[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

EMC ნამახვანიჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების თაობაზე "ენკას" განცხადებას პასუხობს

გვსურს გამოვეხმაუროთ შპს "ენკა რინიუებლზის" განცხადებას, რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების თაობაზე. ეს განცხადება კომპანიამ EMC-ის იმ განცხადების საპასუხოდ გამოაქვეყნა, სადაც ჩვენ რიონის ხეობაში წარმოებული მოსამზადებელი სამუშაოების უკანონობაზე და მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობაზე მივუთითებდით.

EMC ქვემო ნამახვანის მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების უკანონო ხასიათის დასაბუთებისას ეყრდნობა ქვემო ნამახვანზე გაცემულ სამშენებლო ნებართვას და ნებართვის პირობებში 2020 წლის სექტემბერში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც კომპანიას აღარ აქვს მოსამზადებელი ტიპის და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლებამოსილება.

საპასუხო განცხადებაში კომპანია ადასტურებს, რომ რიონის ხეობაში მის მიერ ხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები თუმცა, საკუთარი ქმედებების კანონიერების დასაბუთებისთვის ის უთითებს და აქვეყნებს არა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვას და მის პირობებს, რაც ნებისმიერი მშენებლობის კანონიერების ფარგლების განსაზღვრისთვის ერთადერთი დოკუმენტია, არამედ ის ეყრდნობა სააგენტოსთან ოფიციალურ წერილობით მიმოწერას რაც არ წარმოდგენს სანებართვო დოკუმენტს.

კერძოდ, შპს "ენკა რინიუებლზი" საკუთარ განცხადებაში საუბრობს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 10 ნოემბრის კორესპონდენციაზე, რომლის თანახმადაც სააგენტომ 2020 წლის 13 ოქტომბერს განხორციელებული ინსპექტირებით ადგილზე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების კანონიერება დაადგინა. თავის მხრივ, სააგენტოს ეს აქტი არ ცვლის სამშენებლო ნებართვის პირობებს და მიუთითებს მხოლოდ იმაზე რომ სააგენტო კომპანიის მიერ განხორციელებული მოსამზადებელი სამუშაოები არასწორად მიიჩნია კანონიერ სამუშაოებად და არ დაადგინა სანებართვო პირობების დარღვევა. მივიჩნევთ, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო 2020 წლის 13 ოქტომბერს განხორციელებული ინსპექტირებისას ვალდებული იყო კომპანიის სახელზე არსებული მშენებლობის ნებართვის მოქმედი რედაქციით (2020 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებით) ესარგებლა და ადგილზე ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოებიდან გამომდინარე კომპანიისათვის სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისრებინა.

გამომდინარე აქედან, სააგენტოს მიერ შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, EMC-იმ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა სააგენტოს და მოითხოვა კომპანიის მიერ რიონის ხეობაში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების კანონიერების შეფასება სამშენებლო ნებართვის დღეს მოქმედ პირობებთან მიმართებით, რომელიც მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლებას 2020 წლის სექტემბრის ცვლილების საფუძველზე აღარ ითვალისწინებს.

შესაბამისად, მივიჩნევთ რომ შპს "ენკა რინიუებლზი" 2020 წლის 21 სექტემბრიდან ქვემო ნამახვანის მშენებლობის მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების განხორციელებით ყოველდღიურად არღვევს სამშენებლო ნებართვის პირობებს. ეს კი სააგენტოს დაუყოვნებლივი რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს, რაც მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოების შეჩერებას და მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევის გამო კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს.

მშენებლობის ნებართვა შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში

მშენებლობის_ნებართვა_ქვემო_ნამახვანზე_1613039277.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“