდა, მეუფის კურთხევის გარეშე. მოსარჩელის განცხადებით, მეუფემ ბექა მინდიაშვილსა და რუსუდან გოცირიძეს „საპატრიარქოს მტრები“ უწოდა.
მაია ლაპიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე არ შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, რის შემდეგაც, 2015 წლის 8 სექტემბერს, სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სკოლაში გააუქმდა სასწავლო დარგში აღმასრულებელი დირექტორის საშტატო ერთეული. აღნიშნულის საფუძველზე, მაია ლაპიაშვილი ყოველგვარი დამატებითი დასაბუთებისა და კომპენსაციის გარეშე, გაათავისუფლეს მის მიერ დაკავებული პოზიციიდან.
საქმის მასალების ანალიზი აჩვენებს, რომ სასწავლო დარგში აღმასრულებელი დირექტორის საშტატო ერთეულის გაუქმება არ ემსახურებოდა სკოლისთვის აუცილებელ ორგანიზაციულ ცვლილებას და წარმოადგენდა სკოლის ადმინისტრაციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მაია ლაპიაშვილის გათავისუფლებისთვის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად.
სარჩელში, EMC ამტკიცებს, რომ მაია ლაპიაშვილის გათავისუფლება “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე დასწრების გამო, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, თანასწორობის პრინციპის დარღვევას და პირის დისკრიმინაციას “სხვა შეხედულების” გამო.
სასამართლოში შეტანილი სარჩელის მოთხოვნა არის საშტატო ერთეულის გაუქმებისა და შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა. ასევე, მაია ლაპიაშვილის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების შედეგის აღმოფხვრა და მისი თანამდებობაზე აღდგენა.
ინსტრუქცია