საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის. გასაჩივრებულია ასევე მითითებული სამართალდარღვევების განხილვის წესი და მათი დარღვევისათვის პირის შესაბამის სივრცეში მოთავსების უფლებამოსილება სასამართლო კონტროლის გარეშე. მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე რუსუდან გოცირიძეა, რომელიც სადაო ნორმის საფუძველზე 2000 ლარით დაჯარიმდა ღამის საათებში გადაადგილების გამო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მის სახელზე გაცემულ საშვში მითითებული არ იყო გადაადგილების ტერიტორია.
სადავო ნორმები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან/და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას „იზოლაციისა და კარანტინის“ ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, თუმცა ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად რა რეგულაციებს მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესი ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი იზოლაციისა და კარანტინის წესის დადგენის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კი თავისთავად უკავშირდება წინასწარ განუსაზღვრელ, არაორდინალურ გარემოებებს. შესაბამისად, ორივე შემთხვეში, კანონმდებელი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ბუნდოვან საფუძველს, მისი შინაარსისა და ფარგლების დაზუსტების გარეშე. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით[1] აღიარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ქმედების დასჯადად გამოცხადება ექსკლუზიურად კანონმდებლის კომპეტენციაა.
გარდა ამისა, სადაო ნორმების საფუძველზე, პირს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი. სადაო ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის ნებისმიერი დარღვევისათვის, იმ პირობებში, როდესაც განუსაზღვრელია შეზღუდვების შინაარსი. შესაბამისად, ქმედების დასჯადად გამოცხადება ხდება მისი საშიშროების ხარისხის გაუთვალისწინებლად. სადაო ნორმების საფუძველზე, პირს შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ისეთი უმნიშვნელო დარღვევისათვისაც კი, რომელიც არ შეიცავს სხვისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. შესაბამისად, პირის დასჯა ემსახურება ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც მის ინსტრუმენტალიზებას იწვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობისა და არაჰუმანური სასჯელის აკრძალვის პრინციპებს.[2]
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ანიჭებს პირის შესაბამის სივრცეში გადაყვანის უფლებამოსილებას. სადაო ნორმა ერთის მხრივ ქმნის ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ბუნდოვან და განუსაზღვრელ საფუძველს, მეორეს მხრივ კი, პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებას.[3]
გარდა ამისა, გასაჩვრებულია ნორმები, რომელიც პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილებას ანიჭებს შინაგან საქმეთა ორგანოებს და არა სასამართლოს. იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა თავისი ბუნებითა და შინაარსით სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა, რადგან, ითვალისწინებს რეპრესიულ სანქციებს, ქმედების განმეორებით ჩადენისათვის კი ქმნის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკსირების საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე,[4] პირს პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და კონსტიტუციურად მიიჩნია პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უფლებების შეზღუდვის ფართო უფლებამოსილების გადანდობა. EMC-იმ კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება,[5] თუმცა, იმედს გამოთქვამს, რომ წინამდებარე სარჩელთან მიმართებით, სასამართლო მხედველობაში მიიღებს პირის თავისუფლების შეზღუდვის განსაკუთრებულ ინტენსიურობას, სანქციების რეპრესიულობას და განახორციელებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სათანადო კონსტიტუციურ კონტროლს.
[1] საქართველოს კონსტიტუციის 31-წ მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება
[2] საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები
[3] საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები
[4] საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი
[5]https://emc.org.ge/ka/products/pandemia-da-shesustebuli-konstitutsiuri-kontroli-sakonstitutsio-sasamartlos-gadatsqvetilebis-kritikuli-shefaseba
ინსტრუქცია