ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის მცხოვრები ნუგზარ ქავთარაშვილის სისხლის სამართლის საქმეს აფასებს და აღნიშნულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტადარტების დარღვევაზე უთითებს.
ნუგზარ ქავთარაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 24 აპრილს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამ ეტაპზე საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება. EMC ნ. ქავთარაშვილის ინტერესებს სწორედ სააპელაციო სასამართლოში იცავს. ბრალდებასა და განაჩენში წარმოდგენილ შეფასებებს ნუგზარ ქავთარაშვილი არ იზიარებს და მისთვის დანაშაულის საგნის ,,ჩადებაზე“ საუბრობს[1], რასაც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად დაინტერესებას უკავშირებს[2].
EMC-ს შეფასებით, ნ. ქავთარაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ისევე როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი აშკარად დაუსაბუთებელი, უკანონოა და არღვევს პირადი ცხოვრებისა და სამართლიან სასამართლოზე უფლების სტანდარტებს. განაჩენი არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ,
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არსებითად ემყარება პოლიციის ოთხი თანამშრომლის ჩვენებას, რომლებმაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს ნუგზარ ქავთარაშვილის პირადი ჩხრეკის, ამოღებისა და დაკავების საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში არ არსებობს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი და დანაშაულის საგნის ამოღების დამადასტურებელი ფოტო/ვიდეო მასალა, სხვა მოწმეთა ჩვენებები, დაქტილოსკოპიური ან ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის საგნის ფლობის ფაქტს;
- განსახილველ საქმეში ბრალდების მხარეს არ დაუდგენია ვისგან და როდის შეიძინა ქავთარაშვილმა დანაშულის საგანი, რა მიზნით ატარებდა მას. ასევე გამოძიებას არ მოუხდენია ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ან ფარული მოქმედებების განხორციელება, რაც მის მიერ დანაშაულის საგნის გასაღების მცდელობის დაადასტურებდა;
- პრობლემურია ნ. ქავთარაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღების ფორმა და მისი კანონიერების საკითხი. პოლიციის თანამშრომლებმა ინფორმაცია დანაშაულის იარაღის შეძენის შესახებ კონფიდენტისგან მიიღეს, რომელის ვინაობის გამხელა და სასამართლოს წინაშე მოწმედ დაკითხვა ,,ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ“ კანონის ნორმების საფუძველზე შეუძლებელია. შესაბამისად, დაცვის მხარეს და ასევე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი და სისწორე, რაც ბრალდებულ პირს დაცის შესაძლებლობა ართმევს და უთანასწორო მდგომარეობაში აგდებს ბრალდების მხარესთან მიმართებით;[3]
- საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს იწვევს პოლიციის თანამშრომელის ჩვენებებში და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ პროცესუალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული ცალკეული დეტალები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმით წარმოაჩენს მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებებს. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ პოლიციის ოთხი თანამშრომელს მანამდე ეცნობათ ნ. ქავთარაშვილის ადგილსამყოფელი, სანამ დასრულდებოდა ბათუმში მყოფი პოლიციის თანამშრომლის გამოკითხვა, რომელიც ზემდგომებს ქავთარაშვილის დანაშაულებრივი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ აწვდიდა ინფორმაცია;
- განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ დარღვეულია ტერიტორიულ-საგამოძიებო ქვემდებარეობის პრინციპი, კერძოდ, ,,სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N 34 ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით საქმეზე გამოძიება დაიწყო აჭარის პოლიციის სამმართველომ, ნაცვლად თბილისის პოლიციისა, რაც ნ. ქავთარაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების არაუფლებამოსილი პირი მიერ განხორციელბაზე მიუთითებს, რაც მათ და მათზე დამყარებული განაჩენის უკანონობაზე მიუთითებს. ამავდროულად აჭარის პოლიციის სამმართველოს უკანონო მონაწილეობა ამ საქმეში სწორედ პირადი ინტერესის თაობაზე ბრალდებულის ვერსიას აძლიერებს;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ნუგზარ ქავთარაშვილის მიმართ დადგენილი განაჩენით დარღვეულია მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და სისხლისსამართლებრივი პრინციპები. დასახელებულ განაჩენში სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარადგინა ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რის გამოც იგი დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. აღნიშნული განმარტებით სასამართლო ერთი მხრივ არღვევს ბრალდების მტკიცების ტვირთის ბრალმდებელზე ყოფნის და მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპს.
ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა და ის მთლიანობაში წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლო უფლებასა და ჩხრეკასთან დაკავშირებულ უფლებრივ სტანდარტებთან. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ გამოძიებაში ჩანს ის ტიპიური ხარვეზები, რომელიც ე.წ. „ჩადების“ სისხლის სამართლის საქმეებში ფიქსირდება და საგამოძიებო ორგანოების მიერ ამგვარი მიდგომების გაგრძელება განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
EMC საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მათ შორის საქმეზე ახალი მტკიცებულებების წარდგენის გზით, იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გაიზიარების დაცვის მხარის შეფასებებს და გამამართლებელ განაჩენს დაადგენს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მისი შინაარსის შესახებ EMC საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას.