საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის უფლებებს დაიცავს. საქმე ეხება, 2017 წლის 15 მაისს, ქალაქ სიღნაღში, პოლიციის მიერ ვლადიმერ მჭედლიშვილის ადმინისტრაციულ დაკავებასა და პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს.[1] საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. EMC წარდგენილ საჩივარში დაობს სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებაზე და ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევაზე.
ვლადიმერ მჭედლიშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლუდის დალევის გამო ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, რის შემდეგაც, იგი პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევისათვის და გადაიყვანა ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში. ვლადიმერ მჭედლიშვილის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში იგი გახდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, რის შედეგადაც მან მიიღო ნეკნების მოტეხილობა და მრავლობითი დაზიანებები სახისა და ფერდის არეში.
საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებები, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერები, მიუთითებს ვლადიმერ მჭედლიშვილის მიერ დაზიანებების მიღებაზე, პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ ყოფნისას. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები. ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით.[2] ამის მიუხედავად, გამოძიება ამ დრომდე არაეფექტურად მიმდინარეობს. პოლიციელს, რომელმაც, ვლადიმერ მჭედლიშვილის მითითებით მას ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა, ბრალი არ წაყენებია და იგი დღემდე აგრძელებს მუშაობას პოლიციის სისტემაში.
გარდა ამისა, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. გამოძიების საწყის ეტაპზე, ვლადიმერ მჭედლიშვილს თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის საფუძველზეც მას მოგვიანებით მიენიჭა სტატუსი. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მტკიცებულებები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაშინ, როდესაც არსებობს სპეციალური ნორმა დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით, რომელიც უფრო მკაცრ სანქციას ითვალისწინებს.
წარდგენილ საჩივარში EMC ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან ითხოვს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და მიმდინარე გამოძიების შეფასებას კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებთან მიმართებით. განმცხადებელი მე-3 მუხლის არსებითი მოთხოვნის ფარგლებში დაობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ და დამაცირებელ მოპყრობაზე. წარდგენილი საჩივარი მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევის ნაწილში დეტალურად განიხილავს გამოძიების მიმდინარეობის ხარვეზებს, და მისი არაეფექტურობის სამტკიცებლად საკმარის საფუძელს ქმნის. გამოძიების არაეფექტურობა, სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლების ნაწილში, წინააღმდეგობაშია ასევე კონვენციის მე-13 მუხლთან.
მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა 6 თვით გადაავადა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ამოქმედება, რაც დამატებით მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო არასათანდო მოპყრობის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირების და დამოუკიდებელი გამოძიების საკითხი კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება.
[1] დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. https://reginfo.ge/human-rights/item/566-signagis-poliziashi-37-xlis-mamakazs-neknebi-chaumtvries
[2] Selmouni v. France, No. 25803/94, 28.7.99, para. 87
ინსტრუქცია