[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

EMC საქართველოს აზერბაიჯანელებს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს

ილუსტრაციის ავტორი: Misha Zadeh
EMC საქართველოს აზერბაიჯანელებს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს და მათ უფრო სამართლიან და სოლიდარულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.
ნოვრუზი ტრადიციული დღესასწაულია და სხვადასხვა ხალხების რწმენით ძველი წლის დასრულებასა და ახლის დადგომას აღნიშვნას. ნოვრუზი განახლების დღესასწაულია და მის აღნიშვნამდე ტრადიციულად ბუნების გამოღვიძების აღსანიშნად ზამთრის ოთხი სტიქიის (ჩერშენბე) დღესასწაულს აღნიშნავენ. ნოვრუზს არა ერთი ტრადიცია და რიტუალი უკავშირდება. ზამთრის ბოლო დღეს ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან სახლში და სპეციალურ საკვებს ამზადებენ. ამ დროს მაგიდაზე ასევე განათავსებენ ხოლმე სარკეს, ჯეჯილს, სანთელსა და შეღებილ კვერცხს. ყველა ამ საგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს და განახლებისა და ბოროტი ძალებისგან ადამიანის დაცვას ისახავს ნიშნად. ამ დღეს სახლის ჭიშკარი იღება, რაც სტუმრებისთვის მოპატიჟების ნიშანია. სტუმრიანობა 3 დღეს გრძელდება ხოლმე.
საქართველოს აზერბაიჯანელი თემი მიმდინარე წელს, წინა წლების მსგავსად ნოვრუზის დღესასწაულად ცნობას და მის უქმედ გამოცხადებას მოითხოვდა, თუმცა ამ მოთხოვნას სახელმწიფოს მხრიდან რაიმე მსვლელობა არ მისცემია. პანდემიის პირობებში საქართველოს აზერბაიჯანელებმა ნოვრუზის დღეს კომენდანტის საათის გახანგრძლივებაც მოითხოვეს, თუმცა თემის კოლექტიური თხოვნა საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრობლემური და დისკრიმინაციული ჩანს იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ არა ერთი შეღავათი დაუშვა სხვა დღესასწაულებისა, თუ სხვა სახის საჯარო თავყრილობის დროს (მაგალითად ფეხბურთის მატჩი).

სახელმწიფოს ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. საჯარო სივრცეში და კულტურის პოლიტიკაში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების კულტურა ნაკლებად არის წარმოდგენილი. პოლიტიკურ ენაში კვლავ ჩანს "ჩვენ და ისინი" დაყოფა და უმცირესობების არასათანადო რეპრეზენტაცია, აღიარება და პატივისცემა. მოქმედი კალენდარიც, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების გამაერთიანებელი დოკუმენტი, არაინკლუზიურია და უმცირესობები მათთვის მნიშვნელოვან კულტურულ თარიღებს მასში ვერ აღმოაჩენენ. კიდევ უფრო სუსტია სახელმწიფოს მცდელობა შექმნას მულტიკულტურული და სოლიდარული გარემო და განავითაროს სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგის, გაზიარებისა და თანამშრომლობის პრაქტიკები. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც ჩვენი სახელმწიფო რთულად ახერხებს უფრო პროგრესულ და გამაერთიანებელ პოლიტიკურ იდეებზე და წარმოსახვაზე დაფუძნებული ერთობის შექმნას, სადაც სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკური ჯგუფები თანასწორ მოქალაქეებად არიან დანახულები და წარმოდგენილები.

ცხადია, რომ აღიარების პოლიტიკის მიღმა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხია უმცირესობების ჯგუფებისთვის რეალურად თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა. ჩვენს ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის, განათლებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნის მიმართულებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ფორმალური პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნის მიღმა, რეალურ ცვლილებებზე მიმართულ ქმედით პოლიტიკას არ ატარებს და მისი ძალისხმევა სუსტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ჩანს თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემების დემოკრატიული ორგანიზება და მოქალაქეობის საერთო იდეაში ჩაწერისა და ამ პერსპექტივით მათთვის უფრო სამართლიანი გარემოს შექმნის მცდელობები. ღირებულია, რომ ეს მოძრაობები სოლიდარულია და ხშირად ეხმიანება საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს და საჯარო ინტერესებს მიკუთვნებულ საკითხებს.
EMC კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს მოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაულს და სოლიდარობას უცხადებს მათ მცდელობას ააშენონ და წვლილი შეიტანონ უფრო სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“