[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC რიკოთის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების შრომითი უფლებების დარღვევას ეხმიანება

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა 16 აგვისტოს გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის მატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვას ითხოვენ. დაბალ ანაზღაურებასთან ერთად, მუშებს თავადვე უწევთ მგზავრობისა და კვების ხარჯების დაფარვა.

მუშები ხელფასის მატებას ივნისშიც ითხოვდნენ,[1] თუმცა, ხელფასის მომატების ნაცვლად, მათ სამუშაო საათები გაუზარდეს და 8 საათის მაგივრად ახლა მუშები 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, რა შემთხვევაშიც 22 ლარის ნაცვლად, ანაზღაურება 35 ლარამდეა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, მუშებს დღეში 12 საათი, კვირაში 7 დღე, დასვენების გარეშე უწევთ მუშაობა, რაც მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

მუშები რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე არიან დასაქმებულები. სამუშაოებს შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე აწარმოებს. საქართველოში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხშირად აქვს ადგილი შრომითი უფლებების უგულებელყოფას, რაც სახელმწიფოს ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, განსაკუთრებით კი კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და მისი შესრულების მონიტორინგის პროცესში.

დასაქმებულები პროფკავშირის წევრები არიან. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ჩარევის შემდეგ, მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მიმართეს დავაში მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით. მიმართვიდან 21 დღის გასვლისთანავე დასაქმებულებს უკვე შრომის კოდექსით მიენიჭებათ გაფიცვის უფლება.

თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელფასის მატების გარდა, რაც კოლექტიური დავის საგანს წარმოადგენს, მუშები ითხოვენ იმ საბაზისო პირობების გამოსწორებას, რაც დასაქმებულის უფლებას წარმოადგენს და შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში - 48 საათს.[2] ამასთან, დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო მხოლოდ სტიქიური უბედურების ან საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად, ყველა სხვა შემთხვევაში ზეგანაკვეთური სამუშაო შეთანხმების საგანს წარმოადგენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის[3] და ის გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს.[4]

დატვირთული სამუშაოს გარდა, მუშები საუბრობენ მძიმე სამუშაო პირობებზე. სამუშაო ადგილზე არ არის წყალი, სასადილო. მუშები ვერ სარგებლობენ საშხაპით, ჭამა კი ქუჩაში, არაჰიგიენურ პირობებში უწევთ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ასევე წარმოადგენს ენის ბარიერი, რის გამოც მუშებსა და ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაცია ვერ მყარდება და ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაციები.

სამუშაო ადგილზე არ არის დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები, მუშებს არ აქვთ შესაბამისი სპეცტანსაცმელი. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის თანახმად, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო უშუალოდ გვირაბის გაყვანის სამუშაოების დაწყების შემდეგ შრომის უსაფრთხოების საკითხები, სავარაუდოდ, უფრო დამძიმდება.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს (შემდგომში შრომის ინსპექცია), რომელიც სრულად მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების ზედამხედველობის ფუნქცია აკისრია და მისი მანდატი არ ვრცელდება შრომითი უფლებების აღსრულების ზედამხედველობაზე. შედეგად, დასაქმებულებს საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად მედიაციისა და გაფიცვის მექანიზმების გამოყენება უწევთ, ნაცვლად იმისა, რომ შრომით უფლებებზე ზედამხედველობას სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, შრომის ინსპექცია ახორციელებდეს. შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და ხშირ შემთხვევაში საწარმოო შემთხვევები სწორედ ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა თუ სხვა მსგავსი გარემოებებითაა გამოწვეული. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდეს და მან შრომითი უფლებებიც მოიცვას.[5]

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობის ქვეშ ექცევა. დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს საგზაო სამუშაოების მართვა და მათი განხორციელების მონიტორინგი, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მშენებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.[6] მნიშვნელოვანია, დეპარტამენტი ასევე ამოწმებდეს იმას, მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს შრომის კოდექსის დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციას“:

  • ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში და უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების დაცვა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ზესტაფონში „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ მიერ წარმოებულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • მოიკვლიოს ადგილზე დასაქმებულთა შრომის პირობები და დამსაქმებლის მხრიდან შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესრულება;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს:

  • განახორციელოს რიკოთის საუღელტეხილო გზის სამუშაოების მონიტორინგი და მისი შედეგები გააცნოს საზოგადოებას;

საქართველოს მთავრობას:

  • დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რათა შრომით ინსპექციას მიენიჭოს ყველა სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირებისა და დარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამისი სანქციების გატარების უფლებამოსილება.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://netgazeti.ge/news/371503/

[2] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 14(1).

[3] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 17(1).

[4] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 17(4).

[5] იხ. EMC-ს განცხადება: https://emc.org.ge/ka/products/ras-vitkhovt-rodesats-vsaubrobt-shromis-usafrtkhoebaze

[6] საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება, მუხლი 3(2)(კ.ბ) და მუხლი 12(2)(ზ).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“